კახა კალაძე: ”არა უშავს, ახლა გავაკეთებ!” - კვირის პალიტრა

კახა კალაძე: ”არა უშავს, ახლა გავაკეთებ!”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ რუსულ გაზეთ "სოვეტსკი სპორტთან” წარსულ და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ”კვირის პალიტრა” ამ ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო ამონარიდებს გთავაზობთ.

კახა კალაძე: არ მინდა ჩივილი იმაზე, რაც არ გამოვიდა, ახლა გავაკეთებ!

- ახდა ქართული ოცნება?

- "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ბლოკს ერქვა, რომლის სიაშიც პირველი ნომერი ვიყავი. ხალხს არჩევნების მოგებას დავპირდით და გავიმარჯვეთ კიდეც. ახლა აღებული პასუხისმგებლობის შესრულების დროა.

- შემოქმედებითი სფერო მკვეთრად შეიცვალეთ...

- მაისში იტალიურ "ჯენოაში" ვთამაშობდი, ოქტომბერში კი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი გავხდი. ჩემი დღევანდელი საქმიანობა ისევე მომწონს, როგორც რამდენიმე თვის წინანდელი.

- სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება ოქტომბრამდე არ გქონდათ...

- გზადაგზა ვსწავლობ. ვცდილობ, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შევიკავო. იცით, ეს ინტერვიუ ღამით რატომ შედგა? იმიტომ, რომ დღისით პანკისის ხეობაში ვიყავი, შემდეგ ელექტროსადგურში. როგორც ბიზნესმენი, ენერგეტიკით დიდი ხნის წინათ დავინტერესდი. რაც შეეხება პოლიტიკოსის კარიერას, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხალხი ცუდად ცხოვრობდა, რასაც მშვიდად ვერ ვუყურებდი. გასული წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შექმნა გამოაცხადა. გადავწყვიტე, შევერთებოდი. სურვილი წერილში დავაფიქსირე, რის შემდეგაც მალე დამირეკეს და შეხვედრა შემომთავაზეს.

- მანამდე ერთმანეთს არ იცნობდით?

- ერთხელაც არ შევხვედრილვართ. თუმცა, მალე დავახლოვდით. ბატონი ბიძინას ვაჟი ჩემი უმცროსი შვილის, კახის ნათლია გახდა. ბერა ივანიშვილი ნიჭიერი ადამიანი, საქართველოში პოპულარული მომღერალია. თუმცა, მამამისზე ვლაპარაკობდით. მის შესახებ ბევრი მქონდა გაგებული, საქართველოსთვის არაერთი დიდი საქმე გააკეთა. ბევრს სმენოდა, მაგრამ არ ენახა, რადგან სახალხოობას ერიდებოდა.

- თქვენც საინტერესო კარიერა გქონდათ...

- 12 წელი იტალიაში ვიცხოვრე და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "მილანის" ღირსებას ვიცავდი. ხელფასიც კარგი მქონდა. რაც შეეხება "ჯენოასთან" კონტრაქტს, ამ გუნდში 2013 წლის ზაფხულამდე უნდა მეთამაშა, მაგრამ კარიერის დასრულება გადავწყვიტე.

- ფულსაც დაკარგავდით.

- გენუაში ჩემი წლიური შემოსავალი 2 მილიონ ევროს შეადგენდა.

- საქართველოშიც გქონდათ ბიზნესი.

- თავიდან პრობლემა არ იყო, თუმცა შემდეგ სახელმწიფოსთან გაუგებრობა მოხდა. რამდენიმე წლის წინ დავაფუძნე კომპანია "კალა კაპიტალი", რომელსაც რამდენიმე ბიზნეს-პროექტი უნდა განეხორციელებინა. მათ შორის, ავლაბრის რაიონში მინი-ქალაქი "არსენალ-სიტი" უნდა აეშენებინა. 80 ჰექტარი მიწაც შევიძინეთ, თანხის ნახევარი თავიდანვე გადავეცით. თუმცა, აგვისტოში მომხდარი ომის გამო რეგიონში სიტუაცია გაუარესდა და ბევრი ინვესტორი რისკს მოერიდა. ვითხოვეთ დარჩენილი თანხის გადახდის 2-3 წლით გადავადება, მაგრამ უარი მივიღეთ.

- საფეხბურთო აკადემიის დაარსებასაც აპირებდით.

- არც ამის საშუალება მომცეს. ტერიტორიაში, სადაც სკოლა უნდა ამეშენებინა, ნახევარი მილიონი ლარი მომთხოვეს. რეალური თანხა კი დაახლოებით ათჯერ ნაკლები იქნებოდა. შემდეგ გავიგეთ, რომ ის ადგილი იჯარით ყოფილ დეპუტატს ჰქონდა აღებული და საქონელი ბალახობდა. რაში დასჭირდებოდა ბავშვთა სკოლა?! თბილისშიც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო... არ მინდა ჩივილი იმაზე, რაც არ გამოვიდა, ახლა გავაკეთებ! ბავშვებს ფეხბურთი ძველებურად უყვართ. მათ მუდმივი ყურადღება და ვარჯიში სჭირდებათ. 16-17 წლის ახალგაზრდები უცხოურ კლუბებთან კონტრაქტის გაფორმებასა და საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობენ. ეს გასაგებიცაა, სწორედ უცხოეთში მისცემენ იმდენს, ოჯახი სათანადოდ რომ გამოკვებონ, მაგრამ საქართველოში ვინ უნდა ითამაშოს? საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა. შიდა ჩემპიონატი სუსტია. ვერ ვიტყვი, რომ მატჩებზე სასიარულოდ გული მიმიწევს. როგორც ვთქვი, ინფრასტრუქტურა ნულიდანაა შესაქმნელი. მისახედია ბავშვთა სკოლები, ბაზები, სტადიონები.

- საფეხბურთო პარტნიორებიდან ვისთან გაქვთ ურთეიერთობა?

- გოგიაშვილთან, ამისულაშვილთან, იაშვილთან... იტალიელთაგან გატუზოსთან, პირლოსთან, მალდინისთან, ამბროზინისთან, ინძაგისთან... თითქმის ყველასთან, ვისთანაც "მილანში" 10 წელი ვთამაშობდი.

- ჩემპიონთა ლიგაზე, ალბათ, "მილანს" ქომაგობთ.

- რა თქმა უნდა. თუმცა, არა მგონია, ამ სეზონში რამე ღირებული მოიგოს, რადგან არასტაბილურად თამაშობს.

- იტალიელი მეგობრები როგორ შეხვდნენ თქვენს ვიცე-პრემიერობას?

- მილოცავდნენ. თუმცა თავიდან არ სჯეროდათ, რომ კარიერას დავასრულებდი. ფიქრობდნენ, რომ ვხუმრობდი, რადგან იტალიაში მცველისთვის 34 წლის ასაკში კარიერის დასრულება ცოტა ადრეა...

- თქვენს მეგობარ ანდრეი შევჩენკოს გამოსამშვიდობებელი შეხვედრის გამართვას დაჰპირდნენ, თუმცა თარიღი ჯერ არ გარკვეულა. თქვენ თუ გეგმავთ ფეხბურთთან გაცილების მატჩის ჩატარებას?

- იყო ვარიანტი 13 სექტემბერს მეთამაშა - სანაკრებო კალენდარში "ფანჯარა" ამ დროს გამოჩნდა. თუმცა პოლიტიკურმა ოპონენტებმა სტადიონი არ დაგვითმეს, თითქოს სწორედ იმ დღეს უნდა ჩატარებულიყო პროფილაქტიკური სამუშაო. რეალური მიზეზი კი ის იყო, რომ შეეშინდათ - ჩემი ფეხბურთიდან გაცილება "ქართული ოცნების" პიარ-აქციად იქცეოდა. მილანელი და კიეველი მეგობრების ჩამოყვანას ვაპირებდი. ახლა, გაზაფხულამდე მოგვიწევს მოცდა. შეიძლება, ასეც სჯობდა, ვივარჯიშებ, ფორმაში მოვალ...

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე იხილეთ:ჩემპიონთა თასები, კაპიტნის სამკლავური და მეცხრე ბლოკი - ექსკლუზივი კახა კალაძესთან