"NBA-ში სათამაშოდ მზად ვარ!"
"NBA-ში სათამაშოდ მზად ვარ!"
02-07-2012
ვლადიმერ სტეფანიას (1998 წელს), ნიკოლოზ ცქიტიშვილის (2002), ზაზა ფაჩულიას (2003) და ვიქტორ სანიკიძის (2004) შემდეგ თორნიკე შენგელია მეხუთე ქართველია, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე აირჩიეს. ნიუ-ჯერსის "პრუდენშალ სენთერში" ჩატარებული "არჩევანი-არადანის" დროს 20 წლის ქართველი ფორვარდი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია, თუმცა, მალევე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ "ბრუკლინ ნეთსს" (ყოფილი "ნიუ-ჯერსი ნეთსი") დაუთმო. "ბრუკლინის" მფლობელი რუსი მილიარდერი მიხეილ პროხოროვი გახლავთ, რომელიც NBA-ს კლუბების მფლობელებს შორის ყველაზე მდიდარია და შესაბამისად, ამბიციურიც. თუმცა, მხოლოდ დრაფტზე არჩევა ბევრს არაფერს ნიშნავს - ახალწვეულმა უნდა დაამტკიცოს, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშს იმსახურებს. ამის დამტკიცების შესაძლებლობა ქართველ კალათბურთელს რამდენიმე დღეში, საზაფხულო ლიგის მატჩებისას მიეცემა და სწორედ მაშინ გაირკვევა, დარჩება თუ არა "ბრუკლინში". თორნიკე შენგელიას ბრუკლინში დავურეკეთ:

- დრაფტი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან ვინერვიულე. ყოველი გამოსვლისას ელი, რომ შენს სახელს გაიგონებ და... მას მერე კი, რაც "შენგელია" გამოაცხადეს, აღარაფერი მახსოვს. ემოციების გამოხატვის თავი აღარ მქონდა და შეიძლება, სახეზე არც დამტყობია, როგორ გამიხარდა, მაგრამ მართლა უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ის ნერვიულობა, რაც გადავიტანე, ამ შედეგად ნამდვილად ღირდა...

- შენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომელი გუნდი აგირჩევდა?

- ჩემთვის მთავარია, რომ ამირჩიეს. ახლა მხოლოდ თორნიკე შენგელიაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიჩენს თავს. რა თქმა უნდა, კლუბის პოზიციაც მნიშვნელოვანია - ზოგ გუნდს ურჩევნია, ჯერ ევროპაში გაგიშვას სათამაშოდ და გუნდში მერე ჩაგრიცხოს, სხვები თავიდანვე იტოვებენ დრაფტზე არჩეულ კალათბურთელს და ა.შ.

- შეგიძლია დაასახელო თანხა, რომელიც "ბრუკლინმა" შენს სანაცვლოდ გადაუხადა "ფილადელფიას"?
- როცა გამოაცხადეს, რომ "ფილადელფიამ" ამირჩია, კომენტარის გასაკეთებლად დამიძახეს და სწორედ მაშინ შევიტყვე ჟურნალისტებისგან - "ბრუკლინში" გადახვედიო. თანხის შესახებ კი ნამდვილად არაფერი ვიცი.

- "ბრუკლინს" შენი დამატების სურვილი რომ არ ჰქონოდა, მიზერულ თანხასაც არ გადაიხდიდა...
- ვნახოთ. ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გამოვიჩენ თავს საზაფხულო ლიგაზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ჯერ ზუსტად არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ლიგა და მე როდიდან უნდა ჩავერთო, ამის თაობაზე კლუბს უნდა შევუთანხმდე. ახლა ბრუკლინში ვარ ზაზასთან ერთად, ხვალ ატლანტაში დავბრუნდებით, იქ ვივარჯიშებ  და "ნეთსის" გამოძახებას დაველოდები....

- დრაფტის დროს ვინ იყო შენ გვერდით?

- მამაჩემი, ზაზა ფაჩულია, შიო ხეცურიანი, ჩემი აგენტები. გაეროში საქართველოს წარმომადგენელი, ბატონი კახა ლომაიაც იყო მოსული, სხვა ქართველებიც იყვნენ... ზაზა მეუბნებოდა, არ ინერვიულოო, მაგრამ ასეთ დროს ემოციის გაკონტროლება რთულია. ჩემი გულშემატკივრები ჩემზე არანაკლებ ნერვიულობდნენ, თუმცა, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა. 

- არა მხოლოდ დრაფტის დროს, ზაზა ფაჩულია მანამდეც შენს გვერდით იყო, გამხნევებდა, გამოცდილებას გიზიარებდა...

- ზაზა ჯერ კიდევ ბელგიაში ყოფნის დროს მირეკავდა, მამხნევებდა, სიახლეებს მაცნობდა. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ მის სახლში ვცხოვრობდი და დრაფტამდე "ატლანტას" დარბაზში ვვარჯიშობდი. ყველანაირად გვერდით მედგა და ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ.

- დრაფტზე შენი არჩევა ტრევიზოს კემპზე ნაჩვენებმა შთამბეჭდავმა თამაშმაც მნიშვნელოვნად განაპირობა.

- იტალიაში საკმაოდ გადაღლილი ჩავედი, რადგან ტრევიზოში ბელგიის ჩემპიონატის ფინალის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩის დასრულებისთანავე გავემგზავრე. ამის გამო კემპის პირველ დღეს თავი განსაკუთრებულად ვერ გამოვიჩინე, მეორე და მესამე დღის მატჩები კი გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარე.

- "ბრუკლინ ნეთსზე" რის თქმა შეგიძლია - როგორი კლუბია, რა გეგმები აქვს?

- მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალგაზრდული გუნდია. ახალ ბაზას აშენებენ და როგორც ამბობენ, აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი დარბაზი იქნება.  

- უკვე გეცოდინება, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ არჩევანი ამერიკელ კორი ფიშერზე რომ შეაჩერა...

- სამწუხაროდ, ფიშერის თამაში არ მინახავს, მაგრამ როგორც ვიცი, სასარგებლო მოთამაშეა - ზუსტი ტყორცნის შესრულებაც შეუძლია, პასის გაკეთებაც და დაცვაში თამაშიც. თურქეთში (გასულ სეზონში კორი ფიშერი თურქული "ანთალიას" ღირსებას იცავდა. - ავტ.) წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს. ნაკრების ახალი მოთამაშის შესახებ მეტი არაფერი ვიცი, დანარჩენს შეკრების დროს ვნახავ. იმედია, შეძლებს ეროვნული გუნდისთვის სარგებლობის მოტანას...

- როგორ ფიქრობ,  NBA-ში სათამაშოდ მზად ხარ?

- ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და სეზონის დაწყებამდე დარჩენილ დროსაც სრულად გამოვიყენებ, თუმცა ევროლიგაზე მონაწილეობისას არაერთხელ მითამაშია იმ კალათბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც NBA-ში თამაშობენ და ევროპაში სათამაშოდ ლოკაუტის დროს ჩავიდნენ, ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მზად ვარ...
Jondi
05 ივლისი 2012 14:43
მარინე დაბრუნდი შენ სამზარეულოში არ მიიწვას კერძმა :)
marine
05 ივლისი 2012 14:00
მეგრელი ქარტველი არ არის,რა ნაცისტობაა.?
სხვა სიახლეები
კალათბურთი ეკუთვნის კალათბურთელებს და გულშემატკივრებს
დაწვრილებით...
- რას ნიშნავს შიკონა  "კოკაი"?
დაწვრილებით...
გიორგი შერმადინი პირველია ქართველ კალათბურთელებს შორის, ვინც ევროლიგის მოგება ორჯერ მოახერხა.
დაწვრილებით...
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- უსამართლო და მატყუარა ადამიანები.
დაწვრილებით...
"წლების წინ მეტ ბასბიმ მირჩია, გაზეთები არ წამეკითხა. დიდებული რჩევა იყო. მას შემდეგ, ასეც ვიქცევი", - სერ ალექს ფერგიუსონი...
დაწვრილებით...
- მორაგბე რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ალბათ, მსახიობი. ისე, ახლაც არ ვიტყოდი მსახიობობაზე უარს. :)
დაწვრილებით...
"ზაიზენბახერს უნდოდა, კლასიკურ, იაპონურ სტილში გვეჭიდავა, ეს უკეთესიაო.."
დაწვრილებით...
არშემდგარი ფეხბურთელი. :) ან - "ძალით ეკონომისტი". :):)
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?