არც თვი­თონ იოც­ნე­ბებ­და... მა­მუ­კა გორ­გო­ძე, ჩვე­ნი მსოფ­ლიო კაცი - კვირის პალიტრა

არც თვი­თონ იოც­ნე­ბებ­და... მა­მუ­კა გორ­გო­ძე, ჩვე­ნი მსოფ­ლიო კაცი

ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ბევრი ქართველი ქომაგის და არამარტო მათი აზრით კი ეპოქალური სპორტსმენია, რომლის დარიც ქართული სპორტის ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია. მამუკა გორგოძე ჯერ კიდევ მოქმედი მორაგბეა, შესაბამისად, მის კარიერაში მორიგი წარმატებული სეზონები და მიღწევები ჯერ კიდევ წინაა.

(იხილეთ ასევე: "მოთამაშე, რომელიც შიშით გადის მოედანზე, რაგბის ვერ ითამაშებს!" (ექსკლუზივი)

არც თვითონ ოცნებობდა. ის უბრალოდ თავდაუზოგავად შრომობდა, ვარჯიშობდა. მისი ყველაზე დადებითი თვისება სწორედ რომ შრომისმოყვარეობა იყო. ფიზიკური მონაცემები სათანადო კონდიციებში მოყვანის გარეშე არაფრის მაქნისია. ეს მას ძალიან კარგად ესმოდა და ვარჯიშობდა, სულ ვარჯიშობდა.

ბავშვობაში სიმაღლის გამო კალათბურთზე მიიყვანეს და სპორტის ამ სახეობას სკოლის დასრულებამდე მისდია. მერე განგებამ დიდი მრგვალი ბურთი ოვალურზე გააცვლევინა და თამაში სარაგბო კლუბ "ლელოში" დაიწყო.

მაშინ ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ მამუკა გორგოძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. არა, კარგ რაგბის რომ ითამაშებდა, ამაში ყველაზე გამოუსწორებელ პესიმისტსაც არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე ასვლას თუ შეძლებდა, ვერავინ წარმოიდგენდა.

ფიზიკური მონაცემების გამო ლელოელმა თანაგუნდელებმა მეტსახელად "გულივერა" შეარქვეს. რაგბიში ცოტა ვინმე თუა, თიკუნი არ ჰქონდეს. ჰოდა, არც გორგოძეს "დასწყვიტეს გული". მოგვიანებით, საფრანგეთში გადაბარგებულს მისი არა მარტო აღნაგობის, არამედ თამაშის ყაიდის გამო "გორგოძილა" შეარქვეს.

მამუკა გზად ყველას და ყველაფერს თელავდა. მისი შეჩერება წესების დაცვით ძალიან რთული იყო. ამიტომ მეტოქეები სხვადასხვა ხრიკს მიმართავდნენ და, შესაბამისად, ადრეული ფრანგული კარიერის განმავლობაში თავმოყვარე ქართველს ხშირად უწევდა ჩხუბი.

"ინიციატორი მე არასდროს ვყოფილვარ. ჩემს მძაფრ რეაქციას მეტოქეების ბინძური თამაში იწვევს", - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

"მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებს, რომ ვერ მოითმინო, გუნდი რომ არ დააღალატო", - ეს იმავე გორგოძის სიტყვებია, უფრო სწორად, რჩევაა ახალგაზრდა მორაგბეებისადმი, ოღონდ უკვე დაღვინებულ-დაბრძენებულ სარაგბო ასაკში. უფრო სწორად კი, ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერთი სიტყვით, მამუკას დიდხანს ჰქონდა მოჩხუბარის რეპუტაცია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის გალახული არავის უნახავს. ნელ-ნელა ყველა მიხვდა, რომ გოლიათი ქართველის დაჩაგვრა შეუძლებელია და ახლა მასთან ჩხუბს ყველა მაქსიმალურად ერიდება.

გაგრძელება