"ფესვებიანად ამოგძირკვავთ!" - ვის ემუქრება ლუკა კურტანიძე - კვირის პალიტრა

"ფესვებიანად ამოგძირკვავთ!" - ვის ემუქრება ლუკა კურტანიძე

"თაქთაქიშვილები, რატიანები, თარგამაძეები და სხვ. მიზანმიმართულად მებრძოდნენ... უნდოდათ ჩემი ჩაქოლვა, ჩამოხრჩობა და დამცირება..."

"ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობა ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლობაა"

"გავითავლსიწინე ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს და არ მინდა, რომ მას ჩემი საბაბითაც ჰქონოდეს კიდევ რაიმე პრობლემა."

"მათ, ვინც ეცადა დავემცირებინე და კვერცხები ისროლა ჩემი მისამართით - თვითოეულმა მათგანმა კვერცხი თავის სულს და კაცობას ესროლა და ახლა თქვენს გასაგონად ყველა მათგანს ვეუბნები რომ არაკაცია!!! მათ, ვინც დაგეგმა და ხელი შეუწყო ასეთი გზით მართულიყო სიტუაცია - ფერ და იერ შეცვლილებო, მოგწვდებით და აუცილებლად ჩამოგხსნით ნიღაბს, ჯერ საკადრის პასუხს გაგცემთ და მერე გამხელთ მთელი ერის წინაშე. დღემდე, ველოდი რომ იგრძნობდით და მოინანიებდით საკუთარ შეცდომას, მაგრამ, თურმე ამაოდ... ფესვებიანად ამოგძირკვავთ!!! - მე, ლუკა კურტანიძე ამას საჯაროდ გპირდებით!!!" _ ეს გახლავთ ამონარიდი ლუკა კურტანიძის "ფესბუქსტატუსიდან", რომელიც მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე აღარ იქნებოდა. კურტანიძის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი 33 დელეგატიდან 29-მ დაუჭირა.

- ბატონო ლუკა, "ფეისბუქზე" წერთ, რომ ნიღაბს ჩამოხსნით ხალხს და ერის წინაშე ამხელთ, ვის გულისხმობთ ამ ხალხში?

- იმ ადამიანებს, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ საკუთარი პოზიციისთვის გადაეხედათ და ახალ რეალობასთან შესაბამისად ის საქმე ეკეთებინა, რასაც ქვეყნის სასიკეთო საქმე ჰქვია, მაგრამ მათ ეს არათუ გამოიყენეს, არამედ იმ ადამიანებს დაუწყეს ბრძოლა ვინც, სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, რომელთა შორის მეც ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობაც" გებრძოდათ?

- კი. თაქთაქიშვილები, რატიანები, თარგამაძეები და სხვ. მიზანმიმართულად მებრძოდნენ. ეს ხდებოდა ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან. ისინი ხმალამოღებით იბრძოდნენ ჩემს წინააღმდეგ. თავიდან თუ ღიად იბრძოდნენ, მერე მეთოდი შეცვალეს, ე.წ. ჩანერგილები მოძებნეს და მათი საშუალებით დამიპირისპირდნენ. ჩემი პოზიცია ამ ადამიანებთან იყო შეურიგებელი, მე ღირსება გამაჩნია და რა გადაწყვეტილებები მივიღე, ვთვლი რომ სწორად მივიღე და ურყევი ვარ...

- ეს "ჩანერგილები" ჭიდაობის ფედერაციაში არიან?

- ძირითადად ფედერაციის გარეთ. ფედერაციაში უმრავლესობა საქმის ადამიანია, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში გაუყიდეს საჭიდაო დარბაზები, მნიშვნელოვანი შენობები, რომლიც ძალიან ჭიდაობის განვითარებისათვის საჭირო იყო... ის ადამიანები, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მეწინააღმდეგებოდნენ, მე კი არა, იმ საქმეებს დაუპირისპირდნენ, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ წამოვიწყეთ. წინააღმდეგობა დაიწყო ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან, ისინი ვერ შეეგუენ ლუკა კურტანიძის ხელმძღვანელობას. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვმასპინძლობდით ევროპის ჩემპიონატს სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის 50 ქვეყანა, ვმუშაობდი 24- საათიან რეჟიმში და ამ დროსაც კი მიპირისპირდებოდნენ, რაც ბუნებრივია მზადების პროცესს ხელს უშლიდა. ჩემთვის ეს ორი წელი იყო მუდმივი ბრძოლა. სააკაშვილის რეჟიმს ძალიან ცოტა ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, საბედნიეროდ, სწორედ ამ ადამიანების რიცხვში ვიყავი მეც, ხმალამოღებული ვიბრძოდი და ხმამაღლა ვამხელდი იმ მანკიერებას, რომელიც იმჟამად იყო ქვეყანაში. ჩემი მოწინაღმდეგეების 99% ამ დროს ხმასაც არ იღებდა. არავის არაფერს არ ვამადლი და ვიცი, რომ ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას, მაგრამ გული მწყდება, როდესაც ადამიანმა ამდენი რაღაც გამოიარა, ამდენი წვალება ნახა და ყოველივე ამის შემდეგ ასეთი ტალახი ესროლეს... ჩემი ფედერაციის ხელმძღვანელობისას, პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისში ჩაატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც არა მარტო სპორტული, არამედ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. უამრავი სტუმარი იყო ჩამოსული და შემოვიდა საკმაოდ დიდი შემოსავალი, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ჩვენს ქვეყანას ჭიდაობის მსოფლიო ჩემპინატის ჩატარების უფლება მოეპოვებინა. ეს იყო საკმაოდ შრომატევადი პროცესი და საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდა. ეს არაა მხოლოდ ლუკა კურტანიძის საქმე, 70 ქვეყანა ჩამოვა თბილისში და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ასპარეზობა უმაღლეს დონეზე ჩატარდეს..

- ბატონო ლუკა, გარეშე თვალისთვის სიტუაციის მაქსიმალური დაძაბვა მაშინ დაიწყო, როდესაც თქვენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელები გაათავისუფლეთ...

- დიახ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რადგან შედეგი დამაკმაყოფილებელი არ იყო, მწვრთნელები გავათავისუფლე და ამას მოყვა უკმაყოფილება. არც ერთი თანამდებობა არ მიღირს ხალხის გულისტკივილად. ამ მხრივ სამაგალითო ადამიანი მყავს, ესაა ბიძინა ივანიშვილი, მან რაც თქვა, ყველაფერი შეასრულა და რაც მთვარია უანგაროდ და დატოვა თანამდებობა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგი მასწავლებელია, მისი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცე რთულ ვითარებაში. მე ჩემი საქმე მივიყვანე ბოლომდე, გადაწყდა, რომ 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდება. ვაჯობე ემოციას, მივიღე გადაწყვეტილება და უფლებამოსილება შევიჩერე. ჩემთვის ყველაზე დიდი თანამდებობა ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლობაა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. გავითავლსიწინე ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს და არ მინდა რომ მას ჩემი საბაბითაც ჰქონოდეს კიდევ რაიმე პრობლემა. მე თუ მართლაც მეგობარი და მართლაც თანამებრძოლი ვარ, სწორედი ის გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, რაც მივიღე. ამ ორი წლის განმავლობაში საკმაოდ მაღლა ავწიე თამასა და მინდა, რომ ჩემმა შემდგომმა ხელმძღვანელმა ამაზე მეტი გააკეთოს. ჩვენს უკან უამრავი ადამიანი დგას და მათ არ უნდა გავუცრუოთ იმედები. ხალხი სოციალურად შეჭირვებულია და მათ სჭირდებათ გამარჯვების სიხარული. უნდოდათ ჩემი ჩაქოლვა, ჩამოხრჩობა და დამცირება, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათ არც განვლილ და არ გასავლელ ცხოვრებას არაფერს შემატებს. გარდაცვლილ ადამიანს უფალი მიხედავს, ამიტომ სჯობს ერთმანეთს ვიდრე ცოცხლები ვართ, მანამ მოვეფეროთ. თუ წავიქეცით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ცხოვრება მორჩა? _ სწორედ ამ დროს გვინდა ერთმანეთის მხარდაჭერა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)