მერე რა, რომ... ზანთარაია?! - კვირის პალიტრა

მერე რა, რომ... ზანთარაია?!

"უკრაინა ჩემი სახლია, საქართველო - ჩემი სამშობლო!"

საქართველოდან სხვა ქვეყნის სახელით საასპარეზოდ წასული სპორტსმენი ბევრი გვინახავს, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული კი... გახსენდებათ ვინმე? ტრადიციის შეცვლა გიორგი ზანთარაიას სურს: ძიუდოში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს (ორივე ეს ტიტული ზანთარაიამ უკრაინის სახელით მოიგო. - ავტ.) ძალიან უნდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება! წარმოუდგენელია, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას სახელოვანი თანამემამულის დაბრუნება არ უნდოდეს, მაგრამ ფაქტია - ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ სურვილად რჩება და ამაზე მხოლოდ სპორტსმენი ლაპარაკობს. არადა, ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ სურვილი არ კმარა: ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან ძიუდოისტს უკრაინელები იოლად არ შეელევიან, თანაც, ზანთარაიას არჩევანი ქართული მხარის შეთავაზებულმა პირობებმაც ხომ უნდა გაამყაროს?! ოლიმპიურ ციკლში მისნაირი გამოცდილი მოჭიდავე მისწრება იქნებოდა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მით უმეტეს, უკრაინაში გაზრდილი სპორტსმენის მთავარ ოცნებად სწორედ ოლიმპიური მედალი რჩება. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის - ვისი სახელით იბრძოლებს გიორგი ზანთარაია 2016 წლის ოლიმპიადაზე - ამჟამინდელი თუ ისტორიული სამშობლოს სახელით? ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არა აქვს:

- ამ ეტაპზე ახალი არაფერია - ქართულ მხარეს ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია... თუმცა, არც ჩემი ოცნება შეცვლილა - მინდა, საქართველოს სახელით ვიბრძოლო!

- ქართული ძიუდოს ხელმძღვანელებთან გილაპარაკიათ ამ თემაზე? იციან, საქართველოში დაბრუნება რომ გსურთ?

- მათთან არ მილაპარაკია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი სურვილი "ლელოსთან" ინტერვიუში გავახმიანე, საქართველოდან ბევრმა დამირეკა, ძალიან გვინდა დაბრუნდეო... იმ ინტერვიუს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებიც ხომ ნახავდნენ?! ჯერჯერობით, არავინ დამკავშირებია და ვნახოთ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რა იქნება. თუ უკრაინიდან სადმე წავალ, მხოლოდ საქართველოში, მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმი ხომ არ კმარა? საქართველოში ფინანსური ხელშეწყობაც ხომ უნდა მქონდეს?!

- არც ამაზე ყოფილა ლაპარაკი?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედი მაქვს, იქნება... მინდა, კარიერა საქართველოში დავასრულო. ქართველი ვარ და რატომ უნდა დავრჩე აქ?! მითხარით, რატომ უნდა დარჩეს ჩემი გვარი უკრაინაში? სად ზანთარაია და სად - უკრაინა, რომელი უკრაინელი მე ვარ?! უკრაინისთვის უკვე ბევრი მოვიგე და მინდა, წარმატებას საქართველოსთვისაც მივაღწიო. დიდი მადლობა ქვეყანას, რომელიც ჩემს სახლად მიმაჩნია. ოც წელიწადზე მეტია, აქ ვცხოვრობ, უკრაინამ მომცა ყველაფერი, რაც მაქვს, მაგრამ... ქართველი ვარ და რამდენი წელიც უნდა ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში, ქართველად დავრჩები!

- თუ საქმე საქმეზე მიდგა, უკრაინელები გამოგიშვებენ?

- ვერ გეტყვით. უკრაინაში ახლა ისეთი ვითარებაა, არავინ იცის, რა მოხდება... მაგრამ თუ კარგი შემოთავაზება მექნება და დაბრუნებას გადავწყვეტ, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამომივა...

- ფინანსურის გარდა, სპორტული მხარეც ხომ გასათვალისწინებელია? როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ლაშა შავდათუაშვილმა წონა შეიცვალა და 66-ში აღარ ჭიდაობს, კონკურენციის არ გეშინიათ...

- უკრაინასთან შედარებით, საქართველოში გაცილებით ძლიერი ძიუდოისტები არიან და კონკურენციაც მეტი იქნება. თუმცა, ეს კარგიც არის - როცა ჯანსაღი კონკურენციაა და ნაკრებში მოსახვედრად ბრძოლა გჭირდება, მოტივაცია მეტია, შედეგი კი - უკეთესი...

- იმედია, საქართველოში მალე დაბრუნდებით... მაგრამ როგორ ფიქრობთ, უკრაინელები თქვენს ამ ნაბიჯს სწორად გაიგებენ, თუ უმადურად ჩაგთვლიან?

- უკრაინა ჩემი სახლია, საქართველო - ჩემი სამშობლო! ამიტომაც არა მგონია, ვინმესთან თავის მართლება დამჭირდეს... ვისაც გაგება უნდა, ისედაც გამიგებს, მაგრამ თუ კაცს არ უნდა, რამდენიც უნდა აუხსნა, მაინც ვერ გადაარწმუნებ...

- ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი 60 კილოგრამში გახდით, 66-ში გადასვლის შემდეგ კი ასეთი რანგის ტურნირზე აღარ გაგიმარჯვიათ... ეს რისი ბრალია?

- ჯერ მხოლოდ მეორე წელია, რაც ახალ წონაში ვჭიდაობ. პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო კი მოვიგე, მაგრამ... გეთანხმებით - ისეთი შედეგი, როგორიც უმჩატეს წონაში მქონდა, 66-ში ჯერჯერობით არა მაქვს. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიჭიდაო? მაქსიმუმ, სამი-ოთხი წელიწადი. ასე რომ, დარჩენილ წლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო. მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ოლიმპიადაზე გამარჯვებაა.

- ხუთი წლის იყავით, როცა გალიდან კიევში გადასახლება მოგიხდათ (ზანთარაიების ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი. - ავტ.), მაგრამ ქართულად თავისუფლად ლაპარაკობთ...

- ოჯახში უფრო ხშირად მეგრულად ვლაპარაკობთ და ქართულზე მეტად მეგრულად ლაპარაკი მეხერხება. თუმცა, ქართული აქცენტი მაინც მაქვს (იცინის).

- თქვენი მეუღლე ხომ უკრაინელია, მეგრულად ვის ელაპარაკებით ხოლმე?!

- მეუღლე უკრაინელია, მაგრამ ცოტაოდენი ქართული უკვე ისწავლა. სანამ დავოჯახდებოდი და ცალკე გადავიდოდით საცხოვრებლად, მშობლებსა და ძმასთან ერთად ვცხოვრობდი და მეგრულად მათ ველაპარაკებოდი. ახლა იშვიათად... შვილს კი აუცილებლად ვასწავლი ქართულ ენას! პირველი წლები, ძიუდოში ვარჯიში რომ დავიწყე, ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა: უკრაინაში ახალი ჩამოსული ვიყავით, არაფერი გაგვაჩნდა და არც მიფიქრია, რომ ოდესმე ძიუდოისტი გავხდებოდი... იმ წლებში უკრაინის მოქალაქეობაც კი არ აგვიღია, რადგან ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ აქ დარჩენა დიდხანს არ მოგვიწევდა... როცა შეჯიბრებაზე წასვლა დამჭირდა და მწვრთნელმა მითხრა, მხოლოდ მას შემდეგ ავიღე უკრაინული პასპორტი. მამაჩემს კი დღემდე არ მიუღია უკრაინის მოქალაქეობა...

- თქვენი მეუღლე ყოფილი ძიუდოისტია, არა?

- დიახ და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონიც კი იყო! ახლა სპორტულ დარბაზში ბავშვებს ავარჯიშებს და ძიუდო მისთვის ჰობია.

- ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონების ოჯახი გაქვთ (თქვენ მსოფლიო ჩემპიონიც ხართ) და როცა თქვენი შვილი წამოიზრდება, მინიმუმ, კონტინენტის პირველობა მაინც ხომ უნდა მოიგოს?!

- (იცინის). ვნახოთ. ჯერ ორი წლისაც არ არის, თუმცა, კიმონო უკვე აქვს და ზოგჯერ ჩემს ვარჯიშებსაც ესწრება...

- გალში 2010 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, რადგან იქ დაძაბული ვითარებააო, თქვით. არადა, ბოლო დროს, დაძაბულობით არც უკრაინა ჩამორჩება...

- უკრაინაში მართლაც ცუდი ვითარებაა. არადა, ომის გამო ერთხელ უკვე მომიხდა ქვეყნის დატოვება და აღარ მსურს, ასეთი რამ განმეორდეს... როცა ჩემი მშობლები აქაურებს აფხაზეთის ამბებს უყვებოდნენ, უკრაინელებისთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა, მსგავსი რამ მომხდარიყო. სამწუხაროდ, ახლა თავადაც გამოცადეს...

- უკრაინაში გაიზარდეთ, პიროვნულადაც იქ ჩამოყალიბდით, თუმცა... ალბათ, მაინც ქართული ხასიათი გაქვთ...

- რამდენი ხანიც უნდა მეცხოვრა უკრაინაში, ქართულად სიტყვაც რომ არ ვიცოდე, მაინც ქართველი ვიქნები... უკრაინელები კარგი ხალხია, მაგრამ მათი მენტალიტეტი მაინც განსხვავდება ჩვენგან. არ ვიცი რით, შესაძლოა, ქცევითაც კი, მაგრამ ვხედავ რომ განვსხვავდები მათგან... სხვათა შორის, ეს ჭიდაობის დროსაც მეტყობა - თუ ხასიათზე ვარ, კარგად ვჭიდაობ, თუ არადა...

- საქართველოდან წასული სპორტსმენი ბევრი გვინახავს, დაბრუნებული კი - თითქმის არავინ... იქნებ სწორედ თქვენ შექმნათ პრეცედენტი, რომელსაც მერე სხვებიც მიჰბაძავენ...

- უკვე გითხარით, რომ ეს ჩემი ოცნებაა. ოცნება კი ყოველთვის ახდება და მჯერა, მეც ამისრულდება!

- ქართველ მეტოქეებსაც ისეთივე განწყობით ეჭიდავებით ხოლმე, როგორც სხვებს?

- წლების წინ, პირველად რომ წავაგე ქართველ ძიუდოისტთან, მწვრთნელებმა ისე მისაყვედურეს, თითქოს ძალით წამეგოს. მას შემდეგ ვცდილობ, ქართველთან არ წავაგო, სალაპარაკო რომ არ გახდეს! ისე კი, ქართველი ძიუდოისტების უმეტესობას ვიცნობ და ძალიან კარგი დამოკიდებულებაც გვაქვს. მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გყავთ!

- ქართული კერძები თუ გიყვართ?

- ყველაზე მეტად ხინკალი მიყვარს. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, პირველად სახინკლეში მივდივარ (იცინის). დედა ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს - ღომს, ლობიოს, ხაჭაპურს... კიევშიც არის ქართული რესტორანი, მაგრამ საქართველოში მომზადებულ საჭმელს მაინც სხვა გემო აქვს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ქართულ მიწაზეა მოყვანილი.