"იმის მაგივრად, რომ ზურგი შეექციათ და გაველანძღე, ცდილობენ, გამამხნევონ" - მარია შარაპოვას დისკვალიფიკაცია ემუქრება - კვირის პალიტრა

"იმის მაგივრად, რომ ზურგი შეექციათ და გაველანძღე, ცდილობენ, გამამხნევონ" - მარია შარაპოვას დისკვალიფიკაცია ემუქრება

"ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდში, ვამაყობ ჩემი მხარდამჭერებით"

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დოპინგ-სკანდალში გაეხვა

(ფოტოგალერეა)

სპორტსმენმა ამჯობინა გულწრფელი ყოფილიყო და ლოს-ანჟელესში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას ჟურნალისტების დახმარებით ამცნო, რომ დოპინგ-ტესტისას მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა, რის გამოც მას 4 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიუხედავად რთული სიტუაციისა, მარიამ დიდი მხარდაჭერა იგრძნო, როგორც კოლეგებისგან, ასევე მისი თაყვანისმცემლებისგან.

მისი თქმით, განცხადების შემდეგ, არ წყდებოდა ელექტრონულ ფოსტაზე გამამხნევებელი წერილები. "ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდში, ვამაყობ ჩემი მხარდამჭერებით, რომელთაც იმის მაგივრად რომ ზურგი ექციათ და გაველანძღე, ყველანაერად ცდილობენ გამამხნევონ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი შეტყობინებებით მაიძულეთ გამეღიმა და მთელი გულით დიდ მადლობას გიხდით ამისთვის" - განაცხადა ერთ დროს პირველმა ჩოგანმა.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, სპორტსმენი იმედს იტოვებს, რომ მაინც გააგრძელებს თამაშს. "მინდა თავიდან დავიწყო თამაში და ისევ დავბრუნდე კორტზე".

ჯერ ისევ უცნობია რა ჯარიმა დაეკისრემა შარაპოვას, მაგრამ, სავარაუდოდ, ის გამოტოვებს რიო-დე-ჟანეროში დაგეგმილ ოლიმპიადას, რომელიც წელს ზაფხულში გაიმართება.

სპორტსმენის მონათხრობის თანახმად, მას რამდენიმე დღის წინ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან წერილი მიუვიდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მის ანალიზში მელდონიუმი აღმოაჩინეს, ეს ნივთიერება კი აკრძალულ პრეპარატთა სიაში 2016 წლის იანვრიდან შევიდა.

შარაპოვამ განაცხადა, რომ ის რეგულარულად იღებდა პრეპარატ მილდრონატს, რომელიც მელდონიუმს შეიცავს და ათი წლის განმავლობაში ამას რულიად ლეგალურად აკეთებდა. როგორც აღმოჩნდა, წამალი ხელს უწყობდა ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმის გაჯანსაღებაში და ასევე მას დიაბეტის პროფილაქტიკისთვის იყენებდა. სპორტსმენს მილდრონატი ოჯახის ექიმმა გამოუწერა.

დოპინგ-სკანდალის შემდეგ, შარაპოვას კონტრაქტი შეუწყვიტეს იმ კომპანიებმა, რომელთა სარეკლამო სახეც ის მრავალი წლის განმავლობაში გახლდათ, მათ შორის არის სპორტული ბრენდი NIKE, ისინი მარიასთან 11 წელია თანამშრომლობენ. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შარაპოვასთან კონტრაქტი მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე შეწყვიტეს.

კონტრაქტები ასევე შეუწყვიტეს შვეიცარული საათის ბრენდამა TAG Heuer და ასევე Porsche-მ. ექსპერტებმა შარაპოვას ზარალი 100 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეაფასეს.

სკანდალამდე მარია შარაპოვა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად მიიჩნეოდა. 2015 წელს მისმა შემოსავალმა 20,7 მილიონ ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობით მიღებული ანაზღაურება იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ