ოკუპირებული აფხაზეთი არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთი არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ოკუპირებული აფხაზეთი, ხვალ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპინძლებს. ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განმარტებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს. თამაშებს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 120 ჟურნალისტი გააშუქებს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზია” წერს.

„სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

ConIFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი უმასპინძლებს, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები.

ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დე ფაქტო სახელმწიფო ტურნირს გამოეთიშა, მიუხედავად ამისა, ConIFA სამომავლოდ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

ConIFA-ს პრეზიდენტის, პერ ანდერს ბლინდის განცხადებით, ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის წევრები გააფრთხილა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ.

დღეს, სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე დე ფაქტო სახელმწიფოების ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართება, ფინალური თამაში კი 5 ივნისს ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"