ოლიმპიურ სასროლეთზე დედასთან ერთად - ქარ­თული სპორ­ტ­ის უნი­კა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვა - კვირის პალიტრა

ოლიმპიურ სასროლეთზე დედასთან ერთად - ქარ­თული სპორ­ტ­ის უნი­კა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვა

ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი პისტოლეტიდან სროლაში უნგრეთის პატარა ქალაქ გიორში გაიმართა. ეს შეჯიბრება ბოლო იყო, სადაც ამ სახეობაში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდებოდა. თავადაც ხვდებით, რამდენად დაძაბული ბრძოლა იქნებოდა კონტინენტის საუკეთესო სნაიპერებისთვის საგზურების მოსაპოვებლა

ამთავითვე ვიტყვი, რომ ბევრ ევროპის, მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორს გაუცრუვდა იმედი და ოთხწლეულის მთავარი ასპარეზობის მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, ჩვენდა სასიხარულოდ, 18 წლის ცოტნე მაჭავარიანმა მიზანს მიაღწია და რიოში დედასთან, ნინო სალუქვაძესთან ერთად გამოვა ცეცხლის ხაზზე.

ქართულ სპორტში ეს უნიკალური შემთხვევაა: პირველად მიიღებს მონაწილეობას დედა-შვილი ოლიმპიურ თამაშებში. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევით ნებისმიერი ჟურნალისტი სიამოვნებით ისარგებლებდა. გამონაკლისი არც მე ვარ და დედა-შვილს ნინოსავე ტირში შევხვდი. თუმცა ინტერვიუ მთლად ვერ შედგა. ცოტნე იმდენად მორიდებული, მორცხვი და სიტყვაძუნწი ბიჭი აღმოჩნდა, ნინოს მის მაგივრადაც მოუწია საუბარმა.

- ქალბატონო ნინო, პირველ რიგში თქვენ და ცოტნეს მოგილოცავთ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას. ყველას ახსოვს, 1988 წლის სეულის თამაშებზე 19 წლის ასაკში, ქართველთაგან ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდით. ახლა, როგორც ჩანს, ჩვენს დელეგაციაში ცოტნე იქნება ყველაზე ახალგაზრდა. როგორ ფიქრობთ - შეიძლება, ცოტნემ მედალს გამოჰკრას ხელი?

- ეს კითხვა, თქვენ გარდა, სხვა ჟურნალისტებსაც დაუსვამთ და არა მარტო მათ; სპორტის მესვეურებსაც იგივე უკითხავთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენს სახეობაში არ არსებობს, რომ ვთქვათ, უეცრად გაბრაზდე, ადრენალინი მოგაწვეს და საკუთარ თავს გადაახტე. ეს არ არის სპორტის ძალისმიერი სახეობა, წამიერი აფეთქებით ან გამწარებით მაღალი შედეგი რომ აჩვენო. სროლაში თუ ვარჯიშებზე სტაბილურად არ მიგიღწევია მაღალი შედეგებისთვის, დიდ შეჯიბრებებზე, იმავე ოლიმპიადებზე მედალს ვერ შესწვდები. რა თქმა უნდა, დრო კიდევ არის, ჩვენ ვემზადებით, ვცდილობთ, გამოვასწოროთ ხარვეზები. კიდევ გვექნება შეკრებები, შეჯიბრებებიც, მაგრამ იმის ილუზია, რომ ახლა, ცოტნე რაიმე სასწაულს მოახდენს, ნამდვილად არ გვაქვს. სასწაული მან უკვე მოახდინა, როდესაც რიოს ლიცენზია მოიპოვა. მეტსაც გეტყვით - მას ამის 10%-ით თუ ჰქონდა თეორიული შანსი. ვეუბნებოდი კიდეც, - გული არ დაგწყდეს, თუ ლიცენზია ვერ აიღე, შენ ჯერ საამისოდ მზად არ ხარ, მაგრამ ვცადოთ, გამოვა, გამოვა, არადა, გული არ გაიტეხო, შენ ჯერ 18 წლის ხარ.

სამაგიეროდ, მომდევნო ოლიმპიადისთვის უკვე იმ დონეზე იქნები, რომ მხოლოდ ლიცენზიის მოპოვებაზე კი არ გვექნება პრეტენზია, არამედ ფინალისტებს შორის მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ცოტნე ჯერ ახალგაზრდულ ასაკშია, მოზრდილთა შეჯიბრებაში პირველად მიიღო მონაწილეობა და როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალისტებში მოხვდა, ვუთხარი კიდეც, - შენი მაქსიმუმი უკვე გააკეთე და აწი ფინალში, როგორც გინდა, ისე ისროლე. ეს ტურნირი ევროპის "ტირილის" ჩემპიონატი იყო, რადგან ბევრი ტიტულოვანი სპორტსმენი დარჩა ოლიმპიადის მიღმა. ამიტომ ვამბობ, ცოტნემ თავისი დავალება 1000%-ით შეასრულა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოდან, ჩემ გარდა, ვინმემ შეძლო ლიცენზიის აღება. მართალია, ნინო უჩაძემ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ ორჯერვე მე ავიღე ორ-ორი ლიცენზია და მას მივეცი. მერე დებულება შეიცვალა და ახლა ერთ სპორტსმენს ერთი ლიცენზიის მოპოვების უფლება აქვს. ცოტნემ ლიცენზია პნევმატური პისტოლეტით სროლაში აიღო, მაგრამ მას სპორტული პისტოლეტით 50-მეტრიან დისტანციაზე სროლაშიც აქვს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება. თუმცა, ჩვენ მხოლოდ 25-მეტრიანი ტირი გვაქვს, ისიც - დახურული, საერთაშორისო შეჯიბრებები კი ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ განათებაზე 50-მეტრიან ტირში ტარდება. შარშან ამ სახეობაში ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ცოტნემ მეხუთე ადგილი დაიკავა, მაგრამ ალბათ ხვდებით, ჩვენს პირობებში ოლიმპიადისთვის მომზადება ძნელია.

- ნინო, ეგებ ამ კითხვაზე თავად ცოტნემ მიპასუხოს. რამდენადაც ვიცი, ცოტნეს მამა მორაგბე იყო. ეს სახეობა ვაჟკაცური და საქართველოში ძალიან პოპულარულიცაა. რაგბი რატომ არ აირჩიე, თუ დედის ტიტულებმა გადაწონა?

ცოტნე:

- სროლა ბავშვობიდანვე მომწონდა. ერთი პერიოდი თითქოს გული ამიცრუვდა, მაგრამ შემდეგ ისევ შემიყვარდა. ვიდრე ტირში მოვიდოდი, მანამდე ოთხი წელი რაგბიში ვვარჯიშობდი, მაგრამ ძალიან სერიოზული ტრავმა მივიღე, სამი თვე ვერ დავდიოდი და იძულებული გავხდი, რაგბისთვის თავი დამენებებინა და სროლაში მევარჯიშა. მერე საქართველოს პირველობაში მივიღე მონაწილეობა. ცუდად არ გამოვსულვარ, მეორე ადგილი დავიკავე, თანაც, გამარჯვებულთან თანაბარი შედეგი მქონდა, და გადავწყვიტე, სპორტის ამ სახეობაში გამეგრძელებინა ჩემი სპორტული გზა.

- შენს ასაკში ბიჭებისთვის მამა ყველაზე დიდი ავტორიტეტია. თუ ითვალისწინებ მის რჩევებს? საერთოდ, როგორი ურთიერთობა გაქვთ? გენდობა, თავისუფლებას, ფულს თუ გაძლევს?

- ყველაფერს მაძლევს, თან - დიდი რაოდენობით, მათ შორის რჩევებს, რაც ძალიან მეხმარება არა მარტო სროლაში, არამედ ცხოვრებაში. აი, ფულს კი უკვე დიდი ხანია, აღარ მაძლევს, - ჩემიც მყოფნის.

- დედას უჯერებ?

- ვცდილობ დავუჯერო, მაგრამ იშვიათად გამომდის, სავარაუდოდ.

გაგრძელება