ჭრიკიშვილმა ტრაქტორიც დაადუმა - კვირის პალიტრა

ჭრიკიშვილმა ტრაქტორიც დაადუმა

ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, სად ჭიდაობს -– ყველგან და ყველასთან ფავორიტია და რაც მთავარია, ამ სტატუსს ამართლებს კიდეც! გამონაკლისი არც ჩელიაბინსკის "ტრაქტორ არენა" ყოფილა - ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდანაც ოქრო წამოიღო და ახლა ოქროს მედლების სრული კოლექციის შესავსებად, ოლიმპიური მედალიღა აკლია. "ჩირიკას" (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.) სტაბილურ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ამისთვის მხოლოდ 2016 წლის ოლიმპიადამდე თუ მოგვიწევს მოცდა. მით უმეტეს, ჩელიაბინსკში ავთომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ლამაზ გდებებთან ერთად, შედეგზე ჭიდაობაც შეუძლია.

მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა გაცილებით მეტი ილეთი გვანახა, თუმცა, საბოლოოდ, ნორიოელი ფალავანი მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამჯერად კი სანახაობაზე მეტ ყურადღებას სწორედ შედეგს უთმობდა. ერთი შეხედვით, სწორედ ამიტომ გამოიყურებოდა ჩვეულებრივზე უფრო ინერტულად, თორემ ექვსივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა.

თუმცა, "ძველებური" ჭრიკიშვილი ერთ შეხვედრაში მაინც ვნახეთ - კანადელ ვალუა-ფორტიეს ფინალური მატჩის პირველივე წუთზევე აუღო ვაზარი და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. სხვათა შორის, კანადელმა ნახევარფინალში "ჩირიკას" ძველ ნაცნობს - ფრანგ ლოის პიეტრის აჯობა, თორემ ჩელიაბინსკში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალი განმეორდებოდა და ჩვენებური ისევე დამაჯერებლად აუღებდა რევანშს პიეტრის, როგორც ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალში - მშობლიურ მონპელიეში აჯობა...

მთავარი კი ის არის, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ქართველებს ისევ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილმა კიდევ ერთხელ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი რუსულ დარბაზში და წლეულს "ოქროს დუბლიც" შეასრულა - ევროპის ჩემპიონობას მსოფლიო პირველობის ოქროც მიამატა... "ჩირიკას" ოქროს გარდა, ინდივიდუალურ პირველობაზე მხოლოდ ორ მედალს დავჯერდით - ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა (60) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90) მოიპოვეს. კვირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა გუნდურ პირველობაზეც იჭიდავა, თუმცა, ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირას გამართული ორთაბრძოლების შედეგებზე ვერაფერს გეტყვით.