”მე და გურამი ერთად ვვარჯიშობდით... ტიტანისებური ძალა ჰქონდა.” - დავით ქაცარავა გურამ გუგენიშვილს იხსენებს - კვირის პალიტრა

”მე და გურამი ერთად ვვარჯიშობდით... ტიტანისებური ძალა ჰქონდა.” - დავით ქაცარავა გურამ გუგენიშვილს იხსენებს

"უკეთილშობილესი ადამიანი იყო. რამდენადაც დიდი იყო ტანად, იმდენად თავმდაბალი იყო ბუნებით"

"საცოლე ყავდა და ქორწილისათვის ემზადებოდა... მალე გურამს უდიდესი ჩემპიონების გვერდით ვიხილავდით, მაგრამ ამ ტრაგედიამ ყველაფერს წერტილი დაუსვა"

9 ნოემბერს, ავტოკატასტროფაში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, გურამ გუგენიშვილი გარდაიცვალა. გურამი, დისციპლინაში - "ბრძოლა წესების გარეშე," M-1 Challenge-ს პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო. ის 28 წლის იყო. მან თავისი პროფესიონალური კარიერა 2009 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში 11 მოწინააღმდეგესთან 11-ვე ბრძოლა მოიგო, რის შედეგადაც უკრაინაში ჩემპიონის ქამრის მფლობელი გახდა.

მისი გახსენება გურამის ახლო მეგობარს, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტს, მსახიობსა და წამყვანს, დავით ქაცარავას ვთხოვეთ:

- როგორც გავიგე, სანადიროდ ყოფილა და მანქანა გადაუყირავდათ. გურამის გარდა სხვებიც ისხდნენ მანქანაში და საბედნიეროდ გადარჩნენ. გურამმა კისრის ტრამვა მიიღო, რაც სავალალო აღმოჩნდა. სხვათაშორის, როგორც თქვეს, მანქანა დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, მაგრამ ავარია გურამისთვის მაინც ფატალურად დასრულდა.

- ის თქვენი ახლო მეგობარი იყო...

- კი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ყველას უდიდესი ტკივილი დაგვიტოვა. ვინც კი იცნობდა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება, ყველასთვის უდიდესი დანაკლისია მისი გარდაცვალება. გურამი უკეთილშობილესი ადამიანი იყო. რამდენადაც დიდი იყო ტანად, იმდენად თავმდაბალი იყო ბუნებით. სწორედ გურამისნაირი ადამიანები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას. ასეთი ქართველები უნდა გვიმრავლოს ღმერთმა. ძალიან დიდი სიცარიელე გააჩინა ჩემს გვერდით. ბუნებრივია, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დიდი ტკივილით. გურამს საცოლე ყავდა და ქორწილისათვის ემზადებოდა, რომელიც ზაფხულში უნდა ჰქონოდა, მაგრამ....

- ის იყო მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი...

- მისი სახით მსოფლიომაც დაკარგა უდიდესი სპორტსმენი. უკვე დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკებები და მსოფლიოს წამყვან რინგზე უნდა ეჩხუბა. უმაღლესი დონის ტურნირებზე უნდა გამოსულიყო, სადაც დარწმუნებული ვარ თუ ლიდერებში არ იქნებოდა, აუტსაიდერებშიც არასოდეს მოხვდებოდა. მე და გურამი ერთად ვვარჯიშობდით. ჯაბანი ნამდვილად არ ვარ მაგრამ გურამს მართლაც ტიტანისებური ძალა ჰქონდა. როდესაც შევეჭიდებოდი ხოლმე, რაღაც არაადამიანურ ძალას ვგრძნობდი მისგან. გურამმა კარგად იცოდა თავის ძალა და ამიტომ ძალიან კეთილი იყო. მალე გურამს უდიდესი ჩემპიონების გვერდით ვიხილავდით, მაგრამ ამ ტრაგედიამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. მისი გარდაცვალების ფაქტი ელვის სისწრაფით მოედო ყველას. რუსეთში ყველა ამაზე საუბრობს, რადგან იქ გურამს უდიდეს პატივს სცემდნენ.

- რინგს გარეთ თუ იყენებდა საკუთარ ძალას?

- გურამისნაირი ადამიანები თავის ძალას ტყუილად არასოდეს იყენებენ. ცხოვრებაში არის შემთხვევები, როდესაც გიწევს ძალის გამოყენება, მაგრამ გურამი მაშინაც ცდილობდა, სიტყვით მოეგვარებინა სიტუაცია.

- მისი ბევრი მეგობარი წერს, რომ მიუხედავად არცთუ ისე დიდი ასაკისა, გურამი ბუნებით მასწავლებელი ადამიანი იყო...

- ისეთი დიდი ბუნების ადამიანი იყო, რომ მისგან ძალაუნებურად სწავლობდი რაღაცეებს. ცხოვრება ხომ ერთი დიდი გაკვეთილია და მართლაც მადლობელი ვარ რომ გურამისნაირი მასწავლებელი მყვადა გვერდით, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე, ისევე როგორც მან ჩემგან. მასთან ერთად ყოფნა უდიდესი სიამოვნება იყო. ის იყო ერთ-ერთი იშვიათი იმ ადამიანთაგან ვისგანაც სიამოვნებით სწავლობ ყველაფერს. ძალიან მაგარი ადამიანი იყო გურამი და ძალიან მაგარი ქართველი დაკარგა საქართველომ.

გაზეთ "კვირის პალიტრის" სახელით სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)