ანა ტატიშვილი: ჩემი სამშობლო საქართველოა და ყოველთვის ქართველი ვიქნები! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ანა ტატიშვილი: ჩემი სამშობლო საქართველოა და ყოველთვის ქართველი ვიქნები! (ექსკლუზივი)

"ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება... მაგრამ ან უნდა შევეშვა ჩოგბურთის თამაშს, ან ამერიკის სახელით ვიასპარეზო..."

"იცოდეთ, რომ სულით ქართველი ვრჩები და ჩემი გამარჯვება ქართული სულის და გენის გამარჯვება იქნება..."

როგორც ჩანს, ქართული ჩოგბურთის მდგომარეობა ისევ USAშველოა... საქართველო კიდევ ერთხელ დატოვა უძლიერესმა ჩოგბურთელმა... რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციის (წლების განმავლობაში, ბასილაშვილს სწორედ რუსები აფინანსებდნენ. - ავტ.) სახელით ასპარეზობა, გასული კვირის მიწურულს კი ანა ტატიშვილმა მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა! ბასილაშვილი ისტორიულ სამშობლოს მალევე დაუბრუნდა და ქართველ ჩოგბურთელთა შორის დღემდე საუკეთესო რეიტინგი აქვს, აი, ტატიშვილის შემთხვევა კი გაცილებით სერიოზულია: საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 104-ე საფეხურზეა, ამბობს, რომ ჩოგბურთისთვის თავის დანებებას აშშ-ის სახელით თამაში ამჯობინა... 24 წლის სპორტსმენმა სოციალური ქსელით წერილი გაავრცელა და თავისი გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა, მაგრამ მასთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ. გთავაზობთ ანა ტატიშვილის პირველ ინტერვიუს გაამერიკელების შემდეგ:

- დიახ, აშშ-ის მოქალაქეობა მივიღე და ამიერიდან, საჩოგბურთო ტურნირებშიც ამ ქვეყნის სახელით გამოვალ... სულითა და გულით ქართველი ვარ და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. სირთულეების მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი ქვეყანა მესახელებინა, მეამაყებოდა, როდესაც ჩემი გვარის გასწვრივ Georgia ეწერა. თუმცა, არჩევანი აღარ მრჩება - ან უნდა შევეშვა ჩოგბურთის თამაშს, ან ამერიკის სახელით ვიასპარეზო...

- უშუალოდ სპორტულ მხარეზეც ვთქვათ - მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგში შენზე წინ 11 ამერიკელი მეჩოგნეა...

- შეკრებებზე მათთან ერთად ვივარჯიშებ, მოტივაციაც მექნება, რომ დავეწიო და გავუსწრო, მათზე უკეთესი შედეგი ვაჩვენო... თუმცა, ჩემი პირადი მიზნებიც მაქვს და მათ მისაღწევად თავს არ დავზოგავ! იცოდეთ, რომ სულით ქართველი ვრჩები და ჩემი გამარჯვება ქართული სულის და გენის გამარჯვება იქნება...

- ოღონდ, ამერიკული დროშის ქვეშ! დარწმუნებული იყავი, რომ ქართველი ქომაგისთვის საკმაოდ მძიმე სანახავია მოღიმარი ანა ტატიშვილი აშშ-ის დროშით ხელში... იმედია, გადაწყვეტილება ტყუილად არ მიგიღია და ის შენს კარიერაზე დადებითად აისახება...

- მეც ამის იმედი მაქვს... რაც შეეხება დროშას, საჭირო დახმარება რომც მქონოდა, აშშ-ის დროშის ფოტოს მაინც დავდებდი - საქართველოს სახელით ასპარეზობას გავაგრძელებდი, მაგრამ ამერიკული პასპორტიც ხომ მექნებოდა?! თუმცა, როცა ვერანაირ ყურადღებას ვერ ვგრძნობ, კრიტიკა არასამართლიანი მგონია... იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ ქართული სპორტის მესვეურები და გულიანად მოეკიდონ მომავალ თაობებს. ჩემს გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვეუბნები წლების განმავლობაში ქომაგობისთვის. იმედი მაქვს, მათი სითბო მომავალშიც არ მომაკლდება. ძალიან მიყვარხართ ჩემო გულშემატკივრებო. ჩემი სამშობლო საქართველოა და ყოველთვის ქართველი ვიქნები!

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში