ჭოლა ჭანტურია: "მსაჯებმა დამჩაგრეს.. პატარა ქვეყნის წარმომადგენლებს არაკეთილსინდისიერად ექცევიან" - კვირის პალიტრა

ჭოლა ჭანტურია: "მსაჯებმა დამჩაგრეს.. პატარა ქვეყნის წარმომადგენლებს არაკეთილსინდისიერად ექცევიან"

"საქართველოში ანაზღაურებაც ძალიან დაბალი გვაქვს. ასეთ პირობებში ძალიან რთულია შედეგების მიღწევა, პრაქტიკულად - შეუძლებელი. ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობა მსგავს სიძნელეებს არ შეხვდება"

ცოტა ხნის წინ, საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრების წევრმა, ჭოლა ჭანტურიამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და ერთ-ერთი შეჯიბრისას 412 ქულა მოაგროვა. ჭოლა ამჟამად მექსიკის ქალაქ გუადალახარაშია, სადაც ადგილობრივ კლუბ "ხალისკოსთან" ერთად მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრისთვის ემზადება.

"კვირის პალიტრა" ჭოლა ჭანტურიას მექსიკაში დაუკავშირდა.

- პირველად, 6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში შემიყვანეს, სადაც მხოლოდ იმიტომ ვვარჯიშობდი, რომ ჯანმრთელად ვყოფილიყავი. თუმცა, მას შემდეგ, რაც 7 წლისა მწვრთნელმა მოსკოვში წყალში ხტომის შეჯიბრებაზე წამიყვანა, სადაც პირველ ადგილზე გავედი, გადავწყვიტე წყალში ხტომაზე მევლო...

- ამ დროის განმავლობაში დაბრკოლებები თუ შეგხვედრია ?

-ისევე როგორც ძალიან ბევრ ოჯახს, მეც შემექმნა ფინანსური პრობლემები. ვფიქრობდი, რომ თავი დამენებებინა წყალში ხტომისთვის, მაგრამ საბედნიეროდ, ოჯახის დახმარებით ყველაფერი დავძლიე. ჩვენი ოჯახის თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. თუმცა, ყველაზე დიდი დაბრკოლება მაინც წინა ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრის დროს შემხვდა - მსაჯებმა აშკარად დამჩაგრეს და 30-ე ადგილი მარგუნეს, არადა ოლიმპიადაზე 29 სპორტსმენი ხვდებოდა... ზოგადად, პატარა ქვეყნის წარმომადგენლებს მსაჯები არაკეთილსინდისიერად ექცევიან. სწორედ ამ 30-ე ადგილის გამო, ხელფასი 120 ლარამდე დამაკლეს და მთელი 2013 წელი მხოლოდ ამ თანხას ვიღებდი. ამის გამო, შინ რამდენჯერმე მითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა თუ სწავლაზე ვიზრუნებდი, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და აქტიურ სპორტში დავრჩი...

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიე და ზოგადად, შენი საუკეთესო შედეგი რა არის?

- პირველ წარმატებას საბერძნეთში მივაღწიე, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე მედალი ავიღე. ამის შემდეგ, 2010, 2011 და 2013 წლებში ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავედი... მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი საუკეთესო შედეგი სინქრონულ ხტომაში მე-12 ადგილია.

- როგორ აღმოჩნდი მექსიკაში?

- საქართველოს საწყალოსნო სახეობათა ფედერაციამ მექსიკაში წასვლა სრულად დამიფინანსა და ამისთვის 6 000 დოლარი გამოყო. აქ 12 ივლისამდე უნდა დავრჩე. მამზადებს მწვრთნელი ივან ბაუტისტა, რომელიც შარშან მექსიკის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. მას არაერთი ოლიმპიური და მსოფლიო პრიზიორი ჰყავს აღზრდილი. აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი მწვრთნელი ირაკლი ბართაიაც, რომელიც მექსიკაში წასვლაში ძალიან დამეხმარა. 12 ივლის რუსეთის ქალაქ ყაზანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრები, თებერვალში კი უკვე ბრაზილიაში უნდა წავიდე, სადაც ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრი გაიმართება. ოლიმპიადაზე 30 სპორტსმენი გადის და აუცილებლად, უნდა მოვხვდე მათ შორის...

რამდენიმე დღის წინ მექსიკის ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა, სადაც პირადი რეკორდი გავაუმჯობესე და 412 ქულა ავიღე. წინა ოლიმპიადაზე 397 ქულის მქონე სპორტსმენებმა აიღეს ლიცენზია. რაც მექსიკაში ჩამოვედი, ჩემი შესაძლებლობების ვირწმუნე. ახლა ვიცი, რომ მიზანს მივაღწევ და აუცილებლად ვიასპარეზებ რიო-დე-ჟანეიროში 2016 წელს გასამართ ოლიმპიადაზე. იქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- როგორია საქართველოში სპორტსმენების მომზადების პირობები?

- ჩვენთან ყველაფერი პრობლემაა. ელემენტარული მასაჟისტის, თერაპევტისა და ზოგადად, ექიმის პრობლემაა. არ არსებობს რელაქსაციის ცენტრი და ინვენტარის პრობლემა გვაქვს. საქართველოში ძალიან რთულ პირობებში მიწევდა ვარჯიში. მექსიკაში გავიგე, რას ნიშნავს ნორმალურ პირობებში ვარჯიში. საქართველოში ანაზღაურებაც ძალიან დაბალი გვაქვს. ასეთ პირობებში ძალიან რთულია შედეგების მიღწევა, პრაქტიკულად - შეუძლებელი. ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობა მსგავს სიძნელეებს არ შეხვდება. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება საქართველოსა და მექსიკაში სპორტსმენების მოსამზადებელი პირობები.

ვფიქრობ, ბრაზილიაში გასამართი ოლიმპიადა ჩემი ბოლო შანსია. სავარაუდოდ, შემდეგ ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მივიღებ და ეს ორმაგ მოტივაციას მაძლევს, წარმატებას მივაღწიო.

- გარდა ამისა, დავამთავრე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამა. ამავე უნივერსიტეტში შევისწავლე მაგისტრატურის პროგრამა საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის განხრით და მინდა, ამ კუთხითაც მივაღწიო წარმატებას.

ბესო გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)