დელ ბოსკე: "მეტოქემ სივრცეები არ დაგვიტოვა" - საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - კვირის პალიტრა

დელ ბოსკე: "მეტოქემ სივრცეები არ დაგვიტოვა" - საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები დაამარცხა

რუმინელებთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში მართლაც რომ სასწაული მოახდინა და მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 0:1 დაამარცხა!

მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელიც მარტოდ მარტო იყო და გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.

52-ე წუთზე საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ესპანელების ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ერთმანეთს თავებით ნუკრი რევიშვილი და სერხიო ბუსკეტსი შეეჯახნენ. შედეგად რევიშვილს წარბი გაუსკდა და ის როინ კვასხვაძემ შეცვალა. ხოლო ბუსკეტსმა თამაში განაგრძო.

ამის შემდეგ ესპანეთი უფრო გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობდა, თუმცა ჩვენი ნაკრები ეპიზოდურად მაინც ახერხებდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას და ცდილობდა სახიფათო მომენტის შექმნას.

"წარმოუდგენელი და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები განცდილი წაგებების შემდეგ საჭიროებდა ასეთ გამარჯვებას.

ეს გამარჯვება დიდ ძალას შეგვმატებს და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს. ის, რასაც დღეს ჩვენ მივაღწიეთ, დიდი სიხარულის მომტანია", - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კი განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა:

"პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით, ამიტომ მეორე ტაიმში თამაშის გამოსწორება მოედანზე ინიესტას გამოყვანით ვცადე, მაგრამ მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და სივრცეები არ დაგვიტოვა.

ევროპის ჩემპიონატის წინ გული არ უნდა დავიმწუხროთ. ეს ჩვენთვის, ერთგვარი, გამოწვევაცაა".

SportAll.Ge