ვიტალი დარასელია უმცროსი: "ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ნარკომანი ვარ, მაგრამ..."(ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ვიტალი დარასელია უმცროსი: "ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ნარკომანი ვარ, მაგრამ..."(ექსკლუზივი)

"მამაზე მაგარი რომ ვყოფილიყავი, მაშინ "ბარსელონაში"უნდა მეთამაშა"

"ჩემი ბრალეულობის დამადასტურებელი ერთი სამხილიც არ ჰქონდათ, მაგრამ... ქართველია და მორჩა!.. მოსამართლეს ვკითხე კიდეც, ამდენს მხოლოდ იმიტომ მისჯით, ქართველი რომ ვარ-მეთქი? ხმა არ ამოუღია... რა ქნან, რასაც "ზემოდან"ავალებენ, იმას აკეთებენ"

"შევჩენკოს ვთხოვე, იქნებ გამიგო, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი? 20 წუთში დამირეკა და... შენს სანაცვლოდ რომ ითხოვენ, მაგდენი თანხა ჩემში არ მოუთხოვიათო"

"ბუტირკის"ციხეში ტყუილუბრალოდ გატარებული 14 თვის შემდეგ, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ უმცროსი ვიტალი დარასელია დარბაზიდან გაათავისუფლა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვაჟი ბინის გაქურდვის და მოპარული ნივთების გაყიდვის ბრალდებით 2013 წლის 23 მაისს ცარიცინოს რადიობაზრობაზე დააკავეს ირაკლი გოლანძიასთან ერთად. გოლანძიამ აღიარა, რომ ბინა მართლაც გაძარცვა, ბაზრობაზე კი მოპარული ტექნიკის გასასაღებლად და ვიტალისთვის ვალის დასაბრუნებლად მივიდა. იმის მიუხედავად, რომ დარასელიას ბრალის დამამტკიცებელი ერთი სამხილიც კი არ არსებობს (დანაშაულთან მისი კავშირი არც ვიდეოთვალისა და სატელეფონო ამონაწერის გაშიფვრით დადასტურდა. - ავტ.), საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს! 1981 წლის 13 მაისის ფინალის გმირის შვილს მოსკოვის ჩერიომუშკის რაიონულმა სასამართლომ ასე ორიგინალურად მიულოცა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების 32-ე წლისთავი... საბედნიეროდ, მეორე ინსტანციის სასამართლო გაცილებით ობიექტური გამოდგა და მიმდინარე წლის 17 ივლისს ვიტალი დარასელია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისისა და ბათუმის "დინამოს", კიევის ცსკა-ს, ვლადიკავკაზის "ალანიას", ყარაგანდის "შახტიორის", კიშინიოვის "დაჩიას", ბოლნისის "სიონისა"და თბილისის "ლოკომოტივის"ყოფილი ფეხბურთელი ახლა თბილისშია, "კვირის პალიტრასთან"ექსკლუზიურ ინტერვიუში კი მხოლოდ ციხეში გატარებულ პერიოდზე არ ულაპარაკია:

- ირაკლი გოლანძიას ოჩამჩირიდან ვიცნობ. ჩემი ვალი ჰქონდა და სავაჭრო ცენტრში შევხვდი, ფული რომ დაებრუნებინა. ტელეფონიც უნდა მეყიდა. როგორც გაირკვა, ირაკლი მოპარულ ნივთებს ყიდდა. დაკავებისას ერთად არ ვყოფილვართ, ამას მილიციელებიც ადასტურებდნენ, მაგრამ განყოფილებაში მაინც ორივე წაგვიყვანეს...

- გოლანძიამ ხომ აღიარა, რომ მოპარული ნივთების გაყიდვას ცდილობდა?

- დიახ, აღიარა! სასამართლოზე ისიც თქვა, მრცხვენია, ვიტალი ჩემ გამო ტყუილუბრალოდ რომ დაიჭირესო... მაგრამ გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ ერთმა ქართველმა მეორის გადარჩენის მიზნით აიღო დანაშაული თავზე. ცხრაჯერ ჩამიტარეს ექსპერტიზა, თურმე, ჩემი თმის ღერის დაგდებასაც კი აპირებდნენ დანაშაულის ადგილას, ბრალდება რომ გაემართლებინათ... ჩემი ბრალეულობის დამადასტურებელი ერთი სამხილიც არ ჰქონდათ, მაგრამ... ქართველია და მორჩა! "თანამზრახველობა"არ მაკმარეს და ძარცვის "ორგანიზატორობისთვის"2,5 წელი მომისაჯეს! შენც აღიარე და გოლანძიას მსგავსად, "მხოლოდ"2 წელიწადს მოგისჯითო! რაც არ ჩამიდენია, რა მეღიარებინა?! მით უმეტეს, ნახევარი წლის ხათრით? წელიწადი და ორი თვე ისედაც ვიჯექი "ბუტირკაში"...

- როგორ ექცევიან რუსეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს?

- მეტ-ნაკლებად ქართველებს ისევ გვცემენ პატივს. ბევრმა მიცნო კიდეც... პირობებს რაც შეეხება, რუსეთის ციხეებშიც არის მაღაზიები და საკვებს იქ ვყიდულობდით, თორემ ციხის "ბალანდის"ჭამაზე ლაპარაკიც ზედმეტია!

- საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებისგან თუ გრძნობდი ყურადღებას?

- "ბუტირკაში"მნახველების მოსვლის შესაძლებლობა არ იყო. ისე კი ბევრი ფეხბურთელისგან ვგრძნობდი მხარდაჭერას: გიორგი ქინქლაძისგან, ახრიკ ცვეიბასგან და სხვებისგან... თუ დამნაშავეა, დასაჯეთ, მაგრამ ტყუილუბრალოდ ნუ მიუსჯითო, ასე მიუდგნენ საქმეს და მეორე ინსტანციის სასამართლომ მართლაც ობიექტურად განიხილა. თორემ ვინმე ჩარეულიყო ან ფული გადაეხადა, ასეთი რამ არ ყოფილა...

- ბედის ირონიით, მაინცდამაინც მაისში დაგაკავეს - მამის ისტორიული გოლის 32-ე წლისთავიდან რამდენიმე დღეში...

- არც მახსენდება, ოდესმე რუს სამართალდამცავებს გავეჩერებინე. არადა, მაინცდამაინც იმ დღეს იყო სავაჭრო ცენტრში მილიციის რეიდი და... უდროო დროს და უადგილო ადგილას აღმოვჩნდი... ადვოკატმა პირდაპირ გვითხრა, ყველა რუსული კოდექსის ბოლოში არის მუხლი "კავკასიური საკითხი", კავკასიელია და წარმომავლობას ხომ ვერ გადავუკეთებო?! პირველი ინსტანციის მოსამართლეს ვკითხე კიდეც, ამდენს მხოლოდ იმიტომ მისჯით, ქართველი რომ ვარ-მეთქი? ხმა არ ამოუღია... რა ქნან, რასაც "ზემოდან"ავალებენ, იმას აკეთებენ.

- ფეხბურთზე გადავიდეთ: ბევრისგან გამიგია, რომ მამაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყავი, თუმცა...

- პოტენციალი სანახევროდაც ვერ გამოვავლინე... უპირველესად ეს ჩემი ბრალია, მაგრამ სხვა მიზეზებიც იყო... "ალანიას"ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყავი, შვიდ მატჩში საუკეთესო ნახევარმცველად დამასახელეს და ნუთუ არ ვიმსახურებდი ნაკრებში გამოძახებას?! კლუბის განაცხადშიც რომ ვერ ხვდებოდნენ, ისეთი ფეხბურთელები იყვნენ ნაკრებში, მე კი არა!

- და გული აიცრუე?

- ბევრმა არც იცის, რომ სანამ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი, უკრაინის ეროვნულ ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ! კი ბატონო, არ წავედი, მაგრამ არც საქართველოს ნაკრებში რომ არ მიწვევდნენ? არც მიშვებ და არც აქ მათამაშებ?! მოგვიანებით, როგორც იქნა, დამიძახეს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ მხოლოდ 15 წუთით შემიშვეს მოედანზე, ისიც იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებში მქონოდა ნათამაშები და სხვაგან ვეღარ წავსულიყავი! ვლადიმირ ბესონოვი გაკვირვებული ეკითხებოდა დედაჩემს, ქართველების ვერაფერი გამიგია, ვითომ უკრაინაზე მაგარი ნაკრები გყავთ, დარასელიას რომ არ იძახებთო?

- თუმცა, როცა საქართველოს ნაკრებში გათამაშებდნენ, შთამბეჭდავი მატჩები არც მაშინ გქონია...

- ფაქტობრივად, ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ დამიწყია თამაში, მე კი არ ვიყავი ისეთი ფეხბურთელი, შეცვლაზე რომ შედიან და გარდატეხა შეაქვთ - თავიდანვე უნდა მეთამაშა... ტრავმებმაც ძალიან დამხია უკან... გამოჯანმრთელების შემდეგ, "ალანიაში"რომ დავბრუნდი, რვა მატჩიდან რვაჯერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი. თუმცა, ვიმეორებ, პოტენციალი ბოლომდე რომ ვერ გამოვავლინე მხოლოდ ჩემი ბრალია!

- რას გულისხმობ?

- სიზარმაცეს... ხშირად მხოლოდ ნიჭის ხარჯზე ვცდილობდი ფონს გასვლას. თანაც, ხასიათის მოთამაშე ვიყავი - რაღაც არ მომეწონებოდა და არ ვთამაშობდი... არადა, სწორედ ასეთი ხასიათის პატრონს სჭირდება მხარდაჭერა, შორს რომ წავიდეს... ყველამ იცის, რომ სიგარეტს თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ვეწეოდი! მწვრთნელები მეუბნებოდნენ, თუ თამაშში არ გიშლის ხელს, მოწიეო, მაგრამ... როგორც ჩანს, ბოლო წლებში ნიკოტინმაც დამატყო კვალი...

- რომ ეწეოდი, ყველამ იცის, მაგრამ უარესი რაღაცებიც გამიგია შენზე...

- საქართველოში ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ნარკომანი ვარ, მაგრამ დამიჯერეთ, მოგონილია ეგ ყველაფერი. ვინც მიცნობს, იცის, რომ არც ვყოფილვარ და არც ახლა ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი! მაგრამ თავის მართლებას ხომ არ დავიწყებ? ხომ მიცნობენ? ყველამ ყველაფერი იცის...

- კარიერის დაწყება თავიდან რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

- ბევრ რამეს... უფრო მეტს მოვითმენდი, ნაკლებად აგრესიული ვიქნებოდი. რაც არ მომწონდა, ყველას პირში ვეუბნებოდი და ამან ბევრჯერ დამხია უკან. ვინც სხვაგვარად იცხოვრა, დღეს ჩემზე გაცილებით კარგად არის. საფეხბურთო თვალსაზრისით კი უფრო მეტს ვიშრომებდი... ბესონოვი ამბობდა, სამ თამაშს ისე ითამაშებს, მარადონა მგონია, მეოთხეში კი დადგება და ზედმეტ ნაბიჯს არ გადადგამსო.

- ვიტალი დარასელიას შვილისთვის ლამის ყველა მატჩი ფსიქოლოგიური წნეხი იქნებოდა - მამისთვის უნდა "გეჯობნა", მისი სახელი არ შეგერცხვინა...

- დამისახელებთ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის ვაჟს, მამაზე უკეთესი კარიერა რომ ჰქონდა?! მით უმეტეს, ასეთი მამის შვილობა ძალიან ძნელია საქართველოში... დიდი პატივია, იყო ვიტალი დარასელიას შვილი, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მამაზე მაგარი უნდა ვყოფილიყავი, ძალიან მიშლიდა ხელს, მით უმეტეს, ვიცოდი, რომ მასზე მაგარი ვერ ვიქნებოდი! მამაზე მაგარი რომ ვყოფილიყავი, მაშინ "ბარსელონაში"უნდა მეთამაშა.

- ხასიათის მოთამაშე ვარო... ყველაზე უკეთ, რომელმა მწვრთნელმა გააცნობიერა ეს?

- ივო შუშაკმა! "ჯიგარი"იყო, ჩინებულად იცოდა ფეხბურთელთან მიდგომა და თან ისე გატრიალებდა თავის ნებაზე, ვერც ხვდებოდი (იცინის). მახსოვს, მაგარი სეზონი მქონდა "დინამოში", მაგრამ კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს... შუშაკთან დასამშვიდობებლად და მადლობის სათქმელად შევედი, თქვენთან მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ შეკრებაზე არ მოვდივარ, კონტრაქტს აღარ მიგრძელებენ-მეთქი. ჩემი ხომ გჯერა? წამოდი შეკრებაზე, დაამტკიცე, რა შეგიძლია და მე ვარ პასუხისმგებელი, რომ კონტრაქტს გაგიგრძელებენო! წავედი, ყველა საკონტროლო მატჩში გოლი გავიტანე და სიტყვა ივომაც შეასრულა.

- "თანამეგობრობის თასიც"შუშაკის ხელმძღვანელობით არ მოიგეთ?

- არადა, არავის სჯეროდა, წარმატებას რომ მივაღწევდით. არ ეგონათ, ჯგუფიდან თუ გავიდოდით და სასტუმროც კი მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩათვლით ჰქონდათ დაჯავშნილი... ყველა მატჩის წინ ფიქრობდნენ, რომ ბოლო თამაში იყო ჩვენთვის, მაგრამ ბოლომდე გავედით!

- გითამაშია კიევში, ვლადიკავკაზში, კიშინიოვში, ყარაგანდაში... ბევრმა არც იცის, რომ იტალიის სერია ა-ს კლუბში გადასვლასთანაც ახლოს იყავი...

- 1998 წელს სერია ა-ს "რეჯინაში"ვიყავი სინჯებზე და პირველივე საკონტროლო მატჩში ორი გოლი გავუტანე "ვერონას"! იტალიური პრესა წერდა, ახალი დელ პიერო ჩამოვიდაო, თუმცა... თავდაპირველად, ჩემ სანაცვლოდ 500 ათასს ითხოვდნენ, ერთი თამაშის შემდეგ მაზანდა მილიონამდე ასწიეს, მერე 1,5 გახდა, მერე - 3 მილიონი! შევჩენკო მაშინ "მილანში"თამაშობდა და მას ვთხოვე, იქნებ გამიგო, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი? 20 წუთში დამირეკა და... შენს სანაცვლოდ რომ ითხოვენ, მაგდენი თანხა ჩემში არ მოუთხოვიათო (იცინის).

- თავისუფალი აგენტი არ იყავი? ვინ ითხოვდა ამდენ ფულს?

- ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რაც მოხდა, მოხდა... კონტრაქტს მხოლოდ ჩემი ხელმოწერა აკლდა, მაგრამ იმხელა ფასი დამადეს...

- 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ხარ დაბადებული. ისიც ვიცი, რომ მშობლიურ კუთხეში, ოჩამჩირეში ახლაც ხშირად ჩადიხარ... ვიტალი დარასელია იქ დღემდე ახსოვთ?

- ყველა ახსოვთ - ვიტალიც, საშაც, ვოვაც და ა.შ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა... აფხაზები და ქართველები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის მტრები!

რატი შელეგია