გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი განცხადება ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძეს ეკუთვნის. ქუთაისელმა ფალავანმა გამოაცხადა, - ძიუდოდან მივდივარო და ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.განვლილი წელი ქართული ძიუდოსთვის წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა, გამარჯვებებზე მეტად, შარშანდელი სეზონი კონფლიქტებითა და სკანდალებით გამოირჩა, მაგრამ ირაკლის გადაწყვეტილება მაინც ძალზე მოულოდნელი იყო. ჯერ ერთი, კონფლიქტები მოგვარდა (გარეგნულად მაინც) და ნაკრების ხელმძღვანელიც შეიცვალა, თუმცა, მთავარი ის გახლავთ, რომ პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ცირეკიძე ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და სამშობლოსთვის კიდევ არაერთი გამარჯვების მოტანა შეუძლია.
ხმები ირაკლი ცირეკიძის ძიუდოდან წასვლის შესახებ გასული წლის ნოემბერშიც გავრცელდა. საბედნიეროდ, მაშინ ეს ჭორი აღმოჩნდა. ამჯერად კი, საქმე გაცილებით სერიოზულადაა - ცირეკიძე აცხადებს, რომ საჭიდაოდ განწყობას ვეღარ ახერხებს. არადა, ის ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, ვისაც ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. მსოფლიო ჩემპიონი ცირეკიძე 2007 წელს, რიო დე ჟანეიროში გახდა, ერთი წლის შემდეგ კი, პეკინში, პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ფორუმზეც მოიპოვა ოქროს მედალი. ცივსისხლიანობით ცნობილ ფალავანს ნერვი მაშინაც არ შეტოკებია, მის სამშობლოს რუსული ჭურვები რომ ბომბავდნენ, თავად კი რუს მეტოქეს აბრტყელებდა ტატამზე. ამიტომაც გვიკვირს, რამ გადააწყვეტინა წასვლა და იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებას შეცვლის. მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონატი ჯერაც მოსაგები აქვს.
ირაკლი ცირეკიძე ირწმუნება, რომ თებერვალში, პარიზის ტურნირზე კიმონოს უკანასკნელად მოირგებს. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ფალავანთან ინტერვიუს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ და უშუალოდ ძიუდოისტისგან შეიტყობთ იმ მიზეზებს, რის გამოც მან აქტიური სპორტის მიტოვება გადაწყვიტა. ფაქტი კი ის არის, რომ თუ ცირეკიძე მართლაც წავიდა, მსოფლიო ძიუდო გამორჩეულ ფალავანს დაკარგავს, მეტოქეები კი უძლიერეს კონკურენტს მოისაკლისებენ.












ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩებიც ჩაგრიალდა. საქართველოს ღირსებას რუსთავის "ოლიმპი" იცავდა და გახსოვთ, როგორ წააგო პირველი შეხვედრა სტუმრად ყაზახეთის "აკტობესთან" - 0:2.
ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 17 წლის ჯანო ანანიძეზე, აჟიოტაჟი არ ცხრება და უნდა ითქვას, რომ ამ აჟიოტაჟით, როგორც ხშირად სჩვევიათ ქართველებს, ცოტა ნაადრევად ვკრავთ ჭერში ქუდებს. ჩვენ ორი უკიდურესობის ხალხი ვართ.
სპორტის მოყვარულები მას კარგად იცნობენ, რადგან საფეხბურთო და საჩოგბურთო მატჩებისას ხშირად ექცევა მოვლენების ეპიცენტრში. წელს უკვე რამდენჯერმე ისახელა თავი.
რამდენიმე დღის შემდეგ შოტლანდიელი რიჩარდ (რიჩი) დიქსონი ოფიციალურად დაინიშნება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარული... რვაფეხა პაული გახლდათ! შეგახსენებთ, ობერჰაუზენის ოკეანერიუმში მცხოვრებმა რვაფეხამ წლევანდელ მუნდიალზე გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო.
სომხეთის საკურორტო ქალაქ ჯერმუკში ჩატარებული ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპი შესანიშნავი შედეგით დაასრულა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ. ქართველმა მოჭადრაკემ 11 მატჩიდან 7 მოიგო, 4 ყაიმით დაამთავრა და პირველობა არავის დაუთმო.
ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში არასდროს უთამაშიათ. წლევანდელი მუნდიალის სატურნირო ბადემ ისე ინება, ეს ორი გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდა და სამწუხაროდ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივართათვის საოცნებო სამხრეთამერიკული ფინალი აღარც "გვემუქრება".
ევროპის ჩემპიონმა და მუნდიალის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა, საფრანგეთის ნაკრები მანამდე "ჩაიძირა", მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა - იტალიის ნაკრებმა კი იმდენი მოახერხა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
უკვე ათი დღეა, სამხრეთი აფრიკა უზარმაზარ სკასავით ზუზუნებს. ვუვუზელას ყურისწამღები ჭყვიტინის გარდა, ამ ალიაქოთში მთელი მსოფლიოდან ჩასულ ასიათასობით გულშემატკივარსაც შეაქვს წვლილი.













იყავი პირველი!