"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან - კვირის პალიტრა

"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან

17 წლის, ჯერ კიდევ სკოლოს მოსწავლე იყო, როდესაც დარდანელის სრუტე ხელ-ფეხშეკრულმა გადაცურა და პირველი გინესის რეკორდი დაამაყარა. მას შემდეგ ანა ლომინაძეს "კოლხ ქალთევზას" უწოდებენ. ულამაზეს და მიზანსწრაფულ გოგონას კიდევ არაერთი წარმატება წინ ელის.

ანა ლომინაძე:

- ცურვაზე სიარული საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. დაახლოებით 3-4 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედაჩემის მეგობარმა, ჩემმა "მეორე დედამ" – ნანი ჭუმბაძემ დამაწყებინა ცურვის შესწავლა. დიდი მონდომებით და მოტივაციით ვსწავლობდი. პირველი გამარჯვება კარგად მახსოვს, 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ადგილი ავიღე მოყვარულებში, ხოლო 8 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, ასევე საქართველოს მრავალგზის პრიზიორი და გამარჯვებული ბრასით, დელფინისა და კოლხური ყაიდით ცურვაში. ასევე აზერბაიჯანის ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის მფლობელი. ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანი თარიღი მაინც 2012 წლის 30 აგვისტოა, როდესაც დარდანელის სრუტის 5500 მეტრიანი მონაკვეთი, 47 წუთში ხელ-ფეხშეკრულმა გადავცურე და გინესის რეკორდი დავამყარე.

- როდესაც ეს რეკორდი დაამყარე, 17 წლის იყავი...

- ჰო, ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის თითქოს პატარა ვიყავი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან გვერდით მყავდა ახლობლები, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. მწვრთნელი, რომელიც ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა... პროფესიონალი მოცურავისთვის რთული არ არის გადაწყვეტილები მიღება, მით უფრო როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობეში. იმ დღეს ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ ორგანიზება იმ დონის არ იყო, რაც ასეთი რეკორდის დამყარებისას არის საჭირო.

- შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს ამ გადაწყვეტილებას?

- მშობლები ჩემი ყველაზე დიდი გულშმატკივრები არიან. რა თქმა უნდა, ნერვიულობდნენ, მაგრამ ამას მე არ მაჩვენებდნენ და მამხნევებდნენ. მათ იცოდნენ, რომ მე ამას შევძლებდი...

- შენ ერთადერთი ქალი ხარ მსოფლიოში, რომელმაც ხელ-ფეშეკრულმა გადაცურა ამხელა მონაკვეთი...

- სასიამოვნოა, როდესაც ერთადერთი ხარ. როცა ბევრს შრომობ და ეს გიფასდება, ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა.

- სულ რამდენი რეკორდი გაქვს დამყარებული და კიდევ გეგმავ თუ არა გაუმჯობესებას?

- გინესის 2 რეკორდი მაქვს დამყარებული. როგორც გითხარით, პირველად დარდანელის სრუტე გადავცურე ხელ-ფეხშეკრულმა. მეორე რეკორდი კი დავამყარე მაშინ, როდესაც ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელ-ფეხშეკრულმა 25-მეტრიანი დისტანცია 21.76 წამში დავფარე..

- შემოთავაზებები თუ გაქვს სხვა ქვეყნებიდან?

- შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, მაქვს: ჩინეთიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთდან, თუმცა ვამჯობინებ, ჩემს ქვეყანაში დავრჩე... მირჩევნია მქონდეს პატარა მხარდაჭერა და საქართველოს სახელით ვიასპარეზო.

- რას გეგმავ ახლო მომავალში?

-  ვგეგმავ, ჩემივე რეკორდების გაუმჯობესებას... თუ, რა თქმა უნდა, გამოჩნდება მხარდამჭერი, რომელიც დაინტერესდება ამ თემით. ძალიან რთულია, როდესაც გინდა, შეგიძლია რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება და არ გაქვს ამის შესაძლებლობა. მაქვს უამრავი გეგმა, თუმცა ამ გეგმების განხორციელებას მხოლოდ საკუთარი ფინანსებითა და შესაძლებობებით ვერ მოვახერხებ, იმედი მაქვს, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გვერდში დამიდგება...

ნინო ჩიქოვანი(სპეცალურად საიტისთვის)