75-ლარიანი ბილეთი 300 დოლარად - ეს მხოლოდ დასაწყისია! - კვირის პალიტრა

75-ლარიანი ბილეთი 300 დოლარად - ეს მხოლოდ დასაწყისია!

"როგორც გავიგე, სხვადასხვა ფორუმზე ერთი ბილეთი 650 დოლარი ღირს და გადავწყვიტე, მეც მეცადა გაყიდვა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განცხადების დადებიდან ძალიან მალე, ტელეფონი ამიფეთქდა"

Biletebi.ge-ს გაუმართაობის გამო, "უეფამ" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღეს, ბილეთები სალაროებში გაეყიდათ. დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი... აღნიშნულ საიტზე ბილეთების შეძენა კი მხოლოდ იღბლიანებმა შეძლეს... მათ შორის, რამდენიმე "საზრიანმა" ინტერნეტფორუმებსა და ონლაინ-მარკეტზე გასაყიდად გაიტანა. ონლაინ-მარკეტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: იყიდება ბარსელონა-სევილიას თამაშის 75-ლარიანი ელექტრონული ბილეთი 300 $-ად, ორი ერთად 600 $, ოთხი ერთად - 1000 $. განცხადებაში იარუსი, სექტორი და რიგიც მითითებულია... საიტზე ამ ინფორმაციის განთავსებიდან ძალიან მალე, განცხადება გაქრა. ჩვენ დავუკავშირდით განცხადების ავტორს (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) და კომენტარი ვთხოვეთ:

- როგორც ჩანს, იღბლიანი ვარ, 922-ე ვიყავი რიგში და შევიძინე ბილეთი.

- გაყიდვა რატომ გაგაწყვიტეთ?

- როგორც გავიგე, სხვადასხვა ფორუმზე ერთი ბილეთი 650 დოლარი ღირს და გადავწყვიტე, მეც მეცადა გაყიდვა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განცხადების დადებიდან ძალიან მალე, ტელეფონი ამიფეთქდა, ვერ ავუდიოდი ზარებს, ვთიშავდი თუ არა, მაშინვე სხვა რეკავდა. მერე გადავწყვიტე წამეშალა...

- გაყიდეთ?

- არა, იმდენად დავიღალე ზარებით, რომ საერთოდ წავშალე... ახლა აღარ ვყიდი ბილეთებს. მე თვითონ წავალ და დავესწრები თამაშს. (?!) ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად შესაძლებელია ასეთი ფორმით ნაყიდი ბილეთის გამოყენება, რადგან საიტზე შეძენისას, ადმინისტრაცია გვაფრთხილებდა, სწორად მიგვეთითებინა პირადი ნომერი და სხვა მონაცემები. აღმოჩნდა, რომ პირად ნომერს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ტურნიკეტის სპეცადგილას ე.წ. QR-კოდი მოთავსდეს (რომელიც ყველა ბილეთს ინდივიდუალური აქვს) და ბილეთის წაკითხვა მოხდეს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბილეთები სალაროებში გაიყიდება და ერთ კაცს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვის საშუალება ექნება, რაც გადამყიდველების "საქმიანობას" ვერ შეუშლის ხელს - "სანდო პარტნიორის" ხელით შეიძენენ და მინიმუმ სამმაგ ფასში გაყიდიან. ამ პრობლემას ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნებიც ვერ აგვარებენ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პოლიცია, ან სხვა შესაბამისი უწყება, ბილეთების გაყიდვას გააკონტროლებს და მინიმუმ ისეთი ფაქტები მაინც აღარ იქნება, როგორც საქართველო-გერმანიის მატჩისას იყო, როდესაც პოლიციელის გვერდით გადამყიდველები ბილეთებს სამმაგ ფასად ყიდდნენ. სალაროებში ბილეთების გაყიდვისას თავს აუცილებლად იჩენს ერთი არცთუ უმნიშვნელო პრობლემა. ხალხის მიზღვავების გამო, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს ჭყლეტას, ამიტომ, შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე თავიდანვე უნდა იზრუნონ, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევა.

პ.ს. სხვათა შორის, ინტერნეტგაყიდვები ასეთი ფაქტების პრევენციის ფორმაა, მაგრამ ჩვენთან ბილეთების ამ ფორმით გაყიდვა ვერ მოხერხდა, სულო ცოდვილო და... ეს შეფერხება არამარტო მე, არამედ ფეხბურთის ბევრ ქართველ გულშემატკივარს ეჩვენება საეჭვოდ, კარგი იქნება, თუ სამართალდამცავები ამ ფაქტითაც დაინტერესდებიან.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)