მუმლაძე: "ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი... მაგრამ მაინც ისევე მოვიქცეოდი, როგორც იმ ეპიზოდში!" - კვირის პალიტრა

მუმლაძე: "ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი... მაგრამ მაინც ისევე მოვიქცეოდი, როგორც იმ ეპიზოდში!"

”მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, გოლი გამეტანა და ”ბურსას” ფანები გამემწარებინა”

საჩხერის ”ჩიხურამ” პენალტების სერიაში აჯობა თურქულ ”ბურსასპორს” და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ”ნეფთჩის” შეხვდება. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ თურქულ კლუბთან გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს ლაზათი თორნიკე მუმლაძის საქცეალმა დაუკარგა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ, იმერული კლუბის ფეხბურთელმა მაისური გაიძრო, ბალახზე გასრიალდა და... თურქ ქომაგებს უხამსი ჟესტით გადაუხადა სამაგიერო. რისთვის?! თორნიკე მუმლაძე ამაზე თავად იტყვის:

- პირველი მატჩის დროს, თურქმა ქომაგებმა გინების და უხამსი ჟესტების გარდა, არც სანთებელების და მონეტების ”წვიმა” დაგვაკლეს, ლამის თავები დაგვიხეთქეს... ამიტომაც, ერთი სული გვქონდა, აქ ჩამოსულიყვნენ და სამაგიერო მათი კლუბის დამარცხებით გადაგვეხადა! როცა პენალტს ვურტყამდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, გოლი გამეტანა და ”ბურსას” ფანები გამემწარებინა!

- გასაგებია, რომ თურქ გულშემატკივარზე გაბრაზებული იყავით, მაგრამ თქვენს საქციელს გამართლება მაინც არ აქვს!

- თავს არც ვიმართლებ - პირიქით, ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი... თამაში რომ დასრულდა და ემოცია ცოტათი გამინელდა, მივხვდი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი. თურქი ფეხბურთელების გასახდელში შევედი და მოვუბოდიშე.

- მართალია, რომ განმეორებითი მატჩის წინ, თურქებმა ”ჩიხურას” ფეხბურთელებს 8-8 ათასი დოლარი შესთავაზეს მატჩის დათმობის სანაცვლოდ?

- ვერ გეტყვით, პირადად მე მსგავსი რამ არ გამიგია... ისე კი, რა თანხაც არ უნდა შემოეთავაზებინათ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდით!

- იმ მომენტის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, ალბათ, სხვაგვარად მოიქცეოდით...

- არ ვიცი... მაგრამ როგორც გითხარით, ისე მინდოდა თურქებისთვის სამაგიეროს გადახდა, ალბათ, ისევე მოვიქცეოდი, როგორც იმ ეპიზოდში!

- გამოუცდელობა ასეთი საქციელის გასამართლებლად ნამდვილად არ გამოდგება. ქომაგის გულისწყრომის გარდა, დისციპლინარულ სასჯელსაც აუცილებლად მიიღებთ!

- როგორც ვიცი, უეფასგან ერთმატჩიან სასჯელი მელის და ბაქოს ”ნეფთჩისთან” პირველ მატჩს, ალბათ, გამოვტოვებ. რაც შეეხება ”ჩიხურას” სანქციას, ამაზე ჯერ არაფერი ვიცი.

- მაქსიმე ქვილითაიამ ”ბურსასთან” გამარჯვება დიდგორის ბრძოლას შეადარა... თქვენ რას იტყვით, რის ხარჯზე მოახერხა ”ჩიხურამ” ფავორტის ძლევა?

- ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ყურადღებით გვეთამაშა დაცვაში და გოლი არ გაგვეშვა. ბიჭებმა მწვრთნელის მიერ სწორად არჩეული ტაქტიკა ზუსტად შეასრულეს, მაყურებლის თანადგომაც ძალიან დაგვეხმარა...

- აგრესიულობით, თურქებს არც აზერბაიჯანელი ქომაგი ჩამორჩება და იმედია, ემოციებს აღარ აჰყვები...

- შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მხრიდან, მსგავსი რამ ნამდვილად აღარ განმეორდება!

იხ.ვიდეო

რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)