"მოდელირებული" 2010! - კვირის პალიტრა

"მოდელირებული" 2010!

უკან მოხედვა არავის აწყენს, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა. თუმცა, ქართული პოლიტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს, გინდ უკან გაიხედე, გინდ წინ - ჩვენ ჩვენს წვენში ვიხარშებით, უბრალოდ, წლებშია განსხვავება. თუმცა გასულმა 2010-მა წელმა სიურპრიზები მაინც შემოგვთავაზა.

"ჩემი ხმა გიგის"

საქართველოში 2010 წელი  იმით დაიწყო, რომ მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სახელმწიფო სტრატეგია. ქაღალდზე მშვენივრადაა ყველაფერი ჩამოწერილი, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფ ვანიას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს სტრატეგიაც და მასთან დაკავშირებული ლაილაიც.

რეალურად ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც 2010 წლის დასაწყისში სულ სხვა“სტრატეგია და ტაქტიკა”"ადარდებდა" - პირველად საქართველოს ისტორიაში პირდაპირი წესით ტარდებოდა თბილისის მერის არჩევნები.

ოპოზიცია ჩვეულ წრეზე წავიდა - დაიწყო გაუთავებელი კონსულტაციები მერობის ერთიან კანდიდატზე შესაჯერებლად. სახელისუფლებო პროპაგანდამ კი გიგი უგულავაზე კლიპი გადაიღო "ჩემი ხმა გიგის", მაგრამ კლიპი ტელეეთერში არ აჩვენეს. ჯერ ერთი, კლიპი, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი დონის იყო. მეორეც, ოპოზიციამ ჩვეულ სტილში ჰარაკირი გაიკეთა და ყველა პარტიამ თუ ალიანსმა თავისი კანდიდატი დაასახელა.

საბოლოოდ,“"გასაკეთებელი კიდევ ბევრია"-მ აჯობა "გამარჯვება დღესვეეე"-ს, ირაკლი ალასანიას ცერა თითსა და “ქრისტიან-დემოკრატების”"დენი 5 თეთრი და გაზი 10 თეთრი".

იმიტირებული "ქრონიკა"

რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ხელისუფლებამ კვლავ გამოიყენა ტაქტიკა, ჩვენ ხომ ცუდები ვართ, მაგრამ ოპოზიცია უარესიაო. ასე იშვა "იმიტირებული ქრონიკა", რომელმაც მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.

ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ 2010 წლის 13 მარტს "ქრონიკამ" გვამცნო: "რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ოპოზიცია ოკუპანტების მხარეს გადავიდა, პრეზიდენტი ბუნკერშია და სააკაშვილის ლიკვიდაციაც მოხდა". "ქრონიკის" შემდეგ უკვე ყველას უკვირდა, ასე რამ შეგვაშინაო. მათ შორის იმ მაღალჩინოსნებსაც, იმიტირებული გადაცემის პირველი კადრებისთანავე წითელ ხიდზე რომ გაიქცნენ.

ისევ შეშფოთება

ზაფხულში კლინტონმა გაგვახალისა. ის საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვიდა და მოგვეფერა: შეშფოთებულ-აღშფოთებული ვარ რუსეთის ქმედებებითო, შემდეგ, ხელი დაგვიქნია და წავიდა. რა თქმა უნდა, კლინტონი აქ მთელი ზაფხული ვერ დარჩებოდა.

პიცერიიდან მდგრადობამდე

მერე ყველანი გადავერთეთ "ეროვნულ პროდუქტზე". პატივი პრეზიდენტმა გვცა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვერა ქობალია დანიშნა და მთელი ზაფხული ჟურნალისტების გასართობი ახალი მინისტრის გამონათქვამები და ის ფოტოსურათები იყო, რომელიც, ალბათ, ყველამ იხილეთ.

შეშფოთება გრძელდება

ვინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა ქობალიაზე წერა-კითხვა, მას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რომ არ ჩანაცვლებოდა. რასმუსენი შემოდგომაზე თბილისს ეწვია, - თურმე, ისიც აღშფოთებული ყოფილა რუსეთის ქმედებებით.

კონსტიტუცია შევცვალეთ

ჩვენ არ ვიცით, რუსეთი დაგვესხმება თუ არა თავს 2013 წლამდე, სამაგიეროდ ვიცით, რომ სამი წლის შემდეგ გვეყოლება სუსტი პრეზიდენტი, ძლიერი პრემიერ-მინისტრი და შუალედური პარლამენტი. შესაბამისი ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში პარლამენტმა დიდი ზარ-ზეიმით დაამტკიცა. მიხეილ სააკაშვილმა კი მაშინვე განაცხადა - მე, მესამე ვადით პრეზიდენტობას არ ვაპირებო. რადგან ასეთი დემოკრატია, 2013 წელს აუცილებლად პრემიერობა უნდა შევთავაზოთ.

სახალხო კრებამ "დამთავრება" სამომავლოდ გადადო

ამასობაში გაიღვიძა მისმა უდიდებულესობა ოპოზიციამ და დააანონსა, რომ 25 ნოემბერს გაიმართებოდა გრანდიოზული, ჯერ არნახული "სახალხო კრება", რომელსაც "ხელისუფლება უნდა დაემთავრებინა".  "სახალხო კრებაც" გაიმართა, აი, გრანდიოზულობის კი რა მოგახსენოთ. 25 ნოემბერს პარლამენტის წინ ძველებურად შეუთვალეს წყევლა-კრულვა ხელისუფლებას და..."დამთავრება" სამომავლოდ გადადეს.

ოპერაცია "ენვერი"

ვანო მერაბიშვილის სახელობის სამინისტროს დიდ სცენაზე შედგა პრემიერა "ოპერაცია "ენვერი". შს კონტრდაზვერვამ დააკავა რუსეთის ჯაშუშების მორიგი პარტია, რომელსაც ქართული სახელმწიფო უახლოეს წლებს ოთხ კედელშუა გაატარებინებს.

მიხეილ კუსტო

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კარგად გათვალა სააკაშვილმა. ის მშვიდად იყო და მთელი წლის განმავლობაში იმდენი ქვეყანა შემოიარა, რომ ჟაკ კუსტოს შეშურდებოდა. თან ჩვენმა პრეზიდენტმა ბევრი ენა იცის და უცხოელ ჟურნალისტებთან ხან ესპანურად, ხან ფრანგულად, უფრო ხშირად კი რუსულად ჭუკჭუკებდა.

სენსაციური "ვიკილიკსი"

დაგენაძლევებით, რომ პრეზიდენტმა არ იცის, ბაჰამურად "ვიკი" რას ნიშნავს. "ვიკი" თურმე ამ ენაზე "სწრაფი" ყოფილა. სააკაშვილი ნამდვილად ვერ ჩადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე სწრაფად, როგორც საიტი "ვიკილიკსი" სენსაციურ ინფორმაციას გვთავაზობდა. საიტმა ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერიდან მოიპოვა და მსოფლიომ შეიტყო, თუ რას ფიქრობენ ამერიკელი დიპლომატები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე.

"ვიკილიკსი" საქართველოზეც წერდა, ოღონდ სენსაციური არაფერი  ყოფილა. ყოველგვარი სკანდალური საიტების გარეშე ისედაც ვიცოდით, რომ აშშ ჩვენი მთავარი მფარველი ყოფილა და ქართველები ჩვენს მეორე დედაქალაქ ვაშინგტონს ათასგვარ თემებზე ვემათხოვრებოდით.

ქართული "ვიკილიკსი"

საქართველო რის საქართველო იქნებოდა, თავისი "ვიკილიკსი" რომ არ ჰქონოდა. ეს როლი გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" შეასრულა: ჯერ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს მილიონებს სთხოვდა. ქართული "ვიკილიკსის" წყაროს, ბადრი ბიწაძის მტკიცებით კი გაჩეჩილაძე ფულს ნინო ბურჯანაძესაც სთხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ "სახალხო კრებაში" მიეღო მონაწილეობა. მაგრამ "ვიკილიკსის"” მასალების გამო აშშ-მა ოფიციალურად მოიბოდიშა. რა თქმა უნდა, არც "ასავალ-დასავალია"”"ვიკილიკსი" და არც ლევან გაჩეჩილაძე - ბარაქ ობამა. შესაბამისად, აქ ყველაფერი ძველი ქართული სცენარით განვითარდა: დიდმა "გრეჩიხამ" ყველაფერი უარყო და ცილისწამებაში ნინო ბურჯანაძის ოჯახი დაადანაშაულა.

ოპტიმისტური დასასრული

წელი მაინც კარგად დასრულდა. წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მმართველობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია გადასცა. ეს სერიოზული გზავნილია როგორც ოკუპანტებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ისტორიულად, როდესაც სახელმწიფო უძლური იყო, ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში აქტიურად ერთვებოდა ეკლესია.

თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი უფრო სახიფათოა საქართველოსთვის - თბილისიდან 42 კილომეტრზე მდგომი რუსული ტანკი თუ საქართველოს დედაქალაქის კომფორტულ ოფისებში მსხდომი არსებები, რომლებიც ქართულ ეკლესიაზე შეტევისათვის გრანტებს იღებენ.

გიორგი კვიტაშვილი