ქართული პარადოქსი: ჩემპიონობა ორმა გუნდმა იზეიმა, გამარჯვებული აღმასკომმა გამოავლინა
კიდევ ერთი პარა... პარანორმალური უნდა დამეწერა, მაგრამ ასე ჯობს: კიდევ ერთი პარადოქსი ქართულ სპორტში. საფეხბურთო ჩემპიონატი კვირას დასრულდა, "ზესტაფონმა" "მერანი" 3:0 დაამარცხა და We are the Champions იმღერა, რუსთავის "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს" 2:0 სძლია და მანაც საჩემპიონო ზეიმი გამართა. ასე და ამგვარად, ჩემპიონატი 20 მაისს დასრულდა, მაგრამ რისთვისაც ტარდებოდა, ის არ გაირკვა - ვინ გახდა ჩემპიონი? "ზესტაფონი" თუ "მეტალურგი"? იქნებ "მეტალურგი"? ერთი პირველობის ორი ჩემპიონი სად გაგონილა?
გაგონილა: რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის საკალათბურთო ჩემპიონატში მწვრთნელ ნუგზარ კანდელაკის "გიარბ უნივერსიტეტმა" რიმას კურტინაიტისის "გალას" თამაშით აჯობა, მაგრამ მოხდა არეულობა და ორივე გუნდი ჩემპიონად გამოაცხადეს. თუ აზერბაიჯანია ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი, დაგვესახელებინა ჩემპიონებად "ზესტაფონიცა" და "მეტალურგიც", იქნებ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორივე გაეშვა... ხუმრობა იქით იყოს და აზერბაიჯანს კი არა, შვეიცარიას უნდა ვბაძავდეთ - ჩვენსავით პატარა ქვეყანაა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იქაური საათივითაა აწყობილი. ჩემპიონატიც სწორედ იმ სისტემით იმართება, როგორიც საჭიროა, ჩვენზე ნაკლები ფული ნამდვილად არა აქვთ, მაგრამ შვეიცარიის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი თამაშობს. მეტსაც გეტყვით: დღესვე გარკვეულია მომავალი პირველობის ფორმატი.
სწორედ საქართველოს პირველობის სტრუქტურის ხშირმა ცვლილებამ და წინდაუხედაობამ გამოიწვია პარადოქსული სიტუაცია. დავიწყოთ იმით, რომ ჩემპიონატი ორ რაუნდად ჩატარდა. პირველი ეტაპის შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი ფლეი-ოფში გავიდა, სადაც მხოლოდ ერთმანეთში თამაშების შედეგად მოგროვილი ქულები გადაჰყვათ.
მარტში კლუბებს ფედერაციიდან გაეგზავნათ წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ჩემპიონატში თანაბარი ქულების შემთხვევაში ორ გუნდს შორის საუკეთესოს ფლეი-ოფში მოგებათა მეტი რაოდენობა განსაზღვრავდა. ჩემპიონატის დაწყებამდე აღმასკომის მიერ დამტკიცებულ დებულებაში კი წერია, თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელიც ჩემპიონატში მეტ თამაშს მოიგებსო. სიტყვა "ჩემპიონატში" იგულისხმებოდა როგორც პირველი ეტაპი, ასევე ფლეი-ოფი.
ასე და ამგვარად, "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" ჩემპიონატი 55-55 ქულით დაასრულეს, ფლეი-ოფში მეტი გამარჯვება რუსთაველებს აღმოაჩნდათ, მთლიანად ჩემპიონატში - ზესტაფონელებს. ფედერაციიდან მარტში მიღებული გზავნილის მიხედვით "მეტალურგმა" იზეიმა ჩემპიონობა, ზეიმის საფუძველი ჰქონდათ იმერლებსაც, რომლებმაც პირველობაზე მეტოქეზე მეტი მატჩი მოიგეს.
ბოლო ტურის წინ, ხუთშაბათს, "ზესტაფონის" ხელმძღვანელმა ილია კოკაიამ სკანდალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა: "ვერაფრით დავეთანხმებით ფედერაციის მიერ "მეტალურგის" ჩემპიონად გამოცხადებას. აუცილებლად დავემორჩილებით ფედერაციის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს უნდა იყოს აღმასკომზე დამტკიცებული და არა პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა ან გენერალური მდივნის გადაწყვეტილება". "ზესტაფონის" პრეზიდენტმა დაამატა: "ბინძურ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი ქართული ფეხბურთიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს. მე არ ვგულისხმობ შარშან დასჯილ ფეხბურთელებს და მათ მსგავს ადამიანებს. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. სიბინძურე საფუძველშივეა მოსასპობი. თუ ქართული ფეხბურთი ამ მანკიერებებისგან არ გაიწმინდება, "ზესტაფონი" ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. პირველი, რასაც მოვიმოქმედებთ, ის იქნება, რომ 26 მაისს თასის ფინალში არ ვითამაშებთ. დღეს წამყვანი კლუბებიდან სუფთად მხოლოდ სამი თამაშობს: "ზესტაფონი", "ტორპედო" და "დინამო". სწორედ ამიტომ არის ეს სამი გუნდი სეზონის ფინიშზე ძალაგამოცლილი".
მოკლედ, ჩიხიდან გამოსასვლელი გზის პოვნა ისევ აღმასრულებელ კომიტეტს დაეკისრა. ჩემპიონატის დასრულებიდან მეორე დღეს, 21 მაისს, გაიმართა აღმასკომის საგანგებო სხდომა, რომელზეც ოთხსაათიანი მსჯელობის შემდეგ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე - ჩემპიონი "ზესტაფონია".
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აღმასკომის გადაწყვეტილება ასე გაახმოვანა: "საქართველოს ჩემპიონად გამოცხადდა "ზესტაფონი", რადგან აღმასკომმა დაასკვნა, რომ დებულებაში ნახსენები სიტყვა "ჩემპიონატი" გულისხმობს მთელ პირველობას და არა მის რომელიმე სტადიას". ფედერაციის პრეზიდენტი "ზესტაფონის" ხელმძღვანელის ულტიმატუმსაც გამოეხმაურა: "აღმასკომმა მკაცრად გააფრთხილა "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია. თუ იგი ულტიმატუმის ენით ლაპარაკს განაგრძობს, გუნდი ჩემპიონატიდან მოიხსნება".
როგორ ფიქრობთ, ასე მშვიდად დასრულდა საჩემპიონო "ქარბუქი"? ახლა, მოვლენებს რუსთავის "მეტალურგის" პოზიციიდან გადავხედოთ: ფლეი-ოფის დაწყებიდან იცი, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი გახდები, მაგრამ ბოლოს გეუბნებიან, ვერცხლის მედალს უნდა დასჯერდეო. "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე აცხადებს, აღმასკომის გადაწყვეტილება უსამართლოაო და დასძენს: "აღმასკომის გადაწყვეტილების გაპროტესტებას ვაპირებთ. ჩვენი იურისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ".
როგორც ხედავთ, გაგრძელება იქნება...
იხილეთ ვიდეო: "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონია
ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)