ექვსი ერ(ეს)ი საქართველოსთვის?! - კვირის პალიტრა

ექვსი ერ(ეს)ი საქართველოსთვის?!

The Telegraph-ი „ექვსი ერის“ კარზე ქართველებისთვის აკაკუნებს

"ექვსი ერის ჩემპიონატი" საერთაშორისო რაგბის კავშირის ყოველწლიური შეჯიბრებაა, რომელშიც ევროპის ექვსი უძლიერესი ნაკრები (ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, შოტლანდია და იტალია) მონაწილეობს. "ერესი" (ბერძ. ჰაირესის) არის მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებული რელიგიის სწავლებებს. სხვაგვარად - რწმენის ერთ ან რამდენიმე ჭეშმარიტებაზე უარის თქმას ან მათში ჯიუტად დაეჭვებას ნიშნავს...

ჰოდა, "ექვსი ერის" წარმომადგენლები დღემდე "ჯიუტად ეჭვობენ", რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მათთან თამაში ჯერ ნაადრევია. თუმცა, ყველა არა - გასულ კვირას პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა თჰე თელეგრაპჰ-მა დაბეჭდა ოლივერ ბრაუნის სტატია სათაურით - "გააღეთ "ექვსი ერის" კარი და შეუშვით საქართველო". გთავაზობთ ამონარიდებს ამ ძალიან საინტერესო სტატიიდან:

"...წყნარად, თითქმის აუღელვებლად, გასულ კვირას, საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალიაზე ზემოთ აღიმართა. სანამ იდუმალი კავკასიელი გოლიათები ევროპის ერთა თასს ზედიზედ მეხუთედ მოიგებდნენ, ჟაკ ბრიუნელის "აზურმა" იმაზე უფრო სწრაფად დაიხია უკან, ვიდრე ამას რომელიმე გალაქტიკა შეძლებდა."

თუმცა, მაინც - საქართველოს "ექვს ერში" შესვლის იმაზე ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ედი ბატლერს - მერაბ კვირიკაშვილის სახელის უშეცდომოდ წარმოთქმისა.

ამ ყველაფერს კი რაგბისთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგანაც, მართალია, საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთა თასის არც ერთი თამაში არ დაუთმია და მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში თამაშის შანსიც აქვს, მაგრამ "ექვსი ერიდან" იტალიის გაძევება კომერციისა და ტრადიციის საკითხია. ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივ გულშემატკივარსაც  ურჩევნია, ორ  წელიწადში ერთხელ უიკენდი ტრევის შადრევანთან გაატაროს, ვიდრე თბილისის სამიკიტნოებში ხინკალსა და წვნიანს მიეძალოს.

"...გაცვეთილი არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს საქართველო "ექვსი ერის" სიწმინდეს შებღალავს, სოფიზმია და მეტი არაფერი. საქართველოს ტურნირზე არ-დაშვების თავიდათავია დამკვიდრებული ცრუ მოსაზრება, თითქოს საქართველო ვერაფერს შემატებს სანუკვარი "პროდუქტის" იმიჯს."

"...არავინ ემუქრება იტალიასა თუ შოტლანდიას გაგდებით,  მაგრამ მოვიდა დრო, ქართველებსაც მიეცეთ შანსი ორ-მატჩა ფლეი-ოფის სისტემის დამკვიდრებით. საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ იქნება, თუ შემდეგი წლის მონაწილეთა ვინაობა საქართველოსა (გუნდი, რომელიც ერთა თასს ზედიზედ მეორედ დიდი სლემით იგებს) და შოტლანდიის (რომელიც "ექვსი ერის" ბოლო ცხრა გათამაშებიდან რვაჯერ ბოლო ორ ადგილს ვერ ასცდა) თამაშით გაირკვეს."

"...საქართველო საკმაოდ გაზრდილია ერთა თასისთვის. თუმცა, "ექვსი ერის" "კლუბის" წევრები, ირლანდიის გარდა, ამაზე არც ფიქრობენ. ისინი საქართველოს  რომელიმე საერთაშორისო კალენდარში შეყვანის იდეის განხილვაზეც კი უარს ამბობენ, იმის გამო, რომ ლეგენდარული სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების წინააღმდეგ რკენებში უფრო მეტი ფული კეთდება. სასაცილოა, რომ  რაგბის ირგვლივ ყოველგვარი რიტორიკა თამაშის გლობალიზაციას ემსახურება."

"...დიახ, თბილისი ლონდონიდან 2500 მილითაა დაშორებული, დედაქალაქი კი ძალიან ახლოსაა სამაჩაბლოს სეპარატისტულ რეგიონთან, მაგრამ ძველი ქალაქის მშვენიერ ვიწრო ქუჩებსა და  შენობებსაც აქვს პოტენციალი, რომელიც ერთ დღესაც წმინდა პეტრეს მოედნის ტურისტულ სამიკიტნოებში შეკრებილ რაგბის ქომაგებს თავისკენ მიიზიდავს."

"...ივნისში სამოასთან პირველი ტესტ-მატჩით, "ოლ ბლექსის" ეგოისტურ-სკანდალური  ერა მთავრდება. და დროა, რაგბის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლიათებმაც შეცვალონ თავიანთი შეზღუდული აზროვნება!"