"საქართველომ ჯერ კიდევ არ იცის, რა ადამიანი დაკარგა" - კვირის პალიტრა

"საქართველომ ჯერ კიდევ არ იცის, რა ადამიანი დაკარგა"

"თვალებს ვერ ვუჯერებდი, წამში დამთავრდა ამ ენერგიით სავსე ადამიანის სიცოცხლე"

"ახლა დაიწყებენ, ალბათ, მისი განვლილი გზის შეფასებასა და დაფასებას"

75 წლის ასაკში მსოფლიო რეკორდსმენი და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა  გარდაიცვალა. მას გული ჰქონდა დაავადებული და ცოტა ხნის წინ სტენტირება გაიკეთა. როგორ მისი მეგობარი ჰენრი კუპრაშვილი ამბობს, ოპერაცია შესანიშნავად გადაიტანა, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრის ხელში დალია სული.

- "ჯოენის"  კლინიკაში იწვა. ბოლო დროს გული აწუხებდა. 23 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა, 75 წელი შეუსრულდა და, რა თქმა უნდა, შევიკრიბეთ მეგობრები. ჩემს "ფეისბუკის" კედელზე მისი ბოლო ფოტო დევს, მაშინ ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ეს მისი და ჩვენი უკანასკნელი ფოტო იქნებოდა. როგორც ყოველთვის, საოცარ ხასიათზე იყო. საერთოდ, წუწუნი არ უყვარდა, ისე თქვა, ეს გული ისე მაწუხებს, სტენტირება უნდა გავიკეთოო.

ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ნახეთ ფოტოზე, როგორ ყოჩაღად გამოიყურება, არც კი ეტყობა, რომ რამე აწუხებდა. ოპერაციის გაკეთება გეგმურად ჰქონდა გათვალისწინებული, ბარემ მოვიშორებო გადაწყვიტა, 25 ივლისს გაეკეთებინა. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრებმა მოვინახულეთ. უცებ თავი გადაუვარდა და სული ამოუვიდა. თავიდან გონზე ვერ მოვედით, რა მოხდა. შოკში ჩავცვივდით.  მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენი გაღიმებული მეგობარი ხელში ჩაგვაკვდა. როგორც გაირკვა, სტენტირება არაფერ შუაშია, სავარაუდოდ, ინსულტი დაემართა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, წამში დამთავრდა ამ ენერგიით სავსე ადამიანის სიცოცხლე.

- ბოლო დროს ჩვეულებისამებრ აქტიური იყო?

- დიახ, ბოლოს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრო. არც კი ეტყობოდა, თუ რამე აწუხებდა. დილას ადრე დგებოდა, ვარჯიშობდა, ჯვარზე და ასეთ მოკლე მარშრუტებზე ადიოდა ველოსიპედით. ეს მისი ცხოვრების სტილი იყო ზამთარ-ზაფხულ. ჯუმბერი ისეთი თბილი, ალალი, უსაყვედურო კაცი იყო, რომ  არავის აწუხებდა. ყველაფერს ჩუმად იტანდა, მაგრამ დაფასება არ ჰქონდა. ამ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ადამიანს სახელმწიფო არ აფასებდა, მას კი ისე უჭირდა, რომ ხანდახან პურის ფულიც არ ჰქონდა. და მაინც, ვინმე რამეს რომ სთხოვდა, უკან არაფერზე იხევდა, ეხმარებოდა. საწვავი ვალად ჰქონდა ჩასხმული, მაგრამ არაერთხელ შევსწრებივარ, რომ უარს მაინც არავის ეტყოდა. თავისი ალალი თვალებით შემომხედავდა და მეტყოდა, რას ამბობ, დახმარება სჭირდებაო. ვაღიარებ, მე ასეთ რამეს არ გავაკეთებდი, საჭმლის ფული რომ არ მქონდეს, სხვის დახმარებას ვერ შევძლებდი.

საქართველომ ჯერ კიდევ არ იცის, რა ადამიანი დაკარგა. იმხელა დოკუმენტური, კინო და ფოტომასალა აქვს მოგროვებული მთელ მსოფლიოზე, ასევე დღიურები, რაც თავისთავად განძია. 238 ქვეყანა მოიარა და ყველა ადგილიდან ჩამოიტანა უამრავი ფოტომასალა. ქართულ სინამდვილეში ასეთი რამ არავის გაუკეთებია, რომ არაფერი ვთქვა მის რეკორდებზე. ქართული სკოლის მოსწავლეებმა ჯეიმზ კუკი იციან, ისეთ უდიდეს მოგზაურს კი, როგორიც ჯუმბერ ლეჟავა იყო, ალბათ, არც კი იცნობენ.

ის, რაც ჯუმბერმა მარტოდმარტომ გააკეთა, ამერიკელ და ევროპელ მოგზაურებს სახელმწიფოების დახმარებითაც არა აქვთ გაკეთებული.

დასანანია, რომ ყველასგან მივიწყებული იყო, როგორც გითხარით, ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდა, არადა, საზღვარგარეთ ასეთ ადამიანს ხელისგულზე ატარებენ. ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა, - ახლა დაიწყებენ, ალბათ, მისი განვლილი გზის შეფასებასა და დაფასებას. სანამ ცოცხალია, მიხედო და დააფასო, არ ჯობია?! რატომ ვეძებთ და ვიგონებთ გმირებს, როდესაც ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ?!

ლალი პაპასკირი