"ეს გამარჯვება ჩემს საქართველოს მივუძღვენი, მინდოდა, ამ მძიმე დღეებში მცირედ მაინც გამეხარებინა ხალხი" - კვირის პალიტრა

"ეს გამარჯვება ჩემს საქართველოს მივუძღვენი, მინდოდა, ამ მძიმე დღეებში მცირედ მაინც გამეხარებინა ხალხი"

"ვარჯიშზე ვიყავი, როდესაც სტიქიის ამბავი გავიგე, ყველა მოდიოდა და გვისამძიმრებდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის, განსაკუთრებით კი, დაღუპული ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. დღის განმავლობაში მუდმივად ვეცნობოდით სიახლეებს, - გვაინტერესებდა, რა ხდებოდა. შოკში ვიყავით..."

ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 17 წლის ქართველი გოგონა მაყურებლის წინაშე ორიგინალური ნომრით წარდგა. მან ჯგუფ "ბანის" "რაჭული" მუსიკის ფონზე, ქართული ცეკვის ილეთებით გაფორმებული ნომერი წარმოადგინა, რამაც მაყურებლი აღაფრთოვანა. ტანმოვარჯიშემ ბაქოს თამაშებზე საქართველოს მე-7 მედალი მოუტანა. მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავამ 4 დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საუკეთესო შედეგი ბაფთით ასპარეზობისას აჩვენა.

ჩვენ საქართველოში დაბრუნებულ გოგონას დავუკავშირდით და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ...

სალომე ფაჟავა:

- მთელი გულით და სულით ვემზადებოდი, ძალები არ დამიზოგავს, რადგან ეს გამოსვლა ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ძალიან მინდოდ,ა საქართველო მესახელებინა. მწვრთნელებმაც ძალიან დიდი ამაგი ჩადეს ჩემში, მადლობა მათ. ძალიან ბედინიერი ვარ, ჩემს ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. კიდევ ორ სახეობაში მქონდა გამარჯვების შანსი, - რგოლითა და გურზებით, მაგრამ... ის, რომ მედლისთვის ქულები არ მეყო, ჩემმა მწრთვნელებმა მსაჯების "დამსახურებად" მიიჩნიეს, - ითქვა, რომ მათ რატომღაც ქულები ვერ გაიმეტეს. თუმცა, ბაფთით ვარჯიშში მესამე ადგილო ავიღე.

- რამდენად ძლიერი მეტოქეები გყავდათ?

- ყველა, განსაკუთრებით კი ვინ ფინალში გავიდა, ძალიან ძლიერები იყვნენ და თავდაუზოგადავად იბრძოდნენ მედლისთვის, მაგრამ არც მე დამიზოგავს თავი, მინდოდა, იმ საშინელების შემდეგ, რაც 13 ივნისს თბილისში დატრიალდა, ცოტათი მაინც გამეხარებინა ჩემი ხალხი. ვარჯიშზე ვიყავი, როდესაც სტიქიის ამბავი გავიგე, ყველა მოდიოდა და გვისამძიმრებდა. მართლაც ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის, განსაკუთრებით კი, დაღუპული ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. დღის განმავლობაში მუდმივად ვეცნობოდით სიახლეებს, - გვაინტერესებდა, რა ხდებოდა. შოკში ვიყავით...

- ცნობილია, რომ სანაპიროზე ტანვარჯისის დარბაზიც დაიტბორა...

- დიახ, ამიტომაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გვთავაზობდნენ, ჩევნთან ჩამოდით და ივარჯიშეთო...  შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გამარჯვება ჩემს საყვარელ ქვეყანას მივუძღვენი, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა. როდესაც ბაქოს ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ, ძალიან აღელვებულმა ვიუთხარი, რომ ეს გამარჯვება დიდი განსაცდელის წინაშე მდგომ საქართველოს ეძღვნებოდა.

- ამ მუსიკის ფონზე რატომ გადაწყვიტეთ გამოსვლა?

- "ბანის" "რაჭული" ჩემი ქორეოგრაფის შვილმა გვირჩია... მანამდეც კი მქონდა მოსმენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ მოვუსმინე, მივხვდი, რომ კარგი გამოვიდოდა. მართლაც მუსიკამ მთელი დარბაზი აიყოლია და სანახაობრივადაც ლამაზი გამოვიდა.

- დიდი ხანი ვარჯიშობთ?

- დიახ, ათი წელია. 7 წლის ვიყავი, როდესაც ტანვარჯიშით დავინტერესდი. ეს ასაკი დაგვიანებული იყო, ამ სპორტისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა და ბევრს ვვარჯიშობდი.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

- აგვისტოში, ყაზანში მსოფლიო თასისთვის ვემზადები, სექტემბერში კი, რიო-დე-ჟანეიროში სალიცენზიო ჩემპიონატია. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, ოლიმპიადის ლიცენზია აუცილებლად უნდა მოვიპოვო...

"კვირის პალიტრა" კიდევ არაერთ წარმატებას უსურვებს სალომეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო