"ზურაბ ზვიადაურს ბოლო სამი წელია ქართული ძიუდოსათვის ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია" - კვირის პალიტრა

"ზურაბ ზვიადაურს ბოლო სამი წელია ქართული ძიუდოსათვის ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია"

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება. ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ილაპარაკა. მისი ინფორმაციით, დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები, სავარჯიშო დარბაზებში არ ურთავენ გათბობას. ამ თემაზე საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა გულშემატკივართა წრეებში, ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ ზვიადაურის ეს განცხადება იაფასიანი პოპულიზმია, რომელიც ემსახურება ზვიადაურის სამომავლო გეგმას. საქმე ისაა, რომ დიდი ალბათობით ის "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში ვეღარ მოხვდება და ამიტომაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს. ეს მოსაზრება ლოგიკურად შეიძლება მივიჩნიოთ იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად ზვიადაურის ნათქვამისა - ძიუდოს სავარჯიშო დარბაზებში გათბობა არაა ჩართულიო, სპორტსმენები საწინააღმდეგოს ამბობენ. მათი მტკიცებით, გათბობა არც გამორთულა. ავსტრიელი მწვრთნელის პიტერ ზაიზენბახერის ნაკრებიდან წასვლის მერე, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქართველი მწვრთნელების და ფედერაციის ხელმძღვანელობის დამსახურებით გუნდს ერთსულოვნება დაუბრუნდა, რაც შედეგებზე აისახა კიდეც. ჩვენ დავუკავშირდით ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს და ზვიადაურის განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ზურა რომ არაადეკვატურია უკვე ყველა კარგად ხედავს. ისეთ განცხადებებს აკეთებს რაც ქართულ ძიუდოს არ შეშვენის. შეიძლება ითქვას, რომ ზვიადაური თავის ქცევებით ძიუდოს თემს გაუუცხოვდა.

- არაერთი ვიდეო გვინახავს, რომელშიც ზვიადაური საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს...

- არა, ჩემო კარგო, სადაც ჩვენ ვართ იქ ზვიადაური არ მოდის. არც ერთ აღმასკომს არ დასწრებია და თუ ათასში ერთხელ სადმე გამოჩნდა, ვერ გეტყვით რატომ.

- 2016 წელი, ძალიან მნიშვნელოვანია ძიუდოსათვის, რადგან კარსაა მომდგარი რიოს ოლიმპიადა. ზვიადაურის ეს განცხადება ხომ არ იქონიებს გავლენას შედეგებზე?

- ეროვნულ ნაკრებს მოსამზადებლად, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს სტანდარტების პირობები აქვს, რომლის მსგავსი არასოდეს ჰქონია. ნაკრების ხელმძღვანელობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და თუ სამომავლოდ რამე დასჭირდებათ, იმასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, რათა ბიჭებმა უპრობლემოდ ივარჯიშონ. თქვენ კარგად იცით როგორი ყინვებია, თუმცა სავარჯიშო დარბაზებში ეს ყველაფერი არ იგრძნობა. მხოლოდ ერთ დარბაზშია მცირე პრობლემა და სადაც 10-12 გრადუსია ხოლმე სითბო, თუმცა ეს სრულებით საკმარისია ვარჯიშისათვის.

- ლაპარაკობენ, რომ ზურაბ ზვიადაურს  ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობა სურს...

- ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა, მისი მხრიდან რაიმე სახის დახმარება თუ ყოფილა?

- არანაირად არ გვეხმარება. მას ქართული ძიუდოს მშენებლობაში პატარა აგურიც არ დაუდია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ათასში ერთხელ მივა რომელიმე კონკრეტულ სპორტსმენთან და მასთან ერთად ვარჯიშობს. ზურაბ ზვიადაურს ბოლო სამი წელია ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია ქართული ძიუდოსათვის. მისი მთელი დახმარება ქართული ძიუდოსათვის დაიწყო და დასრულდა იმით, რომ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)