"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა" - კვირის პალიტრა

"ჩემში ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა"

ირმა ხეცურიანი: "2020 წლის პარაოლიმპიადაზე ხმლით ფარიკაობასაც აენთება მწვანე შუქი და ტოკიოში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ"

კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით ფარიკაობაში. ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულმა შეჯიბრებამ ირმა ხეცურიანს წელს პირველი ოქრო მოუტანა. შეჯიბრების ფინალში ირმას მეტოქე ფრანგი სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანმა მარცხი განიცადა, თუმცა ამჯერად ფინალური დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით, ანგარიშით 15-13 დასრულდა. ეს წარმატება, ირმასთვის მსოფლიო თასებზე ხმლით ფარიკაობაში რიგით მეორე დიდი გამარჯვებაა. ჩემპიონობასთან ერთად ირმას კოლექციას ორი ვერცხლის მედალიც ამდიდრებს.

ხმლით ასპარეზობაში ჩემპიონმა მონრეალში ასევე პარაოლიმპიურ სახეობაში რაპირით ფარიკაობაშიც იასპარეზა, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწია. ირმას რეიტინგში კონკურენტის, ფრანგი სესილი დემოუდისთან ქულათა სხვაობის შესამცირებლად გამოცდილ სესილიზე უკეთესი შედეგის ჩვენება მართებდა, თუმცა როგორც ქართველი, ასევე ფრანგი შეჯიბრებას მერვედფინალში გამოეთიშნენ და სარეიტინგო ცხრილში მათ შორის 10-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. ირმას რიოში გასამგზავრებელი საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთი შანსი რჩება. მაისის შუა რიცხვებში იტალია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც პარაოლიმპიადის ლიცენზიისთვის ირმას საპრიზო ადგილებზე გასვლა ესაჭიროება.

- ირმა, გილოცავ მსოფლიო თასზე წარმატებულ გამოსვლას. როგორ ჩაიარა პირველობამ, პარიზის შემდეგ მსოფლიო თასის მოგება უკვე კანადაშიც შეძელი, რამდენად რთული იყო ეს გამარჯვება?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასეთი გამარჯვება, მით უმეტეს, რომ ის ძალიან რთულ ბრძოლაში მოვიპოვე. ჯგუფური ეტაპი მძიმედ დავიწყე, კანადაში ორი დღის ჩასული კი ვიყავი, მაგრამ აკლიმატიაზაციის გავლა გამიჭირდა, ამასთან, იქაურმა მინუს-ტემპერატურამ ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც შემიქმნა. ამიტომაც საწყისი შეხვედრა დავთმე, თუმცა შემდეგ თავს დამარცხების უფლება არ მივეცი. საბოლოოდ წარმატებით გავიარე ყველა მეტოქე და ფინალში, საბლონთან რევანშის აღებაც მოვახერხე.

- ეს ხმლით ფარიკაობაში შენ მიერ მოგებული მეორე მსოფლიო თასი იყო, შარშან იგივე შედეგი პარიზშიც აჩვენე, წელს კი კანადამდე უნგრეთში გამოხვედი, სადაც ვერცხლის მედალს დასჯერდი.

- ხმლით ფარიკაობაში ბოლო ორი წელია მედლის უმთავრეს ფავორიტთა შორის ვიბრძვი. წელს უნგრეთში, კანადისგან განსხვავებით, პირიქით მოხდა. იქ ჯგუფი კარგად დავიწყე და ფინალში იმ უკრაინელ მეტოქესთან დავმარცხდი, ვისაც ჯგუფში თავად მოვუგე. დიდი იმედი მაქვს, 2020 წლის პარაოლიმპიადაზე ხმლით ფარიკაობასაც აენთება მწვანე შუქი და ტოკიოში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ.

- წელს რიო-დე-ჟანეიროში გასამართი ოთხწლეულის უმთავრესი ფორუმი ჩატარდება. რიოში გასამგზავრებელად რაპირაში წარმატებული გამოსვლა გესაჭიროება. პარაოლიმპიადამდე, რომელ შეჯიბრებაზე გიწევს გამოსვლა?

- რაპირაში ისეთი შედეგები ჯერ არა მაქვს, როგორიც ხმალში, მაგრამ ამ მიმდინარეობაში უმთავრეს ფავორიტებთანაც კი ბოლომდე ვიბრძვი, რაც უნგრეთის მსოფლიო თასმაც დაადასტურა. მაშინ საკმაოდ რთულ ჯგუფში 5-დან 4 მოვიგე, და რეიტინგში ჩემს კონკურენტს, სესილი დემოდესაც ვაჯობე. საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში კი მეოთხედფინალში ერთ-ერთ ფავორიტ ჩინელ მეტოქესთან 13:9-ს ვიგებდი, მაგრამ საბოლოდ 15:13 დავმარცხდი. კანადაში, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე კონკურენტებთან დაწევის შანსი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, იტალიაში ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში შევალ.

- როგორც თქვი, ხმლით ფარიკაობა შენთვის გამორჩეულად საინტერესოა, თანაც პირადი მწვრთნელი, მალხაზ მესხიც, ხმლით ფარიკაობის სპეციალისტია. რამდენად ახერხებ ჩვენს პირობებში რაპირაში სათანადოდ მომზადებას?

- ბატონი მალხაზი ხმლით ფარიკაობის უბადლო ოსტატია, თუმცა კარგად ერკვევა რაპირაშიც. არიან სხვა მაღალი დონის სპეციალისტებიც, მაგალითად, ჩემი მწვრთნელი გოგიტა გელაშვილი. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ ხშირად შეკრებებს საზღვარგარეთ გავდივართ და იქ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთობლივი ვარჯიშებით ვიმაღლებ კლასს. უნგრეთის მსოფლიო თასზე გამოსვლამდე, პოლონეთში გვქონდა 10-დღიანი შეკრება. ასე იყო კანადაში წასვლამდეც, ამჯერად რუსეთში მოგვიწია ოსტატობის დახვეწამ.

- იტალიაში 16-21 მაისს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე რაპირაში სალიცენზიო ქულების მოპოვებასთან ერთად შენი მიზანი, ალბათ, ხმალში კონტინენტის პირველობის მოგებაც იქნება.

- ევროპის ჩემპიონატამდე არც ისე დიდი დროა და ყოველი წუთი უნდა გამოვიყენოთ. იტალიაში ჩემ გარდა თავიანთ კატეგორიებში მებრძოლი ნინა თიბილაშვილი და დიანა ჯიშიაშვილიც იასპარეზებენ, ასევე იქნებიან ვაჟები, რომან აბაშიძე და თემო დადიანი.

- მოდი, ისიც ვუამბოთ მკითხველს, როგორი იყო პირველი ნაბიჯები პარასპორტში?

- მოგეხსენებათ, ჩვენ სპეციალური ფიქსირებული ეტლები გვჭირდება. ექვსი თვე ჩვენივე მანევრირებადი ეტლებით ვვარჯიშობდით, ფიქსაციის შესაჩვევად ხშირად სკამებსაც ვიყენებდით. 6 თვის თავზე ჩამოგვივიდა ეკიპირება და მალევე იყო პირველი საერთაშორისო შეჯიბრება გერმანიაში. სწრაფად ავუღეთ ალღო ყველაფერს და წარმატებაც მოვიდა. ამჟამად ყველა პირობა გვაქვს, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ და მხოლოდ სპორტულ მიღწევებზე ვიფიქროთ. თითქმის არ ვაკლდებით არც ერთ საერთაშორისო შეჯიბრებას და შედეგიც სახეზეა, რაც პარაოლიმპიური კომიტეტის, მერიის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და ჩვენი გენერალური სპონსორის BP-ს დამსახურებაა.

- ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?

- ალბათ, დედა და ჩემი საქმრო გიორგი. მათ ჩემზე მეტად უხარიათ ჩემი წარმატება, ისევე როგორც ჩემს გუნდს.

- რა სიახლე მოგიტანა პარასპორტმა?

- ფარიკაობა საუკეთესო საშუალებაა შესაძლებლობების რეალიზებისთვის. მიმაჩნია, რომ ორი წლის წინანდელ ირმასა და დღევანდელს შორის ყველა პოზიტიური ცვლილება ფარიკაობის დამსახურებაა.

გიორგი გულბანი