ევროპის ჩემპიონატის პირველი საოცრებები (ევრო 2012, დღე IX) - კვირის პალიტრა

ევროპის ჩემპიონატის პირველი საოცრებები (ევრო 2012, დღე IX)

თურმე მართალი იყო ბერძნების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როდესაც ამბობდა, ვიცი როგორ დავამარცხო რუსეთის ნაკრებიო...

"მადლობთ და ნახვამდის" – ასეთი სიტყვებით მიმართა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა ფეხბურთელებს მატჩის შემდგომ, გასახდელში.

"ვუძღვნით ამ გამარჯვებას ჩვენს ტრავმირებულ მოთამაშე ავრაამ პაპადოპულოსს. ჩვენ ავაწყეთ ზუსტი სათამაშო სქემა, რაც მეტოქის დაცვასა და ნახევარდაცვას შორის არსებული სიცარიელეების გამოყენებას ეფუძნებოდა და საბედნიეროდ ერთხელ ეს გამოგვივიდა" – განაცხადა ფერნანდუ სანტუშმა.

არადა ვინ იფიქრებდა პირველი თამაშების შემდეგ, რომ A ჯგუფიდან მეოთხედფინალში ჩეხეთისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები გავიდოდნენ. მავანნი და მავანნი ხომ რუსებს ევროპის ჩემპიონობას და ალან ძაგოევს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობას უწინასწარმეტყველებდნენ...

რუსების და პოლონელების გავარდნა სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩემპიონატი ამ ქვეყნების წარმომადგენელი უზნეო გულშემატკივრის გარეშე დარჩება და შედარებით მშვიდ კალაპოტში გადაინაცვლებს.

რუსეთში ტრაურია. 200 მილიონიანი ქვეყანა ჯერ გონს ვერ მოსულა, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი ფურსენკომ ბერძნებთან წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა: "ახალი მწვრთნელის შესახებ საზოგადოება ან ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში შეიტყობს. ჯერ არ გვიფიქრია ის უცხოელი იქნება თუ არა. ვინც არ უნდა იყოს, მან გუნდის გაახალგაზრდავებაზე უნდა იზრუნოს". თავის მხრივ რუსეთის ნაკრების ჰოლანდიელმა თავკაცმა დიკ ადვოკაატმა აღნიშნა, რომ გუნდი კარგად თამაშობდა, ბევრს უტევდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაიტანა. დამეთანხმებით, ალბათ რომ ბანალური ფრაზაა. ან კი რა დარჩა სათქმელი ადვოკაატს რუსი გულშემატკივრისთვის?

"ეს ნამდვილი სირცხვილია. ჩეხებთან ჩატარებული საოცარი მატჩის შემდეგ, ხომ ნაკრებისაგან ყველა წინსვლას ელოდა. ვალდებული ვიყავით, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით" – განუცხადა უეფა-ს ოფიციალურ ვებსაიტს რუსეთის ნაკრების ნახევარმცველმა დენის გლუშაკოვმა.

აი პოლონეთის ნაკრების მწვრთნელ ფრანტიშეკ სმუდას კი მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება უკვე ოფიციალურად მოუწია. დორტმუნდის ბორუსიის სამი ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდისაგან ხომ გაცილებით მეტს არამარტო პოლონელი გულშემატკივარი ელოდა.

რუსების გავარდნით გაკვირვებას გამოხატავს ჯგუფის გამარჯვებული ჩეხეთის ნაკრების თავკაცი მიხალ ბილეკი: "საკვირველია, როგორ წააგეს რუსებმა ბერძნებთან შეხვედრა. ჩვენ მათთან თამაშით ძალიან დიდი გაკვეთილი მივიღეთ, შემდეგ მატჩიდან მატჩამდე მოვუმატეთ და ფავორიტი პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გვაქვს როსიცკის ტრავმის პრობლემა და ყველანაირად ცდილობენ ექიმები, რომ მეოთხედფინალისათვის იგი ფეხზე დააყენონ".

აი მეოთხედფინალში კი როგორც ჩეხებს, ასევე ბერძნებს A ჯგუფის მეტოქეებთან შედარებით მაღალი კლასის მეტოქეები ეყოლებათ. B ჯგუფიდან გასვლასთან ერთი შეხედვითYყველაზე ახლოს გერმანიის ნაკრებია. იოაჰიმ ლიოვის გუნდს ამისათვის ქულაც ჰყოფნის, მაგრამ რუსეთის ნაკრებიც ხომ ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ბერძნებთან თამაშის წინ. თანაც დანიის ნაკრებს აქვს გერმანელებთან გადამწყვეტ მატჩში მოგების გამოცდილება, როგორც ეს 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოხდა. მაშინ დანიელები ხომ მათთვისვე მოულოდნელად აღმოჩნდნენ ევროპის ჩემპიონატზე იუგოსლავიის ნაკრების ნაცვლად...

"ტურნირის დაწყებამდე ჩვენ ჯგუფს "სიკვდილის ჯგუფად" მოიაზრებდნენ და აქამდე ჩატარებულმა მატჩებმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო. ჩვენ ვათვიცნობიერებთ, თუ რა დონის სიძნელის ამოცანის გადალახვის წინაშე ვდგავართ. გერმანიის ნაკრები, გარდა იმისა, რომ განუმეორებელი ხელწერის გუნდია, იცის თუ როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს, მაგრამ ჩვენც არ ვზივართ გულხედაკრეფილნი, წყალივით გვჭირდება დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულა და ეს ყველაზე უკეთ ჩვენმა მეტოქემ იცის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჯეროვნად გვაფასებს." – განაცხადა წარსულში ამსტერდამის "აიაქსის" სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა, დანიის ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა.

დანიის ნაკრები შეხვედრის წინ გარკვეული პრობლემების წინაშე დგას. უკვე ცნობილია, რომ გერმანელების წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს დანიელთა ფორვარდი დენის რომედალი. გარდა ამისა, სათუოა პორტუგალიელებთან დაშავებული, გუნდის ნახევარდაცვის ბურჯის – ზიმლინგის თამაშიც.

აი გერმანელთა ბანაკში კი შემადგენლობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია და მარიო გომესიც ეცდება გატანილი გოლებით ალან ძაგოევის ამ მატჩშივე ჩამოტოვებას...

დანია – გერმანიის შეხვედრას ინტერესით B ჯგუფის მეორე მატჩიც არ ჩამოუვარდება. ჯგუფიდან გასვლის შანსი ხომ ჰოლანდიელებსაც არ დაუკარგავთ, რომელნიც ვალდებულნი არიან, რომ ახლა მაინც იძიონ შური პორტუგალიის ნაკრებზე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის...

თუმცა, ალბათ ისიც არაა გამორიცხული, რომ ჰოლანდიელთა საკმაო სიჯიუტით გამორჩეულმა მწვრთნელმა – ვან მარვეიკმა თავისი ძველი ფრანგი კოლეგის – რამონ დომენეკის ბედი გაიზიაროს და ნარინჯისფერთა აღმშენებლობის პერიოდი ახალი მწვრთნელის ხელში დაიწყოს. მგონი უკვე საკმაო პარალელების გავლება შეიძლება ამ ორი მწვრთნელის მოღვაწეობას შორის, თუკი დღეს ჰოლანდიელები ტრადიციულად უხერხულ მეტოქეს – პორტუგალიის ნაკრებს ვერ დაამარცხებენ...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)