გიგანტი, რომელმაც შვარცნეგერის სახელობის შეჯიბრში გაიმარჯვა - "ჩემი შეყვარებული 200 კილოგრამიანი "შტანგაა" - კვირის პალიტრა

გიგანტი, რომელმაც შვარცნეგერის სახელობის შეჯიბრში გაიმარჯვა - "ჩემი შეყვარებული 200 კილოგრამიანი "შტანგაა"

"დღეში ჯამურად მინიმუმ 55 ტონას ვწევ, ხოლო თუ შეჯიბრებისათვის ვემზადები 75 ტონამდეც ავდივარ ხოლმე"

"თავიდან, როდესაც ვარჯიში დავიწყე და ჩემებმა გაიგეს, დედას ვეცოდებოდი, ხშირად მეუბნებოდა - დაანებე თავი, რამე არ დაიზიიანო და სხვ. არც ოჯახის სხვა წევრები იყვნენ დიდად მოხიბლული ჩემი არჩევანით."

კონსტანტინე ჯანაშია ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, თუმცა მსოფლიოს სპორტული სამყარო უკვე კარგად იცნობს. "strong man" - ეს სპორტის ის სახეობაა, რომელშიც კონსტანტინე გამოდის. ეს სპორტი საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ნელ-ნელა ბევრი ადამიანი ინტერესდება, ამას ხელს უწყობს ისეთი ცნობილი ადამიანის ჩართვაც როგორც არნოლდ შვარცნეგერია. 2013 წელს კონსტანტინემ, ესპანეთში გამართულ შეჯიბრებაში, რომელიც შვარცნეგერის სახელობის იყო, პირველი ადგილი დაიკავა.

"12 წლიდან დავდიოდი ხელბურთზე, ეროვნულ ნაკრებშიც ვიყავი და ევროპის ჩემპიონატზეც მაქვს ნათამაშები. მერე გარკვეული პრობლემის გამო თბილისიდან წამოსვლა მომიწია, რადგან ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, ბევრმა მირჩია, ძალოსნობაში მეცადა ბედი, მაგრამ მივხვდი, რომ დაგვიანებული იყო. სწორედ ამ დროს გავიგე, რომ ავთანდილ ახვლედიანმა ჩამოყალაიბა "strong man"-ის ფედერაცია და ამ დღიდან დაიწყო ამ სპორტის სახეობით ჩემი დაავადება". - ამბობს კონსტანტინე.

ვარჯიშის დაწყების პირველი დღიდან ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრია. მისი ფიზიკური მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და პირველივე საერთაშორის შეჯიბრებიდან მეტსახელით დაბრუნდა: " საქართველოს სახელით სადაც არ უნდა მიმეღო მონაწილეობა, ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ყველაზე ერთი თავით მაღალი ვჩანდი, ამიტომაც "ქართველი გიგანტი" დამარქვეს". "strong man"-ის მსოფლიო ლიდერებში დაახლოებით 10-15 ადამიანი, რომლებიც ყველა შეჯიბრებაზე ფავორიტებად ითვლებიან, კოტე თვლის, რომ მათ დონემდე რომ მივიდეს 3 წელი მაინც დასჭირდება: "თუ ამ ტემპით გავაგრძელე ზრდა 3 წელიწადში ხუთეულში ნამდვილად ვიქნები.მაისის ბოლოს ლას-ვეგასში ტარდება ტურნირი "world strongest men", რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს ჩემპიონატია. ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 30 რჩეული სპორტსმენი, რჩეულებიდან მხოლოდ 10 მოხვდება ფინალში. ამ ათეულში მოხვედრა უკვე სერიოზულ კარიერას ნიშნავს, თუმცა მე პირადად ხუთეულზეც მაქვს პრეტენზია".

თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, კოსტანტინეს ჯერჯერობით საკუთარი შესაძლებლობის 15%-იც კი არ აქვს გამოვლენილი.

" სპორტი პატარაობიდანვე მიყვარს, თავიდანვე მიზნად დავისახე რომ მწვერვალისთვის მიმეღწია, ამიტომ მუდამ ვვარჯიშობდი, არასოდეს დამზარებია. დატვირთვა ძალიან დიდია. დღეში ჯამურად მინიმუმ 55 ტონას ვწევ, ხოლო თუ შეჯიბრებისათვის ვემზადები 75 ტონამდეც ავდივარ ხოლმე. სიმაღლე და წონა კარგია, რადგან მძიმე და მოუხერხებელ ნივთებს ადვილად ვიმორჩილებ, აგრეთვე დიდ სიმაღლეზე ამ ნივთების დალაგება (რაც ამ სპორტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია) ძალიან მიიოლდება". უმთავრეს პრობლემად სპონსორის არ არსებობას მიიჩნევს: "მუდმივი სპონსორი არ მყავს, შეჯიბრებებზე რომ ვიარო და ისედაც, რომ ვიარსებო ძირითადად ბანკიდან ვიღებ კრედიტს, შემდეგ კი საპრიზო თანხებით ვფარავ ხოლმე. ერთჯერადად რამდენჯერმე დამასპონსორეს, მაგრამ მუდმივი სპონსორი არასოდეს მყოლია, რაც ძალიან რთულია. მთელი ჩემი მოგებული ფული ვალებში მეხარჯება" სპონსორის არ არსებობის გამო, სავარჯიშო პირობებიც ცუდია: " ევროპაში რომ ჩავდივართ მათ ყველანაირი პიროებები აქვთ, ტექნიკით დაწყებული და საშხაპეებით დამთავრებული. აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ რაც სპორტსმენს სჭირდება, ჩვენ კი ხელნაკეთი ატრიბუტებით გვიწევს ვარჯიში".

"strong man"-ით დაკავებული სპორტსმენის ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი ძალიან მძიმეა, საკუთარი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებათ, თუმცა როგორც კონსტანტინე მეუბნება დროის სიმცირის მიუხედავადავ შეყვარებული მაინც ყავს: "ჩემი შეყვარებული 200 კილოგრამიანი "შტანგაა". გამიგია, რომ ბევრი გოგო ამბობს თითქოს არ მოსწონს დაკუნთული ბიჭები, მაგრამ დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში მაინც მოსწონთ". სერიოზული ურთიერთობა არავისთან აქვს. კონსტანტინე ძალიან მშვიდობისმოყვარე ადამიანია, გამორიცხულია საკუთარი ფიზიკური მონაცემები თავისზე სუსტ ადამიანზე გამოიყენოს, მაგრამ ხანდახან მაინც უწევს საკუთარი ძალის დემონსტრირება: " ზოგჯერ მეტისმეტი მოსდით და იძულებულივარ შესაბამის პასუხი გავცე ხოლმე" მიუღებლად მიიჩნევს ჩხუბის დროს იარაღის გამოყენებას: " მინახავს ქუჩაში დანით რომ ჩხუბობენ, ეგაა ლაჩრობის გამოვლინება, კაცს როგორ შეიძლება ცემის გეშინოდეს და ამის შიშით დანა ან იარაღი ატარო?!" კონსტანტინეს ყველაზე დიდი გულშემატკივარი საკუთარი ოჯახია, თუმცა თავდაპირველად სხვაგვარად იყო: "თავიდან, როდესაც ვარჯიში დავიწყე და ჩემებმა გაიგეს, დედას ვეცოდებოდი, ხშირად მეუბნებოდა - დაანებე თავი, რამე არ დაიზიიანო და სხვ. არც ოჯახის სხვა წევრები იყვნენ დიდად მოხიბლული ჩემი არჩევანით. მერე საქართველოს ჩემპიონი გავხდი გაუხარდათ, მერე ევროპა მოვიგე ორჯერ გაუხარდათ და ახლა უკვე მომთხოვნებიც გახდენენ და მსოფლიოს ჩემპიონობას ითხოვენ".

ყველაზე ბედნიერ წუთად იმას მიიჩნევს როდესაც ჩემპიონი ხდება და საქართველოს ჰიმნს უსმენს: " ამ სიამოვნებას ენით ვერ აღწერ. წარმოიდგინეთ შენს გამო ამდენი ხალხი ფეხზე დგება და შენი ქვეყნის ჰიმნს უსმენს. მარტო ამ წამისთვის ღირს ყველაფრის ატანა. საერთოდ ძალიან მაგარი გრძნობაა როდესაც შენი ქვეყნის სახელით მონაწილეობ და შენ ქვეყანას ასახელებ." მიუხედავად პატრიოტიზმისა, უცხო ქვეყნის სახელით გამოსვლაზეც უფიქრია: "მე საქართველოზე მეტად არაფერი მიყვარს, მაგრამ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა რომ შემომთავაზონ, უსათუოდ დავთანხმდები, რადგან აქ ამ სპორტში პერსპექტივა არაა. მე კი მინდა ამ სპორტში ჩემი სახელი სამუდამოდ დარჩეს, თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, ყველას ეცოდინება რომ კოსტანტინე ჯანაშია ქართველია."

სპორტული კარიერის უდიდეს იმედგაცრუებად შარშან, აშშ-ს საელჩოში მომხდარ ამაბავს მიიჩნევს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად გამზადებულს ვიზა არ მისცეს: "მართლა უდიდესი იმედგაცრუება იყო. ყველა საბუთი შევაგრვე, მაგრამ ამერიკის საელჩოში ვიზაზე მაინც უარი მითხრეს, რადგან ხელფასი მქონდა დაბალი და შეეშინდათ იქ არ დავრჩენილიყავი" მიუხედავად, იმედგაცრუებისა საელჩოდან გამოსული უკვე ვარჯიშზე ფიქრობდა: "მინდა ჩემი მიღწეევებით დავუმტკიცო რომ მაგრად შეცდნენ როცა ვიზა არ მომცეს"

მათთვის კი ვისაც ჯერ არ დაუწყია ვარჯიში ხუთი რჩევა აქვს: "1. ცხოვრების ჯანსაღი წესი 2. სწორად შერჩეული კვების რეჟიმი. 3. თავმდაბლობა და წინდახედულობა. 4. მიზანი. 5 სამშობლოს სიყვარული."

კონსტანტინემ, წამოსვლისას მოგვაძახა: "ბევრჯერ მოგასმენინებთ საქართველოს ჰიმნს და მოემზადეთო"

ლადო გოგოლაძე

იხ. ინგლისურენოვანი ვერსია