რუსი მშრალზე დავტოვეთ - მე-17 მოგება მე-19 მატჩში - კვირის პალიტრა

რუსი მშრალზე დავტოვეთ - მე-17 მოგება მე-19 მატჩში

საქართველო 33:0 რუსეთი

საქართველოს ნაკრებმა მძიმედ დაიწყო, თანდათან მოუმატა და საბოლოოდ, ოცდაცამეტით დაამთავრებინა რუსებს!

მე-17 მოგება მე-19 მატჩში - ასეთია ბორჯღალოსანთა უპირატესობა რუს "დათვებთან" შეხვედრებში. წინა ტურში ჩრდილოელებმა შინ სენსაციურად აჯობეს რუმინელებს და ეჭვგარეშეა, თბილისშიც იმედიანად ჩამოვიდნენ, მაგრამ... ამჯერადაც მშრალზე დარჩნენ. მშრალზე და ნულზე!

ჩვენებმა იქნებ ნებისმიერთან წააგონ, მაგრამ რუსთან არ დამარცხდებიან, და სანამ ოვალური ბურთი იარსებებს, რუსი მორაგბე ტურისტად თუ ჩამოვა საქართველოში!

ამჯერადაც ასე იყო - ბორჯღალოსანთა კოლექციას დათვის მე-17 ტყავი შეემატა, რუსებს კი ისევ ის გავატანეთ, ბოლო წლებში რომ მიაქვთ ხოლმე - სევდანარევი იმედი - იმედი, რომელსაც ასრულება არ უწერია...

შეცდომები? როგორ არ იყო, მაგრამ რუსთან მატჩი ის შემთხვევაა, როცა სტატისტიკაცა და ტაქტიკაც მეორე პლანზე გადადის - მთავარია, რომ აუცილებლად მოიგებ - თუნდაც, მხოლოდ ქართული სულისა და ხასიათის ხარჯზე...

ხასიათზე მოსასვლელად კი ქართველებს საათზე მეტი დასჭირდათ. და როცა სალელოედ გახურდნენ, ვაკის გადაჭედილ სტადიონს ერთმანეთზე ლამაზი სამი ლელოთი გადაუხადეს მადლობა!

დათვი ხეზე როგორ გავა...

ხეზე იქნებ გაინავარდოს კიდეც, მაგრამ ქართულ მოედანზე?!

არც გაულაღია და ვერც გაილაღებს!