პორტუგალია გაჭირვებით გავტეხეთ - კვირის პალიტრა

პორტუგალია გაჭირვებით გავტეხეთ

საქართველო 20:15 პორტუგალია

საქართველოს ნაკრებმა დიდებულად დაიწყო პორტუგალიასთან მატჩი. მასპინძლებმა ლელო მატჩის პირველივე (!) წუთზე დადეს და რა გასაკვირია, ვაკის სტადიონზე შეკრებილი არცთუ მრავალრიცხოვანი ქომაგი, მეტოქის ჩათვლის მოედანში ლელოების დასათვლელად რომ მოემზადა. მით უმეტეს, პრემიალური ქულის ასაღებად კიდევ სამი ლელოს გატანა გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, ქართველი ქომაგის მოლოდინი - ფუჭი, კაჭარავას მიერ 45-ე წამზე გატანილი ლელო კი ერთადერთი გამოდგა!

დიახ, დარჩენილ 90 წუთში (მსაჯმა მატჩის ძირითად დროს ათ წუთზე მეტი დაამატა. - ავტ.) მეტი ლელო აღარ გასულა, მასპინძლების ნაცვლად კი პრემიალურ ქულას მომხდურები გამორჩნენ - შეხვედრის ბოლო წამებზე პედრო ავილა ბეტანკურმა მოედნის შუაგულიდან ზუსტად დაარტყა და შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგებისთვის დაწესებული პრემიალური ქულა ლისაბონში წაიღო!

ბორჯღალოსნებისთვის პორტუგალია ტრადიციულად უხერხული მეტოქეა. კი, 2005 წლის მერე აღარ მოუგიათ ჩვენთვის, იმ მატჩის წლისთავზე თბილისში სასტიკი რევანშიც (40:0) ავიღეთ, მაგრამ საერთო ჯამში "ლობუშთან" (პორტუგალიელთა მეტსახელია და "მგლებს" ნიშნავს. - ავტ.) ყოველ ჯერზე გვიჭირს.

ასე იყო ამჯერადაც - მრავალფეროვნად ვუტევდით, ხშირად უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 20:15 მოვიგეთ; ანუ მხოლოდ პირველივე წამებზე გატანილი ერთადერთი ლელოს სხვაობით გავიმარჯვეთ!

რაც უნდა უხერხული მეტოქე ვუძახოთ, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?! ქართველებმა კიდევ არაერთხელ სცადეს სტუმართა ჩათვლის მოედნის ატალახება. როცა ბურთი ჰქონდათ, სახიფათოდაც უტევდნენ, ოღონდ საქმეც ეგ არის, რომ ბურთს ხშირად ვკარგავდით და ხშირად ვჯარიმდებოდით, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში. პირენელებს ტყუილად არ უძახიან "მგლებს" - პორტუგალია სწრაფი და, იმავდროულად, ხისტი გუნდია, ხელდახელ ბურთაობაც ეხერხება და კარში დარტყმაც.

ქართველებს კი რაქის "გასუფთავება" და ბურთის სწრაფად გამოტანა ამჯერადაც გაუჭირდათ. გვესმის, რომ ტრავმებისა თუ სტრატეგიის გამო, მილტონ ჰეიგმა, გარკვეულწილად, ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა, მაგრამ ამდენი შეცდომა და ჯარიმა მაინც ცუდად ხვდება თვალს. საქართველოს ნაკრებში ისეთი გამოუცდელი არავინ არის, იმის სწავლა სჭირდებოდეს, ბურთიან კაცს მალევე რომ უნდა მიჰყვე, ანდა ბოჭვის შემდეგ მეტოქეს სწრაფად "შეელიო"...

მატჩის პერიპეტიებზე სალაპარაკო კი ბევრი არაფერია - გადამწყვეტი ის ერთადერთი ლელო გამოდგა, დანარჩენი 15-15 ქულა კი გუნდებმა საჯარიმო დარტყმებით მიითვალეს. "ვალენტინი" არა, მაგრამ 14 თებერვალს პორტუგალიას ბეტანკური ჰყავდა, რომელმაც ხუთიდან ხუთივე საჯარიმო გაიტანა და საყვარელ ქალს პრემიალური ქულით მიულოცა "სიყვარულის დღე".

რაც შეგვეხება ქართველებს, აღვნიშნავთ თუ არა "ვალენტინობას", სიყვარული მაინც თავისებური ვიცით. მათ შორის - რაგბის სიყვარულიც. ამიტომაც დღემდე გვგონია, რომ სტადიონი მხოლოდ რუსეთთან მატჩის დროს უნდა გავავსოთ...

ბორჯღალოსნებმა კი პრემიის გარეშე, საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგეს. მოიგეს და 28 თებერვალს არანაკლებ რთული მატჩი ელით მადრიდში.

იმედია, ზამთრის ბოლო დღეს მოპოვებული გამარჯვებით გაცილებით უკეთეს ხასიათზე ვიქნებით!