რუსეთს სანქციები დაუწესეს, თუმცა ახალი შეტაკების საფრთხე კვლავაც მაღალია - როგორ აპირებენ ინგლისელები რუსებზე შურისძიებას?! - კვირის პალიტრა

რუსეთს სანქციები დაუწესეს, თუმცა ახალი შეტაკების საფრთხე კვლავაც მაღალია - როგორ აპირებენ ინგლისელები რუსებზე შურისძიებას?!

ბრიტანეთის მთავრობამ საფრანგეთისკენ მიმავალი 3 000 გულშემატკივარი დაბლოკა

ვითარება ინგლისისა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ქალაქ მარსელში, ინგლისისა და რუსეთის ნაკრები გუნდების მატჩის დასრულების შემდეგ, ხელჩართულ დაპირისპირებისას უბედური შემთხვევა მოჰყვა. შეტაკების დროს 35-მდე ინგლისელი დაშავდა, დაიჭირეს 20 -მდე ადამიანი. დაიღუპა 51 წლის ინგლისელი გულშემატკივარი ენდრიუ ბეიკი. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობას სპეციალურად მომზადებული 150 რუსი ექსტრემისტი ფანი ედგა სათავეში.

ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფა) რუსეთის ნაკრები 150 000 ევროთი დააჯარიმა და ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე პირობითი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის თაობაზეც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური საიტი იუწყება.

14 ივნისს, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა პატრიკ კანერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ინგლისელი "ხულიგნები" დაბლოკა და ევროპის ჩემიპიონატზე საფრანგეთში არ გაუშვა.

"ჩვენმა ინგლისელმა მეგობრებმა 3 000 "ხულიგანი" დაბლოკეს და საფრანგეთში არ გამოუშვეს. ვთხოვთ რუსებს, რომ ანალოგიურად მოიქცნენ. მსგავს რადიკალურ დაჯგუფებებს პრობლემები მოაქვთ და მიხარია, რომ უეფა სანქციებს უკვე განიხილავს. არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ტურნირის წესების დარღვევას", - განაცხადა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბების,- "მანჩესტერ იუნაიტედის" , "ლივერპულის", "ვესტ ჰემისა" და "მანჩესტერ სიტის" 3 000 ინგლისელი გულშემატკივარი საფრანგეთისკენ მართლაც აპირებდა გამგზავრებას.

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ამ ორი გუნდის გულშემატკივარს შორის შეტაკების ალბათობა კვლავაც დიდია, ვინაიდან ოთხშაბათს რუსები და სლოვაკები -  ქალაქ ლილში, ხუთშაბათს კი ინგლისელები ქალაქ ლენსში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ამ ორ ქალაქს შორის მანძილი 34 კილომეტრია და შეშფოთების სერიოზული საფუძველი არსებობს. ამ მოსაზრებას BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამყარებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პოლიციამ რამდენიმე საათის წინ რუსი ფანების ავტობუსი გააჩერა და აპირებს ქვეყნიდან მათ დეპორტაციას.

მოამზადა გიორგი მოსაშვილმა