"ჯენარო გატუზომ თავად დამირეკა" - კვირის პალიტრა

"ჯენარო გატუზომ თავად დამირეკა"

ყაზახურ "აქტობესთან" ორი მატჩის ჯამში 0:4 დამარცხების შემდეგ, თბილისის "დინამოდან" მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის, გუნდის კაპიტანი გიორგი ლორიაც დაითხოვეს. საქართველოს ნაკრების მეკარემ ცოტა ხანს ისევ "დინამოს" ბაზაზე ივარჯიშა, რამდენიმე დღის წინ კი კრეტას მიაშურა, ოღონდ, საბერძნეთის ამ ულამაზეს კუნძულზე დასასვენებლად ნამდვილად არ წასულა - კრეტის "ოფისთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად, უკვე ცნობილია, რომ ქართველი გოლკიპერი კუნძულზე წელიწადზე მეტხანს არ დარჩება და "ოფი" უფრო ძლიერ კლუბში გადასასვლელ "ტრამპლინად" სჭირდება. ყველაზე საინტერესო კი ამ ამბავში ის არის, რომ "ოფს" წვრთნის იტალიელი ჯენარო გატუზო, რომელმაც ლორია კრეტაზე თავად მიიწვია! გიორგი ლორიას ახალ კლუბზეც ველაპარაკეთ და თბილისის "დინამოზეც"...

- რატომ მაინცდამაინც "ოფი"?

- აზერბაიჯანული კლუბი მიწვევდა, იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ბერძნების შემოთავაზება ყველაზე რეალური იყო და ბევრი აღარ მიფიქრია. მით უმეტეს, "ოფის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ თავად დამირეკა, კლუბის პრეზიდენტიც მელაპარაკა... საბოლოოდ არჩევანი სწორედ "ოფზე" შევაჩერე. კონტრაქტი ორწლიანია, თუმცა, აქედანვე შევთანხმდით, რომ ერთი სეზონის შემდეგ სხვა კლუბში გამყიდიან.

- საიდან შეიტყო გატუზომ შენ შესახებ?

- იტალიელი მენეჯერის მეშვეობით. ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ, ჩემი თამაშების ვიდეოჩანაწერებიც ნახეს. მოგვიანებით გატუზო კახა კალაძეს ელაპარაკა, "ოფის" პრეზიდენტი კი თემურ ქეცბაიასაც ესაუბრა. კლუბის ხელმძღვანელებმა მითხრეს, შენს თამაშებსაც ვადევნებდით თვალს და როგორც კი თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღე, მაშინვე დაგირეკეთო.

- რამდენიმე დღეა, ახალ კლუბში ვარჯიშობ. პირობებით კმაყოფილი ხარ?

- "დინამოში" ბევრად უკეთესი სავარჯიშო პირობები გვქონდა, აქაურ ბაზას თბილისურს არც შევადარებ, მაგრამ მთლიანობაში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მატჩიდან მატჩამდე მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო. გასულ სეზონში "ოფი" მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროთასებზე ვერ მოხვდა. თუმცა, მას შემდეგ შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა, ძველი გუნდიდან მხოლოდ სამი მოთამაშეა დარჩენილი. რაც მთავარია, მწვრთნელი გატუზოა და ამან გადაწონა ყველაფერი! კრეტას კი ჩემი რეკლამა რად უნდა - ულამაზესი კუნძულია, საბერძნეთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი...

- საბერძნეთი ფინანსურ კრიზისს ებრძვის. ეს საფეხბურთო კლუბების სტაბილურობაზეც ხომ აისახება?

- ყველგან კრიზისზე ლაპარაკი კი ისმის, მაგრამ თანდათანობით იმართებიან წელში და ძველებურად აღარ უჭირთ. ისე კი, არათუ "ოფის", განსაკუთრებულად დიდი ბიუჯეტი არც ერთ ბერძნულ კლუბს არა აქვს. აქ დიდხანს დარჩენას არც ვაპირებ - ეს გუნდი იმისთვის მჭირდება, რომ ევროპის უფრო ძლიერი კლუბისკენ გავიკვალო გზა და ჩემი სათქმელი ვთქვა! ცოტა უნდა გაიჭირვო კაცმა, წინ რომ წახვიდე...

- იყო პერიოდი, როცა ამბობდნენ, რომ გიორგი ლორიათი "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენ, საბოლოოდ კი ბერძნულ "ოფში" აღმოჩნდი...

- როცა ეს ხმა გავრცელდა, მაშინვე ვთქვი, სისულელეა, რა "რეალი", რომელი "ბარსელონა"-მეთქი! პრესაში ბევრი რამ იწერება, თუმცა, ჩემთვის კონკრეტული არაფერი უთქვამთ.

- ბევრისგან გამიგია, რომ სარეკლამო რგოლებში, კინოში, გადაცემებში მონაწილეობის შემდეგ, გიორგი ლორია ძველებურად ვეღარ თამაშობს... ამაზე რას იტყვი?

- სხვისი ცხოვრების განხილვა არასდროს დამიწყია და იმედია, არც ჩემს ცხოვრებაში ქექვას დაიწყებენ. თუ სარეკლამო რგოლში მონაწილეობა ვინმეს არასწორ საქციელად მიაჩნია, ეს მისი საქმეა. მე კი ვფიქრობ, გასაკვირი არაფერია, თუ ფეხბურთელს რეკლამაში ან ეპიზოდურ როლში გადაიღებენ... მოედანზე შეცდომას ყველა ფეხბურთელი უშვებს, რობოტი უნდა იყო, უშეცდომოდ რომ ითამაშო. დავიჯერო, ვინც ასე ლაპარაკობს ჩემზე, თავად შეუმცდარია? თუმცა, თუნდაც "აქტობესთან" დაშვებული შეცდომა ნამდვილად არ არის იმის ბრალი, რომ გიორგი ლორია რეკლამაში ან ფილმში გადაიღეს. რეკლამაში მონაწილეობა კი არა, ფეხბურთელზე ასეთი ლაპარაკი მოქმედებს უარყოფითად! როცა შეცდომას დაუშვებს, ადამიანს მხარში უნდა დაუდგე, გაამხნევო, თორემ კრიტიკაზე ადვილი რა არის?!

- და მაინც, როგორ ჩანდა მეკარის ბაქნიდან - რატომ დამარცხდა "დინამო" ყაზახეთში?

- თავის მართლებას ან ვინმეს ნაცვლად ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებ. ერთს კი ვიტყვი - ახალი მწვრთნელი მხოლოდ ერთი თვის დანიშნული იყო გუნდში, ასეთ მოკლე პერიოდში შედეგის ჩვენება კი შეუძლებელია... შეთამაშებას, ახალი ტაქტიკის, სისტემის ათვისებას დრო სჭირდება. ისე კი, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რომელიმე ფეხბურთელმა "აქტობესთან" უგულოდ ან ძალის დაზოგვით ითამაშა, ძალიან ცდება! როცა თბილისის "დინამოს" მაისური გაცვია, მოვალეობის მოსახდელად ვერ ითამაშებ! თუმცა, ბურთი მრგვალია და ფეხბურთშიც ხშირად ხდება მოულოდნელობები. ვინმე იფიქრებდა, რომ გერმანიის ნაკრები 7:1 დაამარცხებდა ბრაზილიას? რადგან ასე მოხდა, მთელი გუნდი უნდა დაშალონ ან ფეხბურთის თამაში აუკრძალონ?

- ორი მატჩის ჯამში 0:4 ყაზახურ კლუბთან თბილისის "დინამოსთვის" მაინც ნამეტანია.

- გეთანხმებით, ძალიან შევრცხვით, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყაზახეთის ჩემპიონატში მხოლოდ ყაზახები არ თამაშობენ, საკმაოდ ძლიერი ლეგიონერებიც ჰყავთ. ამიტომაც არასწორია იმაზე ლაპარაკი, რომ "ვიღაც" ყაზახებთან წავაგეთ!

- მტკივნეულ თემაზე გადავიდეთ: ყველაფრის მიუხედავად, ტრანსფერზე დაყენება, ალბათ, მაინც მოულოდნელი იყო შენთვის...

- ჩემს შემთხვევაში ამას ტრანსფერზე დაყენება არც ერქვა - ბატონ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ. "დინამოსთან" დეკემბრამდე მაკავშირებდა ხელშეკრულება, თუმცა, ჩემს სანაცვლოდ კლუბს არაფერი მოუთხოვია და თავისუფალი აგენტის სტატუსი უსასყიდლოდ მომანიჭა, მე კი დეკემბრამდე ასაღებ ხელფასზე ვთქვი უარი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ "დინამო" დამეხმარა და მომცა შანსი, ზაფხულშივე მომეძებნა ახალი კლუბი...

- ბოლო წლებში "დინამოში" მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, კლუბმა არაერთი მწვრთნელი და ლეგიონერი გამოიცვალა, მაგრამ...

- როგორც ფეხბურთში ხდება - პატარ-პატარა შეცდომიდან, საბოლოოდ ერთ დიდ შეცდომას რომ ვიღებთ, ასევეა გუნდის გამართვაშიც. თუმცა, ადამიანი შეცდომებით სწავლობს და იმედია, "დინამოც" მალე მიაღწევს წარმატებას.

- "დინამოს" ფეხბურთელები რა ხელფასსაც იღებდნენ, იმის ნახევარ საქმესაც არ აკეთებდნენო, რომან ფიფიას სიტყვებია... კლუბში მართლაც იყო არაადეკვატურად მაღალი ხელფასები?

- გუნდი და ფეხბურთელი ხელფასზე კონტრაქტის შედგენისას თანხმდება და თუ რომელიმე მხარეს თანხის ოდენობა ხელს არ აძლევს, მაშინვე იტყვის. ის კი ნამდვილად არ არის მართალი, თითქოს ფეხბურთელები მთელი გულითა და მონდომებით არ თამაშობდნენ. მე არ ვიცი "დინამოს" ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე არ იხარჯებოდა.

- ფაქტია, რომ კლუბიდან ფეხბურთელების თითქმის ნახევარი გაუშვეს...

- შეიძლებოდა, ეს ყველაფერი უფრო ადრე ან სხვანაირად მომხდარიყო, მაგრამ რაკი ახლა მოხდა, ესე იგი, ასე იყო საჭირო... "დინამოდან" რომ მოვდიოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სახლს ვტოვებდი. კლუბიდან უკვე წამოსული ვიყავი, მაგრამ მაინც "დინამოს" ბაზაზე ვვარჯიშობდი... ფეხბურთელად "დინამოში" ჩამოვყალიბდი, რაც ვიცი, მისი დამსახურებაა და მინდა, კლუბის ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა ვუთხრა. "დინამოში" გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა, რადგან იქ მხოლოდ გამარჯვებას, ტიტულებს ითხოვენ. იმედია, წლების შემდეგ ისევ "დინამოში" დავბრუნდები და კარიერას იქ დავასრულებ, რადგან თბილისის "დინამო" ჩემი სახლია!

რატი შელეგია