"ბიჭებს თუ შეუძლიათ, ეს გოგონებმა რატომ ვერ უნდა გააკეთონ?! - პოლიტიკოსის ძალოსანი ქალიშვილი - კვირის პალიტრა

"ბიჭებს თუ შეუძლიათ, ეს გოგონებმა რატომ ვერ უნდა გააკეთონ?! - პოლიტიკოსის ძალოსანი ქალიშვილი

22 წლის ქართველი ათლეტი გოგონა, რომელმაც სულ მცირე დროში დიდ წარმატებას მიაღწია

"ქართულ საზოგადოებაში ათლეტი გოგონას მიმართ ჯერ კიდევ არ არის ისეთი დამოკიდებულება, როგორც უნდა იყოს"

რამდენიმე დღის წინ დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც მამაკაცებთან ერთად ორი გოგონაც გამოვიდა - 62 კილოგრამში თათია ლორთქიფანიძე, მძიმე წონაში კი ანასტასია გოტფრიდი. ორივე მათგანმა ტურნირზე მონაწილეობა უკონკურსოდ მიიღო.

22 წლის თათია ლორთქიფანიძისთვის, რომელიც სულ რამდენიმე წელია სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა, ტურნირი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ის, პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძის შვილია და როგორც თავად ამბობს, მამისა და მთელი ოჯახის მხარდაჭერით სარგებლობს.

- დაახლოებით სამი წელია სპორტით დავინტერესდით, თავიდან მინდოდა ბედი ფარიკაობაში მეცადა, მაგრამ მალევე ძალოსნობამ გამიტაცა და ვარჯიში თავდაუზოგადავად დავიწყე. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მცირე ხანში კარგ შედეგს მივაღწიე -ყოველ შემთხვევაში სტაჟიანი სპორტსმენებისგან ვიცი, რომ ჩვეულებრივ წარმატების მიღწევას 5-6 წელი მაინც სჭირდება. დღედაღამე ვვარჯიშობ და ჩემი წარმატებაც ამის შედეგია.

- მოგვიყევით თქვენს წარმატებებზე...

- 2015 წლის აპრილში, ძალოსნობაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი და ათეულში მოვხვდი. ამ შეჯიბრზე ვიასპარეზე 75 კილოგრამიანი ატაცში და 94-იანი აკვრაში. ჩემს საქმეს პასუხისმგებლობით კი ვეკიდებოდი, მაგრამ ასეთმა შედეგმა მაინც გამახარა. ეს საქმე ფიზიკური მომზადების გარდა, ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნასაც მოითხოვს, თუმცა გამომივიდა და შევძელი. როგორც მწვრთნელები მეუბნებიან, ორწლიანი მუშაობის შემდეგ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებ...

- გოგონასთვის ასეთი მძიმე სპორტის გაყოლა რთული არ არის?

- ბევრი მეკითხება სიმძიმის აწევა გოგონასთვის რთული არ არისო, მაგრამ თუკი ამის გაკეთება ბიჭებს შეუძლიათ, გოგონებმა რატომ ვერ უნდა გააკეთონ? თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. მეც მოვინდომე და მივხვდი, უფრო სწორად, თავაუღებლად ვივარჯიშე და პირველ რიგში ჩემს თავს, შემდეგ კი საზოგადოებას დავუმტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია...

-თქვენს სამომავლო გეგმებზეც მიგვიყევით...

- ჩემს უახლოეს გეგმაში შედის მიმდინარე წელს ევროპის შეჯიბრზე და ჯგუფში ასპარეზობა და უფრო პრესტიჟული ადგილის დაკავება. შემდეგ მსოფლიო ოლიმპიადა ტარდება, რა დროისთვისაც როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული ვიქნები, გამოცდილებაც მექნება და ამ შეჯიბრის ლიცენზიისთვის ვიბრძოლებ.

- ამავდროულად სწავლობთ კიდეც, ხომ?

- დიახ, სამედიცინო კოლეჯში... თუმცა ჩემთვის სპორტი უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, ამდენს ვერ მივაღწევდი თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში ათლეტი გოგონას მიმართ ჯერ კიდევ არ არის ისეთი დამოკიდებულება, როგორც უნდა იყოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)