ნონა გაფრინდაშვილი: "არც დამითვლია ასეთი რამდენი მედალი მაქვს" - კვირის პალიტრა

ნონა გაფრინდაშვილი: "არც დამითვლია ასეთი რამდენი მედალი მაქვს"

"ვიდრე ცოცხალი ვარ, ჭადრაკსაც ვითამაშებ"

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელმა, ნონა გაფრინდაშვილმა იტალიის ქალაქ აკვი-ტერმეში გამართულ ვეტერანთა, ე.წ. სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე, გამარჯვება მოიპოვა და 74 წლის ასაკში, 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბოლო ტურში, ის ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

კიდევ ერთი გამარჯვების მისალოცად ქალბატონ ნონას დავუკავშირდით:

ნონა გაფრინდაშვილი:

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი და მსურს გაგარკვიოთ სინამდვილეში რა ხდება - ეს არ არის ის ჩემპიონობა, რაც მე მოვიპოვე ახალგაზრდობაში. მსოფლიო ვეტერანების ტურნირში პირველი ადგილი უკვე ბევრჯერ მაქვს მოპოვებული, არც დამითვლია რამდენი ასეთი მედალი მაქვს. რატომღაც წელს ატყდა აჟიოტაჟი და ბევრმა ისე გაიგო თითქოს ახალგაზრდობაში მოპოვებული ჩემი ხუთგზის ჩემპიონობის ტოლფასი ამბავი მოხდა, მინდა, ყველამ იცოდეს რომ ასე არ არის!

- დიახ, მაგრამ სასიხარულო ხომ არის კიდევ ერთი გამარჯვება?

- სასიხარულოა, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მხოლოდ მე კი არა, სხვებსაც აუღიათ პირველი ადგილი და მათზე არ გამახვილებულა ასეთი ყურადღება. ეს წლებია სულ დავდივართ რამდენიმე ადამიანი ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატზ, აქამდე ერთი უბრალოდ თუ დაიწერეოდა ამან და ამან, ესა თუ ის ადგილი მოიპოვაო... წელს კი რატომღაც უცებ აიტაცეს ეს თემა. "მაესტროზე" ითქვა ფრაზა, - ნონა გაფრინდაშვილი 40 წლის შემდეგ ისევ ჩემპიონი გახდაო და ამან გამოიწვია აჟიოტაჟი.

შევუთვალე, რომ ისევ ჩემპიონი კი არ გავხდი, არამედ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვე და ასეთი ამ წლების განმავლობაში მოპოვებული უამრავი მედალი მაქვს. ვეტერანთა ჩემპიონატზე გამარჯვებას სულ სხვა დატვირთვა აქვს და ახალგაზრდობაში მოპოვებულ ჩემპიონობას სულ სხვა! როცა ჭადრაკში მწვერვალების დასაპყრობად იბრძვიან სულ სხვა რამეა... ასეთი მედალი კი იმდენი მომიპოვებია, როცა მოვიცლი აუცილებლად უნდა დავთვალო. ერთი-ორჯერ გავაფუჭე, თორემ დანარჩენი, სადაც მითამაშია, ყველგან გამიმარჯვია,  მომავალშიც ასე ვაპირებ, ვიდრე ცოცხალი ვარ, ჭადრაკსაც ვითამაშებ...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)