"პოლონეთთან თამაშის შემდეგ ქეცბაია წავა და მერე კიდე თავის თავს დაგვამადლის" - კვირის პალიტრა

"პოლონეთთან თამაშის შემდეგ ქეცბაია წავა და მერე კიდე თავის თავს დაგვამადლის"

"ყველაფერში ჟურნალისტების დადანაშაულება თავისი წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალებაა და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან..."

"ღმერთმა ხელი მოუმართოს, გინდა ევროპარლამენტში და გინდა სხვა ქვეყნის პარლამენტში"

"მე დაჩაგრული არ ვყოფილვარ, უბრალოდ სტუდიაში ჯდომა და გადაცემის წამყვანობა არ მაძლევს მეტის საშუალებას"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემაში "არენა", ჟურნალისტ დავით მინაშვილს სტუმრად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ჰყავდა. გადაცემამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თემურ ქეცბაიამ ნაკრებში არსებული პრობლემები სრულად ჟურნალისტებს დააბრალა. გადაცემის წამყვანთან საუბარი სწორედ ამ ფაქტით დავიწყეთ.

დავით მინაშვილი:

- ეს აზრი, რომ ყველანაირი პრობლემა ჟურნალისტებისგან მოდის, ქეცბაიამ ღიად დააფიქსირა. სხვათაშორის, ეს პირველად არ უთქვამს. როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებში მთავარ დამნაშავეებად ჟურნალისტებს მიიჩნევს. მისი მხრიდან ყველაფერში ჟურნალისტების დადანაშაულება, თავისი წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება უფროა და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

- ადამიანისაგან, რომლის შედეგი ფაქტობრივად ნულის ტოლია, რამდენად სწორი იყო ის დამრიგებლური ტონი რომელიც მას ჰქონდა?

- ჩემთვის ისიც გასაკვირი იყო, როდესაც ის გაბრაზდა, თუ რატომ არ იყო მასთან შეთანხმებული ინტერაქტივი. გასაკვირია, რატომ გაბრაზდა ინტერაქტივზე, სადაც იყო მხოლოდ ორი კითხვა - როგორ აფასებთ თემერ ქეცბაიას მოღავწეობას. დადებითად თუ უარყოფითად. ვერავინ ვერ დამავალებს, რომ რესპოდენტთან ვათანხმო ინტერაქტივის კითხვები. სხვათაშორის, ბევრი კითხვა ვეღარც დავსვი, რადგან როდესაც ადამიანი გადადის ყვირილზე და არ გისმენს, მასთან ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ნებისმიერი კითხვაზე მას ჰქონდა ერთი პასუხი - ყველაფერში დამნაშავეები ვართ ჟურნალისტები.

- ქეცბაიამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ აზერბაიჯანის ნაკრებისგან განხვავებით, 15 წუთში 0-6 არასოდეს წაუგია...

- შესაძლოა აზერბაიჯანმა ერთხელ მართლაც წააგო 0-6, მაგრამ იმავე გუნდმა იტალიასთან 1-2 წააგო და ტოლ-სწორად ეთამაშა იტალიის ეროვნულ გუნდს. ბევრი გულშემატკივრის პოზიცია ვიცი, რომ მათ ურჩევნიათ, თუნდაც წააგოს ნაკრებმა, მაგრამ ითამაშოს ფეხბურთი და არა ის ტაქტიკა, როდესაც მთელი თამაში კარში არ უნდა დავარტყათ, დავიცვათ თავი და თუ ცენტრიდან დარტყმული გავა, მაშინ გავიტანოთ. ქეცბაიასთვის მნიშვნელოვანია მთელი თამაში ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც სამწუხაროდ არავის არ მოსწონს, მის გარდა.

- ხალხს ამ გადაცემის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის გვამადლის თავის თავს...

- ვერ გეტყვით, გვამადლის თუ არა, მაგრამ მე ერთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო იმ ადამიანის დიდი ხნის ნააზრევის საჯაროდ გამოტანა, რომელიც ამ თამაშის შემდეგ წავა.

- გჯერათ რომ პოლონეთთან თამაშის შემდეგ მართლა გადადგება?

- მე ვფიქრობ, მოგების შემთხვევაშიც წავა და აი, მერე დაგვამადლის თუ დაგვამადლის თავის თავს.

- მან განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მოხვედრის შანსი ჰქონდა, როგორ ფიქრობთ ევროპარლამენტარი თემურ ქეცბაიას უფრო მეტს ხომ არ გაუკეთებდა ქართულ ფეხბურთს?

- მე პოლიტიკაში ნაკლებად ვარ ჩახედული და ისიც კი არ ვიცი, როგორ ხდება ევრო-პარლამენტში არჩევა. ეს ნათქვამი იმდენად მოულოდნელი იყო, თავი შევიკავე ამაზე აქცენტის გაკეთებისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს, გინდა ევროპარლამენტში და გინდა სხვა ქვეყნის პარლამენტში, უბრალოდ მან თქვა, რომ ის დათანხმდა ჩვენ მწვრთნელობას, მაშინ როცა შეეძლო პოლიტიკაში წასვლა და ეს თანხმობა ერს დაგვამადლა. მისი ლაპარაკიდან გამომდინარე, თურმე ის ერთადერთია, ვინც ქართულ ფეხბურთში პრობლემას ხედავს და ასეთ ადამიანს ჩვენ ვედავებით.

- მაყურებლის თვალში გუშინ ძალიან დაჩაგრული იყავით...

- ბევრისგან მოვისმინე ასეთი აზრი, რომ თითქოს დაჩაგრული ვიყავი. მე დაჩაგრული არ ვყოფილვარ, უბრალოდ სტუდიაში ჯდომა და გადაცემის წამყვანობა არ მაძლევს მეტის საშუალებას. გუშინ ქეცბაია ეთიკაზე ლაპარაკობდა, მაშინ როცა არაეთიკურად მიიჩნია ჩვენი ინტერაქტივი. სწორედ ეთიკიდან გამომდინარე, ვერც მას და ვერც სხვა რესპოდენტს უხეშად ლაპარაკს ვერ დავუწყებ. მით უფრო ვერ დავუწყებდი ყვირილს და იმ ტონში ლაპარაკს, როგორც თვითონ ლაპარაკობდა. ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე, რომ გადაცემა შეგვეწყვიტა, რადგან მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ის კითხვაზე პასუხს არ სცემდა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)