"ფეხბურთში ფული არასდროს არის ზედმეტი" - კვირის პალიტრა

"ფეხბურთში ფული არასდროს არის ზედმეტი"

"ლევან მჭედლიძე ისეთი ოჯახის შვილი და ისეთი ბიჭია, არა მგონია, ტყუილი ეთქვა!"

"მთავარია, რომ სფფ-ში არც კორუფციაა და არც სიბინძურე..."

"წარმოუდგენელია, გიბრალტარი საზომი იყოს!"

შოტლანდიასა და გიბრალტართან გასვლით მატჩებზე საქართველოს ნაკრებს რევაზ არველაძეც ახლდა. სფფ-ის გენერალური მდივანი მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართულ ფეხბურთში, თანაც, ყოველთვის საინტერესო რესპონდენტია და ჩვენს ფეხბურთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მისეული შეფასება ამჯერადაც არ იქნება ინტერესმოკლებული. ინტერვიუ კი ნაკრების ბოლო მატჩებით დავიწყეთ:

- გამოჩნდა, რომ ჩვენს ჯგუფში ქულების მინიმალური რაოდენობაც კი მნიშვნელოვანია. აჯობებდა, გერმანიას ყველა მატჩი მოეგო და სხვა გუნდები არ გაძლიერებულიყვნენ მასთან აღებული ქულებით. თუმცა, ირლანდიამ გერმანიას სტუმრად აართვა ქულა, პოლონეთმა კი სულაც მოუგო! ჩვენ კი... საქართველოს ნაკრებმა მინიმუმის მინიმუმი აიღო და შეუძლებელია, ეს კარგ შედეგად მივიჩნიოთ!

- შოთიმ თქვა ამას წინათ, ჩვენს დროს საქართველოს ნაკრებს პროფესიონალიზმი აკლდაო... დღეს რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა?

- ვფიქრობ, შოთის მხოლოდ ფეხბურთელები არ უგულისხმია. გამოუცდელები ვიყავით, თანაც, პირველად დაგვერქვა სახელი - საქართველოს ნაკრები და ესეც ახალი იყო ჩვენთვის! გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა გვქონდა, არც ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა იმდენი ფული, გასვლითი მატჩებისას ბევრი დრო და ენერგია არ დაგვეხარჯა. დღეს რა აკლია ნაკრებს? გვიჭირს შეტევით პოტენციალშიც, ფეხბურთელების არჩევანშიც... წინათ ბევრი გამოცდილი და მაღალი დონის მცველი გვყავდა, ახალ ფეხბურთელებს კი დრო სჭირდებათ...

- თემურ ქეცბაიამ თქვა, თუ შოტლანდიასა და გიბრალტართან დადებითი შედეგი ვერ ვაჩვენეთ, თანამდებობას დავტოვებო... შოტლანდიაში წავაგეთ, ქეცბაია კი ნაკრების სათავეში რჩება - გამოდის, დადებითი შედეგი გიბრალტართან 3:0 მოგება ყოფილა?

- წარმოუდგენელია, გიბრალტარი საზომი იყოს! თემურ ქეცბაია თავად გააკეთებს კომენტარს თავის გამონათქვამებზე, მე კი შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი თამაშითა და ქულების ამ რაოდენობით წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლება!

- არ შეიძლებოდა ამ კონტინგენტით უკეთ თამაში, თუნდაც შოტლანდიაში?

- ურემი რომ გადაბრუნდება, მერე ყველაფერი კარგად ჩანს, თანაც, სხვაზე ლაპარაკი რთულია... მწვრთნელს ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და რომც გქონდეს თქმის უფლება, არასწორია, აქედან ელაპარაკო და ჭკუის დარიგება დაუწყო... ფაქტია, რომ ჩვენს ნაკრებს შეუძლია უკეთ თამაში, ოღონდ ეს მხოლოდ მწვრთნელზე არ არის დამოკიდებული - ბევრი რამ უშუალოდ მოედანზე, ფეხბურთელების მონაწილეობით წყდება, მწვრთნელის გარეშე!

- გიბრალტარისთვისაც რომ არ შეგვეტია, სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა, შოტლანდიაშიც მეტად გაგვერისკა? თუ დიდი ანგარიშით არწაგებაა მთავარი?

- მეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, 0:1-ს წააგებ, თუ 1:3-ს, მაგრამ...

- გამოდის, ქართველებს შეტევა აღარ შეგვიძლია? აღარ გვაქვს "სისხლში" ის, რითაც ყოველთვის გამოვირჩეოდით?

- გვაქვს! და ამას 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიც ადასტურებენ. ისინიც ხომ ქართველები არიან? ორივე გუნდი შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. ამ ბიჭების იმედი ნამდვილად მაქვს - რამდენიმე წელიწადში ეროვნული ნაკრების მოთამაშეები უნდა გახდნენ! როცა ნაკრებში ამდენი ფორვარდი და შემტევი ნახევარმცველი გყავს, შეტევის გარდა სხვა გზა აღარც გრჩება! ამაზე ქეცბაიაც ფიქრობს...

- მეორე ბურთის გატანის შემდეგ, ჩვენი გუნდი გიბრალტარის დონის "ნაკრებთანაც" კი "გაჩერდა" და სამი ბურთით დაკმაყოფილდა...

- არა მგონია, მწვრთნელს მიეცა დავალება, 2:0-ზე გაჩერდითო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, კლასის ხარჯზე მიეყვანათ მატჩი დასასრულამდე.

- ისე კი, ფეხბურთელები არც მალავენ, რომ ნაკრებში თავისუფლად ვერ თამაშობენ - შებოჭილი ვართო... ეს რას დავაბრალოთ?

- შებოჭილობა წარუმატებლობას მოსდევს, მაგრამ რამდენიმე მოგებული მატჩი საკმარისი იქნება, გუნდი გაცილებით თავდაჯერებული და თამამი რომ გახდეს!

- ლევან მჭედლიძესთან დაკავშირებით რა მოხდა? ოფიციალური ინფორმაციით, გასვლითი მატჩები ლევანმა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა, გიბრალტართან მატჩის დღეს... "ემპოლის" მაისურით ოთხი გოლი გაიტანა (?!)...

- დეტალური ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ლევანი ისეთი ოჯახის შვილი და ისეთი ბიჭია, არა მგონია, ტყუილი ეთქვა!

- ასეთი გაუგებრობები თავიდან რომ ავიცილოთ, არ სჯობს, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი შეკრებაზე ჩავიდეს და გუნდის ექიმმაც ნახოს, სერიოზულია თუ არა მისი ტრავმა?

- თავიდან, როცა შეკრებაზე გამოიძახეს, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, მერე კი ითქვა, რომ ლევანი ტრავმირებულია, მეტი ნამდვილად არაფერი ვიცი...

- გადავიდეთ ეროვნულ ჩემპიონატზე, სადაც უკვე 16 გუნდია.

- ცუდია, როცა სპორტული პრინციპის დარღვევა გიწევს, მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდები უკვე ვალდებული არიან, ჰყავდეთ დუბლშემადგენლობა და ორი ასაკობრივი გუნდი, გაიზარდა მოთხოვნები ლიცენზირების, დუბლების პირველობის, ბავშვთა ტურნირების მხრივ, ეს ყველაფერი კი ოთხი კლუბის დამატებად ნამდვილად ღირდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმ ოთხი გუნდის გასაჭირთან - რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფინანსური პრობლემები ყოველ წელს გვქონდა - 16-გუნდიანი იყო ჩემპიონატი თუ 10-გუნდიანი! შესაძლოა, ფედერაციის ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სარისკო იყო, მაგრამ დანაშაულებრივი ნამდვილად არ ყოფილა. რაც მთავარია, გადაწყვეტილებას სადმე სხვაგან კი არა, ფეხბურთის ფედერაციაში იღებენ!

- და პასუხსაც აგებენ ამ გადაწყვეტილებების გამო!

- რა თქმა უნდა! სულელები ხომ არა ვართ, კლუბების დასახმარებლად ტყუილად გვეშოვა 4 მილიონი?!

- საინტერესოა, სად იშოვეთ ეს ფული და როგორ გაისტუმრებთ?

- საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიშოვეთ და უპრობლემოდ გავისტუმრებთ! გადახდის გრაფიკიც შედგენილი გვაქვს. რამდენიმე დღეში ოფიციალურად მოხდება შეთანხმება და კლუბები თვის ბოლომდე მიიღებენ თანხას...

- თუკი ფედერაციას თანხის მოზიდვა შეეძლო, აქამდე სად იყო, სახელმწიფოს რატომღა ელოდა?

- ფეხბურთში ფული არასდროს არის ზედმეტი - კიდევ თუ მოგვცემენ, სიამოვნებით ავიღებთ და მასაც კლუბებს დავურიგებთ, ფედერაციისთვის ხომ არ გვინდა? მეტი იქნება? - მეტს მივცემთ და ბევრ სხვა რამესაც გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი ხომ განუსაზღვრელი არ არის? უამრავი ხარჯი გვაქვს, სხვა რომ არაფერი, ნაკრების თითო მატჩი 300-400 ათასი ლარი გვიჯდება! არ გიკვირთ, ამის პარალელურად კლუბების დახმარებასაც რომ ვახერხებთ? გავზარდეთ მსაჯების ხელფასები, როგორც შეგვიძლია ვეხმარებით თანამშრომლებს და ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებს. უკმაყოფილო ხალხი ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ მთავარია, ფეხბურთის ფედერაციაში ყველას ერთი სულისკვეთება აქვს - საქმე ვაკეთოთ! როგორ გამოგვდის, ვის მოსწონს და ვის არა, ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ მთავარია, სფფ-ში არც კორუფციაა და არც სიბინძურე...

- მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უამრავი კრიტიკოსი გყავთ. რატომ?

- იმიტომ, რომ შედეგს ვერ ხედავენ, ფეხბურთს კი წარმატება სჭირდება! როცა შედეგები გვექნება, ყველა შემობრუნდება ფეხბურთისკენ. საბედნიეროდ, ფეხბურთი დღესაც ნომერი პირველი სახეობაა საქართველოში - ახლაც ვართ და ხვალაც ყველაზე მეტი ვიქნებით! მთავარია, წარმატება გვქონდეს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე - მასობრიობაზე უფრო მნიშვნელოვნად ეს მიმაჩნია! ჩვენი ოპონენტები რომ გაიძახიან, საბჭოთა კავშირის დროს 15 ათასი ბავშვით მეტი თამაშობდაო, ნუ ავიწყდებათ, რომ მაშინ ტერიტორიის მეხუთედი დაკარგული არ გვქონდა, არც მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავდა, შობადობაც მაღალი იყო და ყველაფერი უფასო გახლდათ. როგორ გაიზრდებოდა ფეხბურთელი ბავშვების რაოდენობა, სტადიონების ნაცვლად ყოველ ნაბიჯზე ავტოფარეხები რომ ჩავდგით? თუ ვინმეს ჰგონია, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს გვეჭირა წერაქვი და ბარი და ჩვენ ვანგრევდით სტადიონებს?!

- გაისად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია. კლუბი, რომელიც დაფინანსებას სფფ-ისგან იღებს, არჩევნებშიც ფედერაციის კანდიდატს არ მისცემს ხმას?

- თუ მხოლოდ ეს გაახსენდებათ, რაც მე და ამ ფორმაციის ფედერაციას გაგვიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის, ნუ მომცემენ ხმას და არც პრეტენზია მექნება! სფფ-ს აქვს გამართული წესდება, რომელიც მოწონებულია ფიფასა და უეფას მიერ და ჰყავს სუბიექტები, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევენ. ასე რომ, კლუბებისთვის ფულის ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მათი "მოქრთამვა". ჰკითხეთ კლუბებს, რა ურჩევნიათ - ახლა დაიშალონ და იმის იმედად დარჩნენ, რომ გაისად ვინმე დაეხმარება, თუ ფინანსური პრობლემები მოგვარებული ჰქონდეთ და ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეთ?

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ გუნდების რაოდენობაც იმიტომ გაზარდეთ, არჩევნებზე მეტი ხმა რომ მიიღოთ.

- დამატებულ ოთხ გუნდს ხმის უფლება ისედაც ჰქონდა! მომავალ არჩევნებამდე კი ახალი ხმა არავის ექნება.

- ისე, პირველი ლიგის გუნდებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება?

- ჩემი აზრით, ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ იმ გუნდებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებული გამგებლის ან მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე, რომელიც ორ წელიწადში შეიძლება საერთოდ გაქრეს... ბევრ ქვეყანაში, სადაც 300-400 ათასი ფეხბურთელია, ფედერაციის პრეზიდენტს 60-80 დელეგატი ირჩევს. ჩვენთან კი ფეხბურთს მხოლოდ 17 ათასი თამაშობს და სავსებით ნორმალურია, ფედერაციის თავკაცი ოცდათხუთმეტმა სუბიექტმა \აირჩიოს. ჩვენ არასდროს გვექნება ევროპული დონის ჩემპიონატი. მაგრამ როცა ფული ჩაიდება, საშუალო დონეს ნამდვილად მივაღწევთ. აი, ნაკრებს კი აუცილებლად სჭირდება 10-15 ძლიერი ლეგიონერი, რათა კარგი მწვრთნელის ხელში წარმატებას მიაღწიოს.

- მსაჯების სკანდალსაც უნდა შევეხოთ. თუ უეფას რაპორტები წელიწად-ნახევრის წინ იყო მოსული, რას ელოდა ფედერაცია ამდენ ხანს?

- როცა რომელიმე ქართული კლუბი საეჭვო ამბებშია შემჩნეული, უეფა რაპორტით გვაცნობებს ამის შესახებ. რეკომენდაციას გვაძლევს, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში დავსაჯოთ - დავაჯარიმოთ, ქულები ჩამოვაკლოთ და ა.შ.. როცა მივხვდით, რომ ეს საკმარისი არ იყო, დახმარება შესაბამის ორგანოებს ვთხოვეთ. ჩვენ სხვა რა შეგვეძლო, პოლიცია ან პროკურატურა ხომ არა ვართ? იმედია, ეს ყველასთვის მაგალითი იქნება და მიხვდებიან, რომ სიბინძურე დაუსჯელი არ დარჩება!

- მგონი, დაუსჯელობის სინდრომი იმის დამსახურებაც არის, თავის დროზე, გარიგებულ მატჩებში ბრალდებული ხუთი ფეხბურთელი რომ შეიწყალეს...

- გეთანხმებით. შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს მაგალითი სხვებმა ვერ შეიშნოეს.