Mession impossible - კვირის პალიტრა

Mession impossible

შესაძლებელია თბილისში მესის ნახვა? არადა, ათასობით ქართველი სწორედ ამ იმედით შეიკრიბა ვაკის პარკში. მერე რა, რომ არც ლეოს ბებია ცხოვრობს მოსაშვილის ქუჩაზე და "ბარსელონას" თილისმა არც ვაკის პარკის შადრევნის გარშემო დარბის დილაობით. მესის ნახვის გზა მაინც ვაკის პარკზე გადის.

11 აგვისტოს, თბილისში უეფას სუპერ თასის მატჩია - "ბარსელონა"-"სევილია". თამაში "დინამო არენაზე" იქნება, მაგრამ იქ ახლა მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს და სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონის სალაროებში გაიყიდა.

რატომ სალაროებში? იმიტომ, რომ ვებგვერდი www.biletebi.ge ონლაინ გაყიდვისთვის მზად არ აღმოჩნდა. ესეც ქართული ამბავია- ორგანიზატორთა მოუმზადებლობას + ქართველი ქომაგები, რომლებიც, საიტზე შეღწევას ერთდროულად რამდენიმე ბრაუზერით ცდილობდნენ. ასე რომ, 24 000 ბილეთისთვის ერთდროულად იბრძოდა 150 000 მომხმარებელი!

და სერვერმა ვერ გაუძლო. ისევე, როგორც უეფას მოთმინებამ. სწორედ ამიტომ, ბილეთებმა სალაროებში გადაინაცვლა.

სწორედ იმ დღეებში, რუსეთმა კიდევ ერთხელ გადმოწია ე.წ. "საზღვარი". მაგრამ არანაკლებ მასშტაბური "ოკუპაცია" ვნახეთ ვაკის პარკშიც. ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში აღარ ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს და ბეჰემოთს. სამაგიეროდ, "ვაკის ტყეში" ეძებდნენ სუპერთასის ბილეთებს!

ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, რომ ბილეთები ორგანიზებულად გაიყიდებოდა- რიგში მდგომ ქომაგებს სპეციალურად მოწყობილი ბილიკით, 50-კაციან ჯგუფებად მიუშვებდნენ სალაროებთან.

მაგრამ შემთხვევითობის იმედად ხომ არ დარჩები?! რომ ჩაგთვლიმოს და რიგი დაკარგო?! არა, ამას ვერ დაუშვებ. ამიტომაც გაჩნდა ვაკის პარკში ხელნაწერი სიები და რიგის რვეულები. რიგის გარეშე, სიის, რვეულის, კარვის და ჰამაკის გარეშე, სუპერთასის ბილეთი ვის აუღია?!

ბილეთების გაყიდვა კვირა დილით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვაკის პარკში უკვე პარასკევს შეიკრიბა ასეულობით ქომაგი. რა პრობლემაა ორი ღამის "ბუნების წიაღში" გათენება, როცა სასწორზე ლეო მესი და "ბარსელონაა"?! შეიძლება, მესი არ ჩამოვიდეს? ნეიმარი მაინც ჩამოვა, სუარესი, ინიესტა... ლუის ენრიკე ხომ ყველა ვარიანტში იქნება?!

"ბარსელონადან" მხოლოდ ამ ფეხბურთელების გვარები იცი? და "სევილია"? მერე რა, რომ ფეხბურთის და რაგბის ბურთს ვერ არჩევ- "ბარსელონას" თამაშზე მაინც უნდა წახვიდე- მოდას ვერ ჩამორჩები... სტადიონზე უნდა მიხვიდე, "დაჩეკინდე" და სელფი გადაიღო! მთავარია, არ დაგავიწყდეს და ხმამაღლა არ იკითხო- "ჩვენები რომლები არიან?"

ნახევარ სამეფოს ვიძლევი ორ ბილეთში! არადა- 60 ევროც საკმარისია. მთავარია, სალარომდე მიაღწიო... აქვეა- ხუთი წუთის სავალზე. მაგრამ ქომაგთა უმრავლესობისთვის ეს გზა რამდენიმე დღე გაიწელა, საბოლოოდ კი, მაინც უბილეთოდ დარჩნენ. სალაროებში გასაყიდად გატანილი 22 ათასიდან, ბოლო ბილეთი 13 ივლისს, 05:15 საათზე გაიყიდა. ვაკის პარკში გატარებული სამი ღამის შემდეგ, უმეტესობას, ბილეთის ნაცვლად, მხოლოდ ჰამაკი და "ადიელა" შერჩა...

ქართველი გულშემატკივრების უმეტესობისთვის სუპერთასის ბილეთის შეძენა Mission impossible აღმოჩნდა. უფრო სწორად, არა Mission, არამედ - Mission. Messi on TV. სამწუხაროდ, მხოლოდ on TV...

ემანდ ჰამაკში გაღვიძებულებს "დინამო არენაც" მავთულხლართებში გახვეული არ დაგვხვდეს...

რატი შელეგია

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია