"ქართული კალათბურთი "ცეკას მდივნების" ეპოქაშია დარჩენილი" - კვირის პალიტრა

"ქართული კალათბურთი "ცეკას მდივნების" ეპოქაშია დარჩენილი"

კალათბურთი ეკუთვნის კალათბურთელებს და გულშემატკივრებს

"კალათბურთელთა კავშირის" თავმჯდომარე, ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ნაკრების ცალკეული წარმატებების მიუხედავად, ქართულ კალათბურთში უმძიმესი ვითარებაა. პრობლემის მიზეზებისა და მოგვარების გზების შესახებ საკუთარი მოსაზრება კავშირის დამფუძნებლებმა წერილის სახით ჩამოაყალიბეს, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ.

ჩვენი მიზანი არ არის წარსულის ქექვა - გვინდა, უმტკივნეულოდ გამოვიყვანოთ ქართული კალათბურთი ღრმა კრიზისიდან და დავსახოთ სამომავლო პერსპექტივები. ამისთვის კი, წარსულის გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანაა აუცილებელი.

ის, რასაც კალათბურთის განვითარებად წარმოგვიდგენენ, მხოლოდ ეროვნული ნაკრების ცალკეული წარმატებაა, რაც შესანიშნავი თაობის მოსვლასთან ერთად, ევროპირველობაზე გუნდების რაოდენობის გაზრდის დამსახურებაც არის. გაგვიმართლა, რომ გვყავს მსოფლიო კლასის რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც კონკრეტული თამაშის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, ნაკრების ბოლო 2 წლის მიღწევები არსებული რეალობიდან სრულიად ამოვარდნილია, სხვა მნიშვნელოვანი აქტივი კი დღევანდელ ქართულ კალათბურთს არ გააჩნია. ქართულ კალათბურთში არაფერი იცვლება, ის "სპეციალისტები" კი, ვინც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, არსებულ პრობლემებზე თვალს ხუჭავენ. ფიბას მსოფლიო რეიტინგში 118 ქვეყნიდან 93-ე ადგილზე ვართ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ყირგიზეთი ჩამოგვრჩება. ფიბას ევროპული ქვეყნების რეიტინგშიც ასევე "საპატიო," ბოლოდან მე-4 ადგილი გვიკავია.

დიდი შეცდომაა, როცა ცალკეულ სანაკრებო წარმატებას მხოლოდ კალათბურთისა და საერთოდ სპორტის მესვეურთა დამსახურებად მივიჩნევთ. კალათბურთელების გარდა, უმთავრესი წვლილი ამაში სპორტსმენის მშობლებსა და ბავშვთა მწვრთნელებს მიუძღვით.

მიგვაჩნია, რომ ნატურალიზებულმა ლეგიონერებმა ქართველი მოთამაშეების ადგილი კი არ უნდა დაიკავონ მოედანზე, მათ კლასის ამაღლებაში უნდა დაეხმარონ. ასე ფიქრობს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ზაზა ფაჩულიაც: "ქართული პასპორტით მოთამაშე უცხოელი ავტომატურად იკავებს ჩვენი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშის ადგილს". სამწუხაროდ, საკალათბურთო მმართველობა დღეს სრულიად ჩაკეტილია, წარმოჩენილი ლამაზი სურათის მიღმა კი მძიმე ვითარებაა. არ არსებობს კალათბურთის განვითარების თუნდაც რამდენიმე წელიწადზე გათვლილი დეტალური გეგმა, რისთვისაც არსებულ ფედერაციას 12 წელი ჰქონდა; საკალათბურთო ოჯახის კუთვნილი ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, ან საერთოდ აღარ არსებობს. ქართულ კალათბურთს საფუძველი მოშლილი აქვს, რადგან ბავშვთა კალათბურთი თვითდინებაზეა მიშვებული. ნებისმიერს შეუძლია გახდეს მწვრთნელი ყოველგვარი კვალიფიკაციისა და სტანდარტების გარეშე. არადა, ლიცენზირებისათვის საჭირო ნორმები მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული. აუცილებელია უფრო მეტი კვალიფიციური მწვრთნელი, სერიოზული პრობლემებია მსაჯობაშიც. ვერ ვხედავთ მეტ-ნაკლებად გამართულ, სრულყოფილ პროფესიონალურ კლუბს. სახელმწიფოს მიერ ქართული კალათბურთის სოლიდური დაფინანსება სისტემურ მიდგომაზე, მკაფიო სტრატეგიისა და განვითარების კონკრეტული გეგმების დასახვაზე ვერ აისახა. ამას დღევანდელი სუპერლიგაც ამტკიცებს და ასაკობრივი ჩემპიონატებიც.

რაც კალათბურთში ხდება ფედერაციის ბრალია და ამის მიზეზი გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია. სხვებთან ერთად, ფედერაციის გამგეობის წევრები იყვნენ ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, ყოფილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად -პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე, დელეგატთა შორის იყო გიორგი უდესიანი და ა.შ. გვეეჭვება, ამ ადამიანებს ბავშვობაში ეზოს კალათბურთი მაინც ჰქონდეთ ნათამაშები. სწორედ მათი "გარჯის" ნაყოფს ვიმკით დღეს.

გაუგებარია ფედერაციის დელეგატთა დანიშვნის კრიტერიუმები. დიახ, ფედერაციის მესვეურები, სპორტის სხვა ჩინოვნიკებთან ერთად, სწორედაც რომ "ნიშნავდნენ" დელეგატებს არჩევნებში სასურველი რაოდენობის ხმის მისაღებად. გარკვეულ ეჭვებს ისიც ბადებს, რომ სწორედ ჩვენი კავშირის დაფუძნების და გეგმების გამჟღერების შემდეგ, რამდენიმე საკალათბურთო ასოციაცია, ფედერაცია თუ კავშირი შეიქმნა. არჩევნების წინ, მათ აუცილებლად გაუჩნდებათ პრეტენზია საარჩევნო ხმის უფლებაზე.

უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიზირებისგან, კლანურობისაგან და გზა მივცეთ პროფესიონალებს, კალათბურთზე შეყვარებულ ხალხს. კალათბურთი არ არის მათი საკუთრება, ვინც უფრო მარჯვედ მოერგება არსებულ კონიუნქტურას, არსებულ ხელისუფლებას. კალათბურთი ეკუთვნის კალათბურთელებს და გულშემატკივრებს! დღევანდელი რეალობა გვაძლევს იმედს, რომ სახელმწიფო უხეშად აღარ ჩაერევა საკალათბურთო ოჯახის გადაწყვეტილებებში და ნებისმიერ ჯანსაღ ძალას ექნება თავისი სიტყვის თქმის საშუალება. რამდენიმე ათწლეულია, კალათბურთის ერთპიროვნული მმართველობის მოწმენი ვართ და "კალათბურთის ცეკას მდივნების" ეპოქაში ვრჩებით. ასეთი მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. მაიკლ ჯორდანმა და მეჯიქ ჯონსონმა რომ გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობა, მოქმედი წესდებითა და საარჩევნო წესით, ისინიც კი უეჭველად დამარცხდებიან დღევანდელ ხელმძღვანელობასთან. რეფორმა აუცილებელია, ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩეს ოთხი წლით და მაქსიმუმ ორი ვადით.

7 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულ, 4-8 წელიწადზე გათვლილ პროექტზე მუშაობა. ეს არის ქართულ რეალობასთან ადაპტირებული პროექტი ევროპული და ამერიკული ელემენტებით. მთავარი პრიორიტეტი მასობრიობა, კალათბურთის მთელი საქართველოს მასშტაბით პოპულარიზებაა. ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის განვითარებისთვის, საკალათბურთო ბიუჯეტის 40-50% უნდა გაიხარჯოს. აუცილებელია ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური ღონისძიებების ჩატარება, როგორც ასაკობრივი, ასევე პროფესიული კლუბების მწვრთნელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. გვაქვს საინტერესო პროექტი მსაჯობის დონის ასამაღლებლად, რათა გვყავდეს მეტი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და გამოვრიცხოთ კორუფციის შესაძლებლობები. უმნიშვნელოვანესია ქალთა კალათბურთის აღორძინებაც, რომელსაც დიდი ტრადიციები ჰქონდა, დღეს კი საერთოდ აღარ არსებობს. .

სუპერლიგის მატჩებს სპორტის სასახლეში 100-200 მაყურებელი ესწრება და მათ უმრავლესობას მოთამაშეთა ნათესავ-მეგობრები შეადგენენ; ფედერაციის ხელმძღვანელებს კი, დამსწრეთა შორის ფლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩების დროსაც ვერ აღმოაჩენთ. სამაგიეროდ, ნახავთ სატელევიზო გადაცემებში, სადაც ქართული კალათბურთის დღევანდელ "ოქროს" ხანაზე გვესაუბრებიან.

ვაპირებთ საფუძველი ჩავუყაროთ ქართული კალათბურთის შემდგომ, 10-15-წლიან გეგმაზომიერ განვითარებას. უნდა შეიქმნას ისეთი სტაბილური სისტემა, როგორიც მოწინავე საკალათბურთო ქვეყნებშია, ამაღლდეს საშუალო კალათბურთელის დონე, რათა არ ველოდოთ, კიდევ როდის გაჩნდებიან ახალი ვარსკვლავები. ქართველებმა ჯერ კიდევ 1962 წელს ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ვართ მოწინავე საკალათბურთო ქვეყანა და ეს შემდგომმა თაობებმაც დაადასტურეს გურამ მინაშვილის, მიხეილ ქორქიას, ზურაბ საკანდელიძის, ნიკოლოზ დერიუგინის სახით...

მადლობელი ვართ იმ ხალხის, ვინც წლების მანძილზე იშრომა ქართული კალათბურთის განვითარებისთვის, აუცილებლად დაფასდება ფედერაციის დღევანდელ მესვეურთა ღვაწლიც. მაგრამ იწყება ახალი, უფრო რთული ეტაპი. ჩვენ საფუძველს ვუყრით ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ახალ თაობებს, მოწინავე იდეებს მუდმივად უნდა დაეთმოს გზა. ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ ხდება სასპორტო მმართველობაში სამართლიანი არჩევნების შედეგად მოსვლა და ასევე ღირსეულად წასვლა. სწორედ ეს გახდება სათავე ქართული კალათბურთის განვითარებისთვის, მისთვის სტაბილური გარემოს დამკვიდრებისთვის და სპორტული მიღწევების მდგრადობისათვის. ამიტომაც გთხოვთ ყველას თანადგომას და მონაწილეობას ქართული კალათბურთის უკეთესი მომავლისათვის შრომაში.