დავით ყიფიანის უცნობი ფოტო - კვირის პალიტრა

დავით ყიფიანის უცნობი ფოტო

ამ ფოტოზე დათო ჯერ ისევ "ახალგაზრდაა" - წინ აქვს საბჭოეთის თასიც, ინგლისური კლუბების რბევაცა

და 13 მაისის ტრიუმფიც...

დავით ყიფიანისთვის ნებისმიერი მოედანი "სოფლის სკოლა" იყო - თბილისშიც, ტყიბულშიც, ლონდონშიც...

ასე, შემთხვევით თუ აღმოაჩენ უცნობ ფოტოს ან ვიდეოკადრს, თორემ დავით ყიფიანზე ახალი რა უნდა თქვა?!

აღმოვაჩინეთ კიდეც - 1978 წელს ტყიბულის სტადიონზე გადაღებულ კადრს, "კვირის პალიტრის" ფოტოკორესპონდენტმა ფრიდონ გეგეშიძემ მიაკვლია სოსო ლორთქიფანიძის საოჯახო არქივში...

დათო ყიფიანი ამ კადრშიც ისე დგას, როგორც სჩვეოდა ხოლმე - სევდანარევი, მოლოდინით აღსავსე მზერით. დგას და ელის. ალბათ, ბურთის თამაშში შეყვანას, რაც შეიძლება მალე რომ მიიღოს და მერე... მერე თავად იცის!

ყიფიანი ბურთით? ეს ხომ ის მომენტია, როცა "ყველაფერი ყიფიანის გარშემო ბრუნავს"!

დგომის მანერა? ზუსტად ისეთი, ბრიტანული "გარდიანის" ჟურნალისტმა რომ დაახასიათა "ლივერპულის" რბევის შემდეგ: "ინტელიგენტური, ელეგანტური დავით ყიფიანი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ლევ ტოლსტოის დროის არისტოკრატს, საოცრად მრავალფეროვანი და დახვეწილი ტექნიკის წყალობით, ისე თავისუფლად დანავარდობდა "ლივერპულის" ნაცად მებრძოლებს შორის, თითქოს საფეხბურთო მინდორზე კი არ იბრძვის, თავის საგვარეულო მამულში სეირნობს".

არა მხოლოდ "ლივერპულთან", თითქმის ყველა მატჩში ასე "სეირნობდა" ხოლმე. მანერები კი... ჭეშმარიტად არისტოკრატული. ერთხელ ნახავდი და აღარასდროს დაგავიწყდებოდა. ლონდონში 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ, "ტაიმსის" ჟურნალისტმა ამიტომაც შეამკო ისეთი მეტაფორით, მხოლოდ ინგლისელი რომ მოიფიქრებდა - თავისი მოხდენილი, გრძელი ფეხებით ყიფიანი ისე დააბიჯებდა "ეპტონ პარკში", როგორც სოფლის სკოლის დირექტორი თავის სამფლობელოშიო!

დავით ყიფიანისთვის ნებისმიერი მოედანი "სოფლის სკოლა" იყო - თბილისშიც, ტყიბულშიც, ლონდონშიც...

ლეგენდარულ ეუსებიოს აქვს ნათქვამი: ყიფიანი საოცარი ფეხბურთელია, რაც უფრო ბერდება, უფრო და უფრო აუმჯობესებს თამაშსო! ამ ფოტოზე კი დათო ჯერ ისევ "ახალგაზრდაა" - წინ აქვს საბჭოეთის თასიც, ინგლისური კლუბების რბევაცა და 13 მაისის ტრიუმფიც...

ეს ყიფიანის უცნობი ფოტოა. ლეგენდარული ფეხბურთელისა, რომელსაც მხოლოდ მოედანზე კი არა, ფოტოებზეც ეტყობოდა, რა იყო მისთვის ფეხბურთი და... ფეხბურთისთვის ვინ იყო თავად!

თავად? თავადი იყო: "ქართველ თავადიშვილთა ჩამომავალი დავით ყიფიანი მოედანზეც თავადივით გამოიყურებოდა: ფეხბურთის "ჯადოქარს", "პროფესორს", "მაესტროს" უწოდებდნენ და ეს ყოველივე სიმართლე იყო".

ერთი კია, ყოველი ახალი ფოტო კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართული ფეხბურთის "დიდ ათიანს". კაცს, რომელმაც "კიკერის" კორესპონდენტს საოცარი სიტყვები დააწერინა: "ყველაფერი ყიფიანის გარშემო ბრუნავს"!

ასეა, შემთხვევით თუ აღმოაჩენ მის უცნობ ფოტოს, თორემ დავით ყიფიანზე ახალი რა უნდა თქვა?!