ბასილაშვილის უიმბლ-დონე - კვირის პალიტრა

ბასილაშვილის უიმბლ-დონე

ჯერ არ არის იმ დონის, Top-20-ის ყველა ჩოგბურთელს ტოლ-სწორად ეთამაშოს, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოცეულის ერთი წევრი უკვე დაამარცხა - "უიმბლდონის" მეორე წრეში მსოფლიოს მე-16 ჩოგანს, ფელისიანო ლოპესს აჯობა! საქართველოს პირველმა ჩოგანმა წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო (მათ შორის, ორი - ძირითად ბადეში), 1/18-ფინალში კი როჯერ ფედერერი ელოდა, მაგრამ... სამწუხაროდ, "მხიარულ როჯერამდე" ნიკა ესპანელმა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა (22) არ მიუშვა. ამის მიუხედავად, ბრიტანულ ბალახზე ნაჩვენები თამაში ბასილაშვილს აქტივში უნდა ჩავუწეროთ - "დიდი სლემის" ძირითად ბადეში ორი წრის გავლა ხუმრობა არ არის, მწვანე კორტებზე დაგროვებული 90 სარეიტინგო ქულის წყალობით კი ქართველი ჩოგბურთელი კიდევ უფრო მიუახლოვდა საუკეთესოთა ასეულს. მარტში მითხრა, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა რომ აღარ დამჭირდეს, ვეცდები, ასეულში "უიმბლდონის" დაწყებამდე მოვხვდეო. ვერ მოასწრო. სამაგიეროდ, ლონდონში წარმატებულმა თამაშმა ნიკოლოზ ბასილაშვილს 33-საფეხურიანი "ნახტომის" შესაძლებლობა მისცა და ახლა მსოფლიოს 120-ე ჩოგანია! ქართული ჩოგბურთის პირველ ნომერს "დევისის თასზე" გამგზავრებამდე ველაპარაკეთ:

- წლევანდელი "უიმბლდონის" ყველაზე ემოციური წუთი? ფელისიანო ლოპესთან მატჩის მეხუთე სეტი! მატჩში მანამდეც იყო გარდამტეხი მომენტები, მაგრამ სწორედ ბოლო სეტში ვიგრძენი, რომ გამარჯვებას ხელიდან არ გავუშვებდი...

- ბოლო შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, განსაკუთრებული მოტივაცია ყველა მატჩში გეტყობოდა...

- ბალახის კორტზე თამაში ძალიან მიყვარს, ჩემს სათამაშო სტილსაც უხდება... ასე რომ, ლონდონში კარგი განწყობით ჩავედი. პროგრამა-მინიმუმი ძირითად ბადეში გასვლა იყო, მერე კი... ყველა მატჩში ბოლომდე უნდა მებრძოლა და ჩემი თამაში მეჩვენებინა. ლოპესთან გამარჯვების შემდეგ, ტრავმამ შემაწუხა, თუმცა თავის მართლება არ მიყვარს და არც ვაპირებ, წაგება მხოლოდ ამას დავაბრალო...

- თავის მართლება არ გიყვარს და ბაუტისტა-აგუტთან წაგების შემდეგ, სოციალურ ქსელშიც დაწერე, როგორი ანგარიშიც იყო, ისეთს ვიმსახურებდიო... ყოველთვის ასეთი თვითკრიტიკული ხარ?

- სპორტსმენი თვითკრიტიკული უნდა იყოს, თავსა და შესაძლებლობებს რეალურად აფასებდეს... საკუთარი შეცდომები უნდა დაინახო, ოღონდ ეს ყველაფერი თავდაჯერების დაკარგვად არ უნდა დაგიჯდეს... ფაქტია, რომ ესპანელმა ჩემზე უკეთ ითამაშა, განწყობაც შესაბამისი ჰქონდა და რადგან უფრო ნაკლები მატჩის გამართვამ მოუწია, უფრო დასვენებულიც იყო... სპორტში ხან მოიგებ, ხან წააგებ, მაგრამ განვლილ ტურნირებზე ფიქრი და გაჩერება არ ღირს - წინ უნდა იყურო!

- ფელისიანო ლოპესი რეიტინგში თითქმის 140 საფეხურით გისწრებდა, მაგრამ თამაშმა აჩვენა, რომ კლასში ამხელა სხვაობა ნამდვილად არ არის...

- ჩოგბურთში ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა - შესაძლოა, ფიზიკურად ან ტექნიკით მეტოქეზე ძლიერი ხარ, იქნებ მასზე უკეთესადაც იყო მომზადებული, მაგრამ თვითრწმენა თუ არა გაქვს, არაფერი გამოგივა! თავისუფლად ვთამაშობდი, არ ვნერვიულობდი, მჯეროდა, რომ შემეძლო ლოპესის დამარცხება. ასეთი ხასიათი მაქვს - საკმარისია, ტურნირზე თუნდაც ერთი ეტაპი გადავლახო, მერე გაცილებით თავდაჯერებულად და თავისუფლად ვთამაშობ. მაგალითად, ღოლანდ Garros-ის ძირითად ბადეში გასვლა ლონდონურ ასპარეზობაზეც დამეტყო...

- მაგრამ მეორე ესპანელთან მოსაგებად აღარ გეყო... ტაი-ბრეიკზე წაგებული პირველი სეტის შემდეგ, მობილიზება გაგიჭირდა თუ ბაუტისტა-აგუტთან წაგება დაღლილობის ბრალი უფროა?

- ლოპესთან მატჩის შემდეგ, მარცხენა ფეხის კუნთმა შემაწუხა. შესაძლოა, შეამჩნიეთ კიდეც - 1/16-ფინალში კუნთის დამჭერი მეკეთა. ტკივილგამაყუჩებლებიც დავლიე, ყველანაირად ვეცადე, მაგრამ... პირველი სეტის შემდეგ, კუნთი ისევ ამტკივდა... ვიმეორებ - წაგებას ამას არ ვაბრალებ - ესპანელმა იმ დღეს ჩემზე უკეთ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ისე კი, ეს ერთ-ერთი ყველაზე მწარე მარცხი იყო ჩემს კარიერაში - ბაუტისტა-აგუტისთვის რომ მომეგო, ცენტრალურ კორტზე ვითამაშებდი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ!

- ნამატჩევს ფელისიანო ლოპესმა გამარჯვება არ მოგილოცა?

- გასახდელში ბევრმა მომილოცა, მათ შორის, ჩემმა გერმანელმა მეგობარმა დასტინ ბრაუნმაც, რომელმაც "უიმბლდონზე" რაფაელ ნადალს მოუგო! რაც შეეხება ლოპესს, მატჩი რომ დასრულდა, ფელისიანომ ხელი ჩამომართვა და მომილოცა. მერე აღარ გვილაპარაკია, ცოტა არ იყოს, თავისებური ხასიათი აქვს...

- ისევე, როგორც ტოპ-20-ის მოთამაშეთა უმეტესობას... არა?

- ჩოგბურთელებს შორის მეგობრობა იშვიათია - განსაკუთრებით, რეიტინგში ახლომყოფი ჩოგბურთელები ვერ "ეწყობიან" ერთმანეთს. თუ რეიტინგში ძალიან დიდი სხვაობაა, კიდევ არსებობს მცირედი შანსი...

- გამოდის, ჯერ კიდევ გაქვს პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელებთან დამეგობრების შანსი... მაგრამ ლონდონის კორტებზე წარმატებული თამაში შენს რეიტინგზეც აისახა და თუ ასე გააგრძელე...

- ასეულის წევრს საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში აღარ უწევს, ძირითად ბადეში კი, ერთი-ორი წრეც რომ გაიარო, რეიტინგს ინარჩუნებ. ასე რომ, როცა ასეულში მოხვდები, იქიდან "გამოვარდნა" უფრო ძნელია, ვიდრე ტოპ-100-ში მოხვედრა! ძალიან უნდა "მოინდომო", ყველაფერი უნდა წააგო, ასეულიდან გამოვარდნა რომ მოახერხო (იცინის). თუმცა მხოლოდ ასეულში მოხვედრით ნამდვილად არ დავკმაყოფილდები!

- "უიმბლდონის" შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხარ... ეს აჟიოტაჟი ცუდ სამსახურს ხომ არ გაგიწევს? თუ პირიქით, დამატებითი სტიმულია?

- ასეთი რაღაცები ყველა წარმატებას ახლავს. სტიმულის რა გითხრათ, აი, ხელს კი ნამდვილად არ შემიშლის.

- რა გეგმები გაქვს "დევისის თასის" შემდეგ?

- სანაკრებო მატჩების შემდეგ, ჰოლანდიურ "ჩელენჯერზე" ვითამაშებ, შემდეგ, ჰამბურგის ATP-ის (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) 500-ათასიან ტურნირში. გერმანიიდან აშშ-ში გავემგზავრები და Us Open-მდე კიდევ რამდენიმე ტურნირში მივიღებ მონაწილეობას.