ოლიმპიადა "გახურდა" - კვირის პალიტრა

ოლიმპიადა "გახურდა"

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გუშინდელი "სამუშაო" დღე საქართველოს დელეგაციისთვის ჩვეულებრივი გამოდგა. სპორტსმენები შეჯიბრებებში მონაწილეობით იყვნენ დაკავებულები და პოლიტიკური ბატალიებისგან "თავისუფლები" აღმოჩნდნენ.

ძიუდოისტ ადამ ოქრუაშვილს პირველი წრეში უძლიერესი მეტოქე ჰყავდა. სამწუხარო მოლოდინი გამართლდა და გერმანელ ანდრეას ტოლცერთან წმინდად დამარცხდა.

ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში იასპარეზა და 23 მონაწილეში მეცხრე ადგილი დაიკავა. მძლეოსანი ბოლესლავ სხირტლაძიდან სპეციალისტები ფინალში გასვლას მოელოდნენ. სიგრძეზე მხტომელმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ადრინდელი მაჩვენებლები მკვეთრად გააუარესა და 35-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ძიუდოისტთა ასპარეზობის დასკვნით დღეს რუსმა ალექსანდრ მიხაილინმა მეორე ადგილი დაიკავა. ჩრდილოელმა ფინალში სახელოვან ფრანგ ტედი რინერთან წააგო.

გუშინ საღამოს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა მიხაილინთან ინტერვიუ გაავრცელეს. მოჭიდავემ თანამემამულეებს მარცხისთვის ბოდიში მოუხადა. ის ბატონ პუტინსაც შეეხო და "მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობო" - განაცხადა.

ერთ დროს რუსები სპორტის ამ სახეობაში ქართველებთან ახლოს ვერ მოდიოდნენ. სამწუხაროდ დროება შეიცვალა და მარცხის გამო სპორტსმენი თანამემამულეებს ოფიციალურ ბოდიშს უხდის. ალბათ დადგა დრო და ქართველი ძიუდოისტების წინაშე ახალი ამოცანის გადაჭრა უნდა დაისახოს - "დავეწიოთ და გავუსწროთ რუსეთს."

გუშინ ბელორუსის სპორტული დელეგაცია კიდევ ერთ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული: მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, უროს მტყორცნელი ივან ტიხონი დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიცირებული იქნა.

ამ ისტორიას ერთგვარი დეტექტივის სუნი სცემს. საინტერესოა, რომ ივანს სინჯი შორეულ 2004 წელს აუღეს. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენის დასჯა რატომღაც მხოლოდ ამჟამად მოისურვა.

ბელორუსის ოლიმპიური დელეგაციის წარმომადგენლები საკუთარ განრისხებას ვერ ფარავენ. რასაკვირველია გაჯავრებულია თავად "ბატიაც". გუშინ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ოფიციალური პრეს-კონფერენცია მოიწვია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მისი ქვეყნის მიმართ შეთქმულებაში დაადანაშაულა. ოლიმპიური მოძრაობის მამებს ლუკაშენკოს ამ ბრალდებაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ.

რადგან სიტყვამ "ბატია" მოიტანა ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ. მსოფლიოს მომავალი პირველობის შესარჩევ ჯგუფში, ბელორუსის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა. ამ ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები ლონდონში ასპარეზობდა და შესარჩევი ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. ცნობილი იყო, რომ ამ გუნდის ბაზაზე ძირითადი ნაკრები უნდა ჩამოყალიბებულიყო.

ლუკაშენკომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი კონდრატიევი თავისთან დაიბარა და მაგიდაზე მუშტები უბრახუნა. ფეხბურთის სპეციალისტი მოხსნას კი გადაურჩა, მაგრამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სრულიად ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაევალა. ბელორუსებს სექტემბერში დავუპირისპირდებით. ამ მიზეზის გამო ქართველი სპეციალისტები ბელორუსების ლონდონში გამოსვლას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ. მათი შრომა ამაო გამოდგა, რადგან შემოდგომაზე სლავები სრულიად შეცვლილი გუნდით გვესტუმრებიან.

დღევანდელი წერილი რუსულ-ბელორუსული აქცენტით გამომივიდა, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ გახლავთ. ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ შემთხვევას მოგახსენერბთ: სკანდალში გაეხვა რუსი ველომრბოლელი დიაცი ვიქტორია ბარანოვაც. ქალბატონი დოპინგზე ჩავარდა და მისი სისხლის შემადგენლობაში ტესტოსტერინის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. სპორტსმენმა ოლიმპიური სოფელი უკვე დატოვა. დანაშაული ისეთი აშკარა გახლდათ, რომ რუსებმა პროტესტის გამოთქმა არ ისურვეს.

ოლიმპიური სოფელი ვახსენე და ამერიკელმა "სუსტი სქესის" ფეხბურთელმა ჰოპ სოლომ სკანდალური განცხადება გააკეთა: ერთ-ერთი ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ოლიმპიურ სოფელში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ოლიმპიურ სოფელში ბევრი სექსია. იქ ყოველთვის მოიძებნება ერთი ღამით სექსუალური კავშირის მრავალი მოყვარული. თავად მინახავს სპორტსმენები, რომლებიც ამ "საქმეს" პირდაპირ ღია ცის ქვეშ აკეთებენ." - განაცხადა აშშ-ის ნაკრების კარის დარაჯმა. ალბათ კომენტარი ზედმეტია და ამაზე პასუხი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უფროსობამ უნდა გასცეს.

დღეს კი ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა იასპარეზებს. ლუბა პეკინის ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა და საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავა. იმედია დღეს ადრინდელ შედეგს გააუმჯობესებს და საღამოს ზეიმის საშუალება მოგვეცემა.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)