"არგონავტები", პაატა ბურჭულაძე, ირმა ნიორაძე და... ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ექსკლუზიური დეტალები (+ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"არგონავტები", პაატა ბურჭულაძე, ირმა ნიორაძე და... ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ექსკლუზიური დეტალები (+ფოტოგალერეა)

"ოლიმპიადის გახნას კონცერტის ფორმა არ ექნება, ეს იქნება უფრო თეატრალიზირებული სანახაობა, ჩვენს ისტორიასა და მითოლოგიისთან დაკავშირებული შინაარსით, რომლითაც ახალგაზრდებს მოვუთხრობთ თუ ვინა ვართ."

"მოვემზადეთ", "ღიმილით", "ხაზში იარეთ", "დისტანცია", "ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ეს არავინ არ უნდა იგრძნოს, შემართებით", "მადლობა ყველას. შემდეგი ჯგუფი!"...

ხვალ თბილისში ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. მასში ევროპის 48 ქვეყნიდან 4 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

26 ივლისს ლოკომოტივის სტადიონზე ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება. ამ დღისთვის მზადება და რეპეტიციები ყოველდღე მიმდინარეობს. სტადიონზე მისული გაგანია მოსაზმადებელ პროცესს შევესწარი. მოცეკვავეები, მოდელები, სტუდენტები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, დასუფთავების სასმსახურის წარმომადგენლები, დეკორატორები, მხატვრები, მშენებლები... ყველა იქ იყო თავმოყრილი და თავ-თავის საქმეში ჩართული. ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ერთადერთი ხელისშემშლელები აქ უზარმაზარი, (მართლა ვეტმფრენივით) კალიები იყვნენ. არ გამიკვირდება, თუ შევიტყობ, რომ ღონისძიების რეჟისორს, გოჩა კაპანაძეს, ამ შოუს დასრულების შემდგომ, ხმის იოგებზე მკურნალობა დასჭირდა. უკვე მერამდენე დღეა სტადიონს მისი ხმა ავსებს: "მოვემზადეთ", "ღიმილით", "ხაზში იარეთ", "დისტანცია", "ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ეს არავინ არ უნდა იგრძნოს, შემართებით", "მადლობა ყველას. შემდეგი ჯგუფი!"... ბატონი გოჩა სულ რამდენიმე წუთით მოვწყვიტეთ სამუშაო პროცესს, რათა პირადად მისგან შეგვეტყო, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება და როგორი სანახაობა ელის მაყურებელს. (იხილეთ ფოტოგალერეა)

გოჩა კაპანაძე:

- ამჟამად მუშაობის ყველაზე დინამიურ სტადიაში ვართ. მონტაჟი მიდის სცენის, დეკორაციის, განათების, ეფექტების, ფოიერვერკების და ა. შ. ეს წუთია გავტესტეთ ფოიერვერკი, რომელზეც ჩინეთიდან სპეციალურად ჩამოსული ჯგუფი მუშაობს. გუშინ დილის 5 საათზე დავიშალეთ, ალბათ ასე იქნება დღესაც.

- როგორც ვხვდები, მასშტაბური და გრანდიოზული შოუ ელოდება მაყურებელს.

- მეც ასე ვფიქრობ, - რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების გათვალიწინებით. იქნება ძალიან დაუვიწყარი სანახაობა. მაყურებელსაც და ტელემაყურებელსაც, მინდა შევახსენო, რომ სპორტსმენების თითქმის ნახევარზე მეტი, - 3600 სპორტსმენი, უკვე მეორე დღესვე იწყებს ასპარეზობაში ჩართვას და ამიტომ დრო განსაზღვრული გვაქვს. სადღაც 10 საათის შემდეგ აღარ უნდა გაგრძელდეს ეს სანახაობა. ჩვენ ამ განსაზღვრულ დროში შევეცდებით ვაჩვენოთ მთლიანად საქართველო, თავისი ყველა სულიერების, კულტურის წარმატებების, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის გათვალისწინებით, თუმცა იქნება მომავალიც. ამ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ხომ ასეთი სლოგანი აქვს: "ნაბიჯი მომავლისაკენ".

ოლიმპიადის გახნას კონცერტის ფორმა არ ექნება, ეს იქნება უფრო თეატრალიზირებული სანახაობა, ჩვენს ისტორიასა და მითოლოგიისთან დაკავშირებული შინაარსით, რომლითაც ახალგაზრდებს მოვუთხრობთ თუ ვინა ვართ. ოლიმპიური ცეცხლი თბილისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა

- გახსნის ცერემონიალში ვინ ღებულობენ მონაწილეობას?

- უფრო ახალგაზრდული კოლექტივები არიან ჩართულნი, რაკი ეს ახალგაზრდული ოლიმპიადაა. გამოჩენილი და მეგავარსკვლავებიდან ორს დაგისახელებთ, ეს არის ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელიც სპეციალურად ჩამოფრინდა ამ დღისათვის და ქალბატონი ირმა ნიორაძე, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო ნომერს წარმოგვიდგენს თავისივე ქორეოგრაფიით, დავით ევგენიძის შესანიშნავი მუსიკის ფონზე. შოუში მონაწილეობენ საკმაოდ ცნობილი კოლექტივებიც ამჯერად ყველა მათგანს არ ჩამოგითვლით, მათ ვინაობას სურპრიზად შემოგინახავთ.

- როგორც ვამჩნევ, ძალიან მასიური სცენებით იქნება შოუ დატვირთული.

- დიახ. სტადიონს ეს ძალიან უხდება. მოედანი უნდა ავითვისოთ მთლიანად და ამიტომ ვეცადეთ, იმ ძალების მობილიზება, ვინც ქალაქში იმყოფებიან. ვიმეორებ, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდულ ძალებზე, რადგან ეს არის ახალგაზრდული ფესტივალი.

- რომელ საათზე დაიწყება ღონისძიება?

- 18 საათზე დაიწყება მაყურებლების შემოსვლა სტადიონზე, იქნება ცოცხალი ბენდი, მოხდება "რასაც ჰქვია მაყრებლის გახურება", გვეყოლება წამყვანები, თვითონ შოუ, - ფესტივალის გახსნის ცერემონიალი 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

- წამყვანები ვინ იქნებიან?

- გვეყოლება ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი წამყვანები. რამოდენიმე სეგმენტს თავის წამყვანი ეყოლება, დეტალები ყოველ წუთს ლაგდება და უკვე დახვეწის ბოლო ფაზაა. იმის გამო, რომ სტუმრები გვემატებიან, რაღაც ოფიციალური დელეგაციები ჩამოდიან, ესეც გასათვალისწინებელი იქნება ოფიციალურ ტექსტებში. ზუსტად ვიცი რომ ინგლისურენოვანი წამყვანი იქნება ბატონი ნუგზარ რუხაძე, ქართულენოვანი: ლევან ხურცია და ბუბა გოგორიშვილი და სხვები.

- შოუს სცენარი ვის ეკუთვნის?

- სცენარზე ქართული მხარიდან - მე და დავით დოიაშვილმა ვიმუშავეთ, იყო კიდევ 2 ინგლისელი რეჟისორი. შოუს ქორეოგრაფები არინ გიორგი ჭანიშვილი, ნათია ბუნტური, რომელიც საბალეტო დასს ხელმძღვანელობს, ირმა ნიორაძე იქნება თავის ნაწილის ქორეოგრაფი და ასევ შოუს დაამშვენებს ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილის შესანიშნავი ანსამბლი.

მხატვარები არიან: თამარ ფოცხიშვილი და მურაზ მურვანიძე. მუსიკალურ მხარეში კი ჩაბმულები არიან: ჭაბუკა ამირანაშვილი და დავით ევგენიძე.

- სტადიონზე, რეპეტიციისას არჩილ მეფარიძე ტრიალებდა თქვენთან ერთად...

- არჩილ მეფარიძე არის ამ პროექტის მუსიკალური პროდიუსერი. ხოლო მთლიანად ამ ყველაფერის ხელმძღვანელია კომპანია "საქართველოს კულტურის პალატაა", რომლის ხელმძღვანელიცაა დავით ოქიტაშვილი.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ფოტოგალერეა