"საგანგაშო წითელი შუქი ესპანეთის ნაკრებს საქართველომ აუნთო" - რას წერს უცხოური პრესა ქართველების გამარჯვებაზე?! - კვირის პალიტრა

"საგანგაშო წითელი შუქი ესპანეთის ნაკრებს საქართველომ აუნთო" - რას წერს უცხოური პრესა ქართველების გამარჯვებაზე?!

"მეორე ტაიმში თამაშის გამოსწორება მოედანზე ინიესტას გამოყვანით ვცადე"

მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში, ამ ქვეყნის ნაკრებთან ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლის წყალობით სენსაციურად დაამარცხა. (0-1) ესპანელთა მარცხს კი, უცხოური მედია საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა. ევროპის მოქმედი ჩემპიონების მისამართით კრიტიკას არ იშურებენ ისეთი ავტორიტეტული გამოცემები როგორებიც არიან: "Gazzetta Dello Sport " „Marca, Sefutbol“ და ა.შ. ხოლო L'Equipe -მა "წითელ ხარებს" "მშიშარა გუნდი" უწოდა.

იტალიური გამოცემა "Gazzetta Dello Sport " აღნიშნავს, რომ ესპანელები პირველ ნახევარს შეეწირნენ, გაშვებული გოლით კი ფრიად გაკვირვებულნი დარჩნენ. ესპანური Marca-ს თქმით, ეროვნული ნაკრების მარცხი საგანგაშო წითელი შუქი იყო ევრო 2016-ის დაწყებამდე, ასევე მათი თქმით, ფიფას რეიტინში 137-ე ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრებთან წაგება ესპანელების გეგმებში არ შედიოდა.

"საქართველომ ესპანეთის სტუმრად დამარცხებით პრესტიჟული გამარჯვება მოიპოვა", - დაწერა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი Sefutbol აცხადებს, რომ ესპანეთი თავის მზადებას საქართველოსთან მოულოდნელი დამარცხებით ასრულებს.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ესპანელთა დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემაც გააკეთა კომენტარი: "პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით, ამიტომ მეორე ტაიმში თამაშის გამოსწორება მოედანზე ინიესტას გამოყვანით ვცადე, მაგრამ მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და სივრცეები არ დაგვიტოვა.

ევროპის ჩემპიონატის წინ გული არ უნდა დავიმწუხროთ. ეს ჩვენთვის, ერთგვარი, გამოწვევაცაა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში 137-ე ადგილზე იმყოფება, ესპანეთი კი - მე-6-ზე.

აღსნიშნავია, რომ მატჩის პირველ ნახევარში, გაშვებული გოლის შემდეგ, ესპანელი გულშემატკივარი, ბარსელონას მცველ ხერარდ პიკეს უსტვენდა, რადგან მიიჩნიეს, რომ სწორედ მის სინდისზე იყო გაშვებული ბურთი. საკუთარი ნაკრების თამაშით გაწბილებულმა გულშემატკივარმა, შეხვედრის დასრულებამდე დაიწყო სტადიონის დატოვება.

მოამზადა გიორგი მოსაშვილმა