ქინქლაძის ვარსკვლავი მესიზე ბევრად ადრე აინთო - ბრიტანელი ფანის წერილი - კვირის პალიტრა

ქინქლაძის ვარსკვლავი მესიზე ბევრად ადრე აინთო - ბრიტანელი ფანის წერილი

მსოფლიო სირცხვილით უნდა იწვოდეს, თუ მართალია, რომ გიორგი ქინქლაძემ მოსკოვში საფეხბურთო აგენტობა დაიწყო.

ქინქლაძე? აგენტი? შენც, ბრუტუს?

ის იყო ადამიანი, რომელიც სამი ტკივილით სავსე, მაგრამ მშვენიერი სეზონის განმავლობაში თამაშობდა კლუბში, რომელიც მის გარშემო ინგრეოდა, იძირებოდა. თან როგორ თამაშობდა - იგი ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა. კაცი, რომელმაც წასვლას ერთგულება არჩია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ორჯერ გავარდა ლიგიდან. როგორც ამბობენ, ამ პერიოდში მან უარი განაცხადა მილანში, ბარსელონაში, ლივერპულსა და სელტიკსში გადასვლაზე. კაცი, რომელიც გახდა არა უბრალოდ კლუბის ლეგენდა, არამედ სახალხო გმირი.

ნუთუ ამ ყველაფრის მართლაც შეიძლება, იგი უბრალო აგენტი გამხდარიყო? ეს ფაქტი მწარე რეალობაში გვაბრუნებს.

ქინქლაძის თამაში ახლახანს მისი ყოფილი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ გამახსენა. ახლა სიტიში იმას განიცდიან, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, ეტყობა, დავიწყებას მიეცა 1995 წელი, როდესაც ჩემპიონთა ლიგას ვინ ჩივის, ზედიზედ ორჯერ გამოვარდნენ - ჯერ პრემიერლიგიდან, შემდეგ კი ჩემპიონშიპიდან.

იმ წლებში მეინ როუდზე მოთამაშე ქინქლაძე ერთადერთი სინათლის ნაპერწკალი იყო უკუნ სიბნელეში. თუ კლუბი დიდად არ განაღვლებდათ, სიტის თამაშებისთვის სწორედ ქინქლაძის გამო უნდა გეყურებინათ. ისეთი ცაცია იყო, მარჯვენა რომც მოგეჭრათ, დიდ განსხვავებას ვერ შეამჩნევდით. დრიბლინგზე გიჟდებოდა, ჩამოიტოვებდა ერთ, მეორე, მესამე მცველს...

შეიძლება გადაჭარბებაში ჩამითვალოთ, მაგრამ ქინქლაძისა და მესის საუკეთესო მომენტებს თუ შევადარებთ, ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენთ. იდეალური ბალანსი, დახრილი თავი, ახლად ფეხადგმული ბავშვის მოკლებიჯიანი სირბილი, ჯიუტად გზის ძებნა, სანამ გასაძრომს არ იპოვნის და მუდმივი ბავშვურობა. თუმცა ქინქლაძე, მესისგან განსხვავებით, ყალბ ცხრიანზე მეტად კლასიკური ათი ნომერი იყო, სტაბილურობით მესისთან ახლოსაც ვერ მივიდოდა, თუმცა გამომგონებლობით და მატჩში გარდატეხის შეტანის უნარით არგენტინელს არ ჩამოუვარდებოდა.

მისმა თამაშის სტილმა კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძლება გაგახსენოთ - გეორგე ჰაჯი, "კარპატების მარადონა". არც იმან უნდა გაგაკვირვოთ, რომ გალათასარაი ქინქლაძეს სწორედ ჰაჯის შემცვლელად მოიაზრებდა.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ქინქლაძემ სიტისთან ერთად პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. შემდგომ  "დერბი ქაუნთიშიც" გამოჩნდა, მაგრამ ის ჯადოსნური ნაპერწკალი, სიტისდროინდელი მაგია აქ უკვე ჩამქრალი იყო. სიტი და ქინქლაძე იმ უცნაურ სიტუაციაში მოხვდნენ, როდესაც კლუბი იძირება, ხოლო მოთამაშე მაღლა და მაღლა მიიწევს. მაგრამ არც ერთი, არც მეორე არ რჩება მოგებული ამ ყველაფრის შემდეგ.

მან გაიბრწყინა ტრანსფორმაციის მომენტში, როდესაც "საკაიფო" ჩრდილოეთის ქალაქი "საკაიფო" კონტინენტალურ ქალაქად გადაიქცა. ეს იყო ერიკ კანტონას, ჯანფრანკო ძოლას, დენის ბერგკამპის, იურგენ კლინსმანის და დავიდ ჟინოლას ხანა, ხალხი, რომლებზეც იმის თქმა, ფეხბურთელები იყვნენო, იგივე იქნება, რაც ჰენდრიქსზე თქმული "ის გიტარაზე უკრავდა".

ქინქლაძეც იქ იყო, მათთან, ერთი სეზონის განმავლობაში.

ოსმან სამიუდინი, "The National"