"ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო არის ისეთი, როგორიც ბანერზეა... ეს იყო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დემონსტრირება..." - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო არის ისეთი, როგორიც ბანერზეა... ეს იყო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დემონსტრირება..."

გუშინ ბაქოში, ადგილობრივ "ნეფთჩსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის გამართულ მატჩს შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აზერბაიჯანელების გაღიზიანება "ქართული სპორტის ქომაგების" მიერ გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია, სადაც საქართველოს რუკა იყო გამოსახული, რომელზეც ისტორიული ჰერეთი საქართველოს ფარგლებში იყო მოქცეული. იყო თუ არა ეს ქართველი გულშემატკივრის მხრიდან პროვოკაცია ამ კითხვით "ქართული სპორტის ქომაგების" წარმომადგენელს ბექა ნოზაძეს მივმართეთ:

- ეს ბანერი დამზადებული იყო რამდენიმე თვით ადრე და კონკრეტულად ამ თამაშისთვის ნამდვილად არ დაგვიმზადებია. ეს ბანერი "ქართული სპორტის ქომაგებს" ყველა თამაშზე დაგვაქვს. თურქეთშიც გვქონდა წაღებული და იქ არავის გამოუთქვამს პრეტენზია. საქართველოს ნაკრების თამაშებზეც მუდმივად გაგვაქვს. არ ვთვლი, რომ ეს ბანერი პროვოკაციის ნიშნებს შეიცავდა.

- ბუნებრივია, საქართველოში ეს დროშა არავის გააღიზიანებდა...

- გიმეორებთ, ეს დროშა იყო თურქეთშიც და იქ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს არავის. სამწუხაროდ, არავინ არ უსვამს ხაზს, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ქართველ გულშემატკივარს არანაირი დაცვა არ ჰყოლია, მთელი მატჩის განმავლობაში მათი გულშემატკივრის მხრიდან იყო პროვოკაციული ქმედებები, ჩვენს გასაღიზიანებლად ყვიროდნენ "რასიას", შეურაცხყოფას გვაყენებდნენ ჟესტიკულაციით და გვაგინებდნენ.

- რამდენდაც ცნობილია, მატჩის მერე თქვენი რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს კიდეც...

- თამაშის შემდეგ სპრეცრაზმმა გააკეთა კორდონი და ისე გამოვედით. გულშემატკივრები შეგვიყვანეს ოთახში, მერე კი სპეცრაზმმა სამი ქართველი გულშემატკივარი დააკავა. ბიჭები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ყავდათ ჩაკეტილი. აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მხრიდან ცემასაც ქონდა ადგილი და ჩვენმა ბიჭებმა ფიზიკური დაზიანებებიც მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვიყავით, არ მოერიდნენ ჩვენ ცემას.

- "ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ ის ვინც რუკა ჩამოკიდა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არააო...

- მე მგონი, სოსო ფრუიძემ მერე ისიც თქვა, რომ მე ამ შემთხვევაში ბოდიში არ მომიხდიაო, თუმცა სოსო ფრუიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს წინააღმდეგ რაიმე თქვა, მაინც მოუწევს ჩვენთვის პასუხის გაცემა.

- რა მიზნით იყო ბანერი გამოფენილი? რის დამტკიცება გსურდათ ამ ბანერის საშუალებით?

- ჩვენთვის ეს იყო დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა, რადგან ბანერზე წერია ოთარ ჭილაძის სიტყვები: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". ჩვენ არ ვთვლით, რომ საქართველოს ტერიტორია არის ის, რასაც დღეს ვხედავთ, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო არის ისეთი, როგორიც ბანერზეა და სწორედ ამის დემონსტრირება გვინდოდა. ჩვენ არ გვინდა არანაირი ეთნიკური დაპირისპირება და სახელმწიფოთა შორის შუღლის გაღვივება. გვაბრალებდნენ, თითქოს სომხების მაისურით ვიყავით და ეს არის ტყუილი, მსგავსი რამ იდეადაც არ გვქონია.

- ბრძანებთ ის რაც ნებით არ დაგვითმია დაკარგული არააო, თუმცა საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს პრეტენზია იმ ტერიტორიებზე, რომელიც ბანერზე იყო გამოსახული...

- საქართველოს მოქალაქეები ვართ და ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება და აქედან გამომდინარე, მე და ჩემი მეგობრები არ ვეთანხმებით საქართველოს მთავრბოის პოზიციას და ვფიქრობთ ისე, როგორც გამოვხატავთ კიდეც ბანერზე..

- როგორც თქვით აზერბაიჯანელი გულშემატკივარი ძალიან ცუდად გექცეოდათ, 7 აგვისტოს განმეორებითი მატჩის დროს ხომ არ აპირებთ სამაგიეროს გადახდას?

- ქართველებმა ვიცით ღირსეული მასპინძლობა და ჩვენ ე.წ. "აბაროტის" აღება არ გვჩვევია. ვინც მეგობრულად მოვა, მივიღებთ მეგობრულად, თუ ვინმე ისეთ პროვოკაციების მოწყობას გადაწყვეტს, რაც აზერბაიჯანში გააკეთეს, პასუხიც ადეკვატური იქნება. ჩვენი მხრიდან არავითარ პროვოკაციას არ ექნება ადგილი

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)