კინგსჰოლმის ქართველი მეფეები - ტონგის დროშაზე ერთი ჯვარია, ქართულზე - ხუთი - კვირის პალიტრა

კინგსჰოლმის ქართველი მეფეები - ტონგის დროშაზე ერთი ჯვარია, ქართულზე - ხუთი

და სწორედ ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდა გლოსტერის "კინგსჰოლმ სთედიუმზე" გასულ შაბათს, რაგბის მსოფლიო თასის პირველივე ტურში.

საქართველოს ნაკრებმა მეფურად ითამაშა "კინგსჰოლმზე"!

შავი ფორმით საქართველოს ნაკრები თამაშობდა, მაგრამ... შავი დღე ვისაც გაუთენდა, ყველამ ვნახეთ. ქართველებმა 17:10 აჯობეს ტონგელ "ზღვის არწივებს" და მსოფლიო თასი ისტორიული მოგებით გახსნეს. დიახ, ქართველები ზედიზედ მეოთხედ თამაშობენ მსოფლიო თასზე, მაგრამ უმაღლეს სარაგბო ფორუმზე ასეთი ძლიერი მეტოქისთვის არასდროს მოუგიათ!

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა პროგრამა მინიმუმის შესრულებისკენ - 2019 წლის მსოფლიო თასისკენ და რაც მთავარია - მომავლისკენ!

თამაშის დასრულებისთანავე მამუკა გორგოძემ ტრიბუნასთან მიირბინა და ქართველ ქომაგს საქართველოს დროშა გამოართვა. ხუთჯვრიანი დროშა ქართულ რაგბის არასდროს შეურცხვენია, ახლა კი ახალ სიმაღლეზე ასწია!

ბორჯღალოსნებმა მოუგეს მეტოქეს, რომელიც მათზე წინ არის - რეიტინგითაც და გამოცდილებითაც. ტონგის მოსახლეობის დაახლოებით 10% რაგბის თამაშობს და ამ თამაშშიც აშკარა ფავორიტად ჩვენი მოწინააღმდეგე მიიჩნეოდა, მაგრამ მან ვერაფერი მოუხერხა ქართულ დაცვას, შერკინებასა თუ ხასიათს, შეცდომა ვერ დააშვებინა ქართველთა ახალბედა ჰავბეკ ვასილ ლობჟანიძეს, რომელიც მხოლოდ 18 წლის არის და ამ მატჩის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვისაც მსოფლიო თასზე უთამაშია!

მაგრამ რაგბი გუნდური თამაშია და ისტორია მხოლოდ ლობჟანიძეს არ დაუწერია. ქება საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა დაიმსახურა - დაწყებული გუნდის კაპიტნით, ლიდერითა და პირველი ლელოს ავტორით - მამუკა გორგოძით, დამთავრებული სამწვრთნელო შტაბის თითოეული წევრითა და რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძით, რომელიც მატჩის შემდეგ ცრემლს ვერ იკავებდა, სიამაყის ცრემლს, 19 სექტემბერს ყველა ქართველის თვალებს რომ მოაწვა...

არა, ჩვენმა ნაკრებმა ძალიან კი გვანერვიულა მატჩის ბოლო წუთებზე, მაგრამ რაც მთავარია, გაიმარჯვა და ვერავინ იტყვის, რომ - დაუმსახურებლად.

ეს ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასია ჩვენთვის. 2007 და 2011 წლებში თითო შეხვედრა მოვიგეთ. მას შემდეგ ჩვენი გუნდიც გაიზარდა და ჩვენი მადაც - ინგლისის მოედნებზე ორი მატჩი უნდა მოვიგოთ! ორი მოგებით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ვინაღდებთ. ამიტომაც დავწერე, რომ ტონგის დამარცხებით პროგრამა მინიმუმის ნახევარი შესრულებულია...

"ზღვის არწივებს" შარშან ნოემბერშიც ვეთამაშეთ, ოღონდ თბილისში 9:23 წაგებული მატჩის დასრულებისთანავე ვივარაუდეთ, რომ მსოფლიო თასზე სულ სხვა ტონგა-საქართველოს ვნახავდით. ასეც მოხდა - საქართველოს ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა ამ ისტორიულ გამარჯვებამდე. ინგლისში დაბინავების შემდეგ ჩვენმა გუნდმა სამივე საკონტროლო მატჩი წააგო, თუმცა, მილტონ ჰეიგმა მაშინვე თქვა - წაგება წაგებად, მაგრამ ბიჭების პროგრესით კმაყოფილი ვარო.

ჩვენც კმაყოფილი ვართ. და ისევ ბორჯღალოსანთა ზელანდიელ თავკაცს დავესესხებით: მსოფლიო თასზე პირველად ნახავთ ასე კარგად მომზადებულ ქართველებსო.

ვნახეთ კიდეც! ვნახეთ გუნდი, რომელმაც მხოლოდ მე-60 წუთამდე კი არა, ბოლო წუთამდე გაძლო. იმის მიუხედავადაც, რომ უკანასკნელი (ყველაზე მძიმე) ათი წუთი კაცნაკლულმა ითამაშა!

მანამდე კი...

თამაში "სიპი ტაუთი" დაიწყო. "სიპი ტაუ" ტონგელთა სამხედრო ცეკვაა, რომლითაც მეტოქის გატეხვას მატჩის დაწყებამდე ცდილობენ, მაგრამ... "სიპი ტაუს" "სიპი კლდე" დახვდა - საქართველოს ნაკრების დაცვა! ასეა, ეს თამაში სწორედ დაცვაში თავდადებული თამაშის წყალობით მოვიგეთ.

ტონგას ტყუილად კი არ ეძახიან "არწივებს" - კუნძულელმა სივრცე თუ იგრძნო, ისე გაინავარდებს, რაღას დაეწევი?!

თუ იგრძნო... მაგრამ სწორედ ასეთ დროს არის საჭირო ბოჭვა და მისი ჯანი. საქართველოს ნაკრებმა "არწივებს" არც ამ კომპონენტში მისცა გასაქანი. 70-ე წუთამდე, ანუ - მერაბ კვირიკაშვილის გასინბინებამდე, ქართველებმა მეტოქეზე სამჯერ მეტი ბოჭვა განახორციელეს! პირველ ნახევარში ტონგამ ერთადერთხელ გაჭრა ხაზი, მაგრამ ჩათვლის მოედნამდე ვერ მიაღწია. თხილაიშვილი, მიქაუტაძე, კაჭარავა, შარიქაძე... და რა თქმა უნდა - გორგოძე! ნაკრების კაპიტანი ყველგან იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა, უმნიშვნელოვანესი ლელოც გაიტანა და რა გასაკვირია, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რომ დაასახელეს! ვინც ეს მატჩი ნახა, აღარ გაუჩნდება კითხვა - რატომ არის გორგოძე ნაკრების კაპიტანი და რატომ უწოდებენ "გორგოძილას"! 27 ბოჭვა და ერთი ლელო - ასეთია მამუკა გორგოძის სტატისტიკა ტონგასთან შეხვედრაში!

არადა, ანგარიში ტონგელებმა გახსნეს - მე-10 წუთზე მორატმა ზუსტად დაარტყა საჯარიმო. კვირიკაშვილს მალევე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. მე-20 წუთზე მეკომ თავისას მაინც მიაღწია - 3:3. საგრძნობი უპირატესობა გვქონდა შერკინებასა და დერეფანში, თავსაც კარგად ვიცავდით, მაგრამ ფეხით თამაშსა და ხელდახელ ბურთაობაში კუნძულელები გვჯობდნენ. ეგ არის ოღონდ, ქართველები მალევე ასწრებდნენ დაცვის დაწყობას და ტონგელს ბურთის მიღებისთანავე ბოჭავდნენ.

28-ე წუთზე წინ გავედით: მეტოქის ჩათვლის მოედნის წინ წარმოქმნილი რაქიდან ბურთი გორგოძემ ჩვეული სტილით - ცალი ხელით აიტაცა და გაიქცა. სიჩქარეაკრეფილი "გორგოძილას" გამჩერებელი გინახავთ? ვერც ნახავთ. და ამ შემთხვევაშიც მამუკა მხოლოდ კარის ძელმა შეაჩერა. ამის გამო თვითონ ხაზს აქეთ დარჩა, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა ბურთიანი ხელი ჩათვლის მოედანს უწია და... 2015 წლის მსოფლიო თასზე პირველი ლელო დავდეთ! კვირიკაშვილმა გარდასახვაც გაიტანა - 10:3!

ტაიმი ასეც დამთავრდა. 51-ე წუთზე მეკოს, რომელიც იმ დღეს 86-ე მატჩს თამაშობდა ნაკრების მაისურით, კიდევ ერთხელ მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ისევ ააცილა. სამაგიეროდ, თხილაიშვილმა გაიტანა და თანაც - ულამაზესი ლელო: 57-ე წუთზე რაქიდან გამოტანილი ბურთი კვირიკაშვილმა აიტაცა, მარჯვენა ფრთაზე მოედნის თითქმის ნახევარი ირიბინა და მიქაუტაძე მოძებნა. კოტემ შეტევა მარცხენა ფლანგზე გადაიტანა, სადაც ბურთი თხილაიშვილმა აიღო, მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა და... მეკომ გარდასახა - 17:3!

"არწივებმა" იგრძნეს, რომ ფრენა იყო საჭირო და თავგანწირვით შემოგვიტიეს. ბოლო წუთებზე თამაში სულ ქართველთა ნახევარზეა და 72-ე წუთზე, 17-ფაზიანი(!) შეტევის შემდეგ, როგორც იქნა, ლელო გაგვიტანეს - 17:10. ამას კვირიკაშვილის გაძევებაც მოჰყვა.

მაგრამ საქართველოს ნაკრებმა კაცნაკლულმაც გაუძლო. ეგ კი არა, 76-ე წუთზე მალაღურაძემ გადამწყვეტი საჯარიმოს უფლებაც მიიღო.

მალაღური არწივების წინააღმდეგ...

გაიტანს? თამაში მოგებულია... ლაშამ ვერ გაიტანა... მაგრამ ბორჯღალოსნებს კარგა ხანია, გატანილი აქვთ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში!

25 სექტემბერს მეორე ტურის მატჩია - არგენტინასთან. ჰოდა, ვინ იცის...

P.შ. თამაში "სიპი ტაუთი" დაიწყო, მაგრამ მერე სტადიონზე მხოლოდ "საქართველო, საქართველო!" ისმოდა.

ბორჯღალოსნებს ყოველთვის ბევრი ჰყავთ მე-16 მოთამაშე. მაგრამ ამდენი?! - პირველად!

რადგან გასულ შაბათს მთელი საქართველო მე-16 მოთამაშე იყო!!!

იხილეთ ასევე: მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში სამი "ბორჯღალოსანი" შეიყვანეს