სუპერთასი "სუპერბარსელონასთვის!" - დიდი თამაში "დინამო არენაზე" და ცარიელი სკამი სამთავრობო ლოჟაში (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

სუპერთასი "სუპერბარსელონასთვის!" - დიდი თამაში "დინამო არენაზე" და ცარიელი სკამი სამთავრობო ლოჟაში (ფოტოგალერეა)

ლიონელ მესი: "ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით"

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული ევროპის სუპერთასის ფინალი მართლაც გრანდიოზულ სანახაობად იქცა, ამისთვის არც ორგანიზატორებს, არც ფეხბურთელებს და არც გულშემატკივრებს არაფერი დაუშურებიათ. თამაშს 51 490 მაყურებელი დაესწრო. გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელისა და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩის გამარჯვებული "ბარსელონა" გახდა, რომელმაც "სევილია" ანგარიშით 5:4 დამატებითი დროის მეორე ტაიმში სძლია.

მატჩი საოცრად სანახაობრივი გამოდგა, დიდი დაფეხბურთო სპექტაკლი თმაში მე-3 წუთიდან დაიწყო, როდესაც "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ პირველი გოლი გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი ბურთი ისევ უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაახვია "სევილიას" კარის ბადეში. 44-ე წუთზე კი თავი "ბარსელონელმა" რაფინიამ გამოიჩინა, 52-ე წუთზე სუარესის გატანილი მე-4 გოლით ყველას ეგონა, რომ მატჩის ბედი გადაწყდა, თუმცა მაყურებელი შეცდა... "სევილიას" მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო, ანდალუზიური გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდა - 57-ე წუთზე "ბარსელონას" კარის ბადე "სევილიას" ფეხბურთელმა რეიესმა შეარხია, 72-ე წუთზე კი "სევილიელმა" გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონასთან" ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე გატანილი გოლით კი კონოპლიანკამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ დამატებითი დრო დაინიშნა. 115-ე წუთზე "ბარსელონა" დაწინაურდა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრო სუარესმა შეაგდო. მართალია, "დინამო არენაზე" თვაიდანვე "ბარსელონას" ფერები სჭარაბობდა, თუმცა გულშემატკივარის გული აშკარად მოიგო მედგრად მებრძოლმა "სევილიამ", რომელსაც ქართველმა გულშემატკივარმა მატჩის ბოლოს დიდი ოვაცია მოუწყო... თუმცა სანახაოების კულმინაცია მაინც დაჯილდოვების ცერემონია იყო, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინმა სუპერთასი "ბარსელონას" კაპიტანს ანდრეს ინიესტას გადასცა...

"ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მთავარია გამარჯვება და ნებისმიერი ტიტული მნიშვნელოვანია", - განაცხადა მესიმ. "როგორც მატჩის ორგანიზებით, ასევე მასპინძლობით და გულშემატკივრობით ყველანაირად კმაყოფილები ვართ", ეს კი "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა.

"ძალიან რთულია დამარცხების დავიწყება. "ბარსელონამ" დაიმსახურა გამარჯვება და უნდა მივულოცოთ. შანსი გვქონდა ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრებისთვის, თუმცა ეს ვერ შევძელით. ჩვენი თამაშით უნდა ვიამაყოთ, ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელმაც გასულ წელს ყველაფერი მოიგო", - განაცხადა "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ.

გუნდები თბილისიდან უკვე გაემგზავრნენ, თუმცა დაგვიტოვეს დღესასწაული, როემლზეც საქართველოში კიდევ დიდ ხანს ილაპარაკებენ.

გთავაზობთ მატჩისს გმირებისა და სამთვარობო ლოჟის სტუმრების ფოტოებს ერთ ფოტოგალერეად, ფოტოები აღებულია სამთავრობო უწყებების "ფეისბუქგვერდებიდან". საინტერესოა, რომ სამთვარობო ლოჟაში ერთი სკამი კვლავ ცარიელი დარჩა, სავარაუდოდ, ის კვლავაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მსგავსად, არც ამ სპორტულ ღონისძიებას დაესწრო.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ლეგენდარული "ბარსელონა" კარიკატურისტთა "ხაფანგში"