"გგონიათ, საქართველოში ფეხბურთი უყვართ?!" - მინაშვილი მაყურებელთა კრიტიკას პასუხობს - კვირის პალიტრა

"გგონიათ, საქართველოში ფეხბურთი უყვართ?!" - მინაშვილი მაყურებელთა კრიტიკას პასუხობს

"რა ვუპასუხო ამ პრეტენზიებს... თავის მართლება დავიწყო?!"

"ტოტალიზატორს თამაშობენ და წაგებაზე დაბოღმილები ჩემსკენ იშვერენ თითს... ხალხი როდესაც დაბოღმილია, სულ რომ სასწაულები აკეთო, მაინც არ მოეწონებათ."

"ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც სხვა ყველა და თუ შეცდომა მომივიდა, აუცილებლად ვცდილობ გამოვასწორო ხოლმე."

რამდენიმე დღეა, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ქართველ გულშემატკივარს აქვს საშუალება, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს უყუროს. მატჩებს, სხვა პროფესიონალ და მოყვარულ კომენტატორებთან ერთად, პირველი არხის ჟურნალისტი დავით მინაშვილიც უძღვება. სოც. ქსელებში რამდენიმე გვერდია გახსნილი, სადაც დავით მინაშვილის მიმართ პრეტენზიებზე წერენ და მის სტილს აკრიტიკებენ. ჩვენ დავუკავშირდით მინაშვილს და ვთხოვეთ, მაყურებელთა კრიტიკისათვის ეპასუხა.

 

დავით მინაშვილი:

- ვერ ვხვდები, რა შეიძლება ვუპასუხო ამ პრეტენზიებს. თავის მართლება დავიწყო?! ზოგი წერს, რომ ვითომდა მომზადებული არ ვარ და ისე მიმყავს რეპორტაჟები, და ეს არის აბსურდი. სხვათაშორის, მსგავსი პრეტენზიები მხოლოდ ახლახანს წამოვიდა, თორემ ადრე პირიქით ამბობდნენ, რაში გვაინტერესებს, ამდენს რომ ლაპარაკობს, აჯობებს ფეხბურთი გაარჩიოსო, ახლა ამბობენ, რატომ არ ამბობს და გეკითხებით, როგორ უნდა მოვიქცე?! იცოდეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თამაშზე მოუმზადებელი არავინ არ დაჯდება

 

- თბილისის ფორუმზე ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ თქვენ ხშირად გეშლებათ ამა თუ იმ ფეხბურთელისა და კლუბის დასახელება...

- რანაირად უნდა შემეშალოს, როდესაც ვხელმძღვანელობ ფიფას საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით?

 

- თქვენს წაყვანილ რეპორტაჟებს თუ უყურებთ და თუ არჩევთ ხოლმე?

- რა თქმა უნდა და შენიშვნებიც შემიტანია ჩემს წაყვანილში, რომელიც მერე გამომისწორებია.. ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც სხვა ყველა და თუ შეცდომა მომივიდა, აუცილებლად ვცდილობ გამოვასწორო ხოლმე.

 

- ბევრს მოსწონს ლათინური ამერიკის ქვეყნების კომენტატორები წაყვანის სტილი, რადგან მათგან ძალიან დიდი ემოცია მოდის...

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ალჟირი-კამერუნის ან რუსეთი-სამხრეთ კორეის თამაშზე ქართველ კომენატორს რომ ისეთი ემოცია ჰქონდეს, რაც მათ აქვთ, არ იქნება გასაკვირი? მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს იქნებოდა ყალბი ემოცია და მირჩევნია, ისე გავაგრძელო, როგორც აქამდე. ბოლო პერიოდში მოდაში აზიელი კომენტატორებიც შემოვიდნენ, რომელთა წაყვანის სტილია, როდესაც გოლი გავა ყვირიან ძალიან დიდი ხმით და დიდხანს. როდესაც შენი გუნდი თამაშობს, მაშინ შეიძლება ასთი ემოცია გქონდეს და მქონდა კიდეც საქართველო-ხორვატიის თამაშის დროს, მაგრამ უცხო გუნდზე რთულია. აქ სხვა მომენტიცაა, მაგ. ბრაზილია-არგენტინის თამაშზე რომ გამოვამჟღავნო ასეთი ემოცია, უარყოფითი რეპლიკები თქვენ მერე ნახეთ. თანაც როდესაც ადარებენ ქართველ და უცხოელ კომენტატორებს ყველას ავიწყდება, რომ ჩვენ ტელევიზორით ვუყურებთ თამაშებს, ხოლო უცხოელებს უშუალოდ სტადიონიდან მიჰყავთ რეპორტაჟები.

 

- საქართველოს ნაკრების თამაშები ყოველთვის სტადიონიდან მიგყავთ, თუმცა ამის მერეც არა ნაკლები პრეტენზიები ყოფილა ხოლმე...

- ხალხი როდესაც დაბოღმილია, სულ რომ სასწაულები აკეთო, მაინც არ მოეწონებათ. ტოტალიზატორს თამაშობენ და წაგებაზე დაბოღმილები ჩემსკენ იშვერენ თითს. ერთს დადებული აქვს მეტ კუთხურზე, მეორეს ნაკლებ ყვითელზე და ასეთ დროს ღიზიანდება ყველაფერზე და პირველ რიგში ვის უნდა დააბრალოს, თუ არა კომენტატორს?! საერთოდ მინდა გითხრათ, ძირითადი მასა ფეხბურთს საქართველოში უყურებს ოთხ წელიწადში ერთხელ. თქვენ გგონიათ, საქართველოში ფეხბურთი უყვართ?! საქართველოში ფეხბურთი არ უყვართ, ტოტალიზატორში თამაშობენ და მაგიტომ უყურებენ, თან მოდაშია მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება, თორემ რომ უყვარდეთ, სხვანაირად გამოხატავდნენ. რატომ არავინ დადის შიდა ჩემპიონატის თამაშებზე? ვიკითხე და ის ადამიანები ვინც ყველაზე მეტად აქტიურობენ, სტადიონზე არ ყოფილან მთელი ცხოვრება, მაგრამ ფეხბურთი უყვართ. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

 

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)