პროექტი ქართული კალათბურთის განვითარებისთვის თუ ამაოდ გადაყრილი მილიონები?! - საკალათბურთო სკანდალი არ ცხრება - კვირის პალიტრა

პროექტი ქართული კალათბურთის განვითარებისთვის თუ ამაოდ გადაყრილი მილიონები?! - საკალათბურთო სკანდალი არ ცხრება

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანეთის "სასკი ბასკონიას" შორის 2014 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ხუთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში 4 ივლისს ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში 16 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა. ეს მოზარდები ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა თბილისში ჩატარებულ რიგით მეორე კემპზე 23-28 მაისს შეარჩიეს. როგორც სკეფ-ში თქვეს, მათგან გამორჩეულებს სათამაშოდაც დაიტოვებენ ესპანეთში. პირველი შეკრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველოდან ვიტორიაში ჩავლენ ჟურნალისტებიც, რომლებიც კემპისა და ზოგადად, ფედერაციისა და "სასკი ბასკონიის" თანამშრომლობის ამბებს ქართველ გულშემატკივრებს ოპერატიულად მიაწვდიან. ამის მიზეზი კი პროექტის პირველი სეზონის შემდეგ დასმული კითხვები გახდა - ერთი წლის წინანდელმა კემპმა, თავად პროექტმა ხელშეკრულებითა და დღემდე დახარჯული სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებით, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სკეფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გამგეობის წევრმა კახა შენგელიამ ფედერაცია სახელმწიფოს თანხების უმიზნოდ ხარჯვაში დაადანაშაულა და გამგეობის სხდომა კიდევ ერთ წევრთან - თემურ დათიკაშვილთან ერთად დატოვა. კახა შენგელია ვიცე-პრეზიდენტობიდან გაათავისუფლეს. მან თავისი არგუმენტების საზოგადოებისთვის გასაცნობად რამდენიმე პრესკონფერენცია მოაწყო, ცხადია, საპასუხო არგუმენტები აქვს ფედერაციასაც.

კახა შენგელია:

- 2015 წლის 18 თებერვალს იმხანად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ბატონ ლევან ყიფიანს ფედერაციიდან მისი პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის ხელმოწერით გაუგზავნეს. იქ ახსნილია სათანამშრომლოდ "სასკი ბასკონიას" არჩევის მიზეზი: რომ ის წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულ საკალათბურთო კლუბს, რომელსაც შემუშავებული აქვს სპეციალური საკალათბურთო სისტემა, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარგზავნილი პერსპექტიული მოთამაშეების პროფესიონალებად აღზრდას და მსოფლიოს წამყვან კლუბებში ინტეგრირებას. დაკონკრეტებულია, რომ: "...ყოველწლიურად ჩატარდება სპეციალური საწვრთნელი შეკრებები, სადაც მონაწილეობას მიიღებს 160 მოზარდი, "სასკი ბასკონიის" სპეციალისტების მიერ შერჩეული იქნება მინიმუმ საუკეთესო 20 ბავშვი (თითო ასაკობრივ ჯგუფში 5), 3 მწვრთნელი, რომლებიც გააგრძელებენ თავიანთ წვრთნას კლუბის საწვრთნელ ბაზებზე, სადაც მათთან ერთად ივარჯიშებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 250 ბავშვი. უზრუნველყოფილი იქნება მათი სწავლა, კვება, დაბინავება, ეკიპირება და ა.შ. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მიმართული იქნება მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიცირებული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისთვის..." - ამას დღესაც ვეთანხმები, მაგრამ ამის შემდეგ კონტრაქტმა უჩემოდ განიცადა ტრანსფორმაცია, რაზეც დამატებით მოგახსენებთ.

2 წლის დაფინანსება, ფაქტობრივად, გადარიცხულია - 745 ათასი ევრო ანუ 1.912.742 ლარი სპორტის სამინისტროდან წაიღეს და 200 ათასი ევრო - ფედერაციიდან, ზუსტად არ ვიცი რა გადათამაშებით, რადგან ამ ინფორმაციაზე წვდომა არ მაქვს. ამის მიხედვით, დღეს ესპანეთში უკვე უნდა გვყავდეს მინიმუმ 10 ბავშვი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან და მინიმუმ 3 მწვრთნელი. სინამდვილეში რა მოცემულობაა? - ახლახან წასული 16 ბავშვი, რომლებსაც ჯერ არ ვიცით, რა ბედი ეწევათ. როდესაც მე გახლდით ესპანეთში, კონტრაქტით 500 ათას ევროზე იყო ლაპარაკი. ყიფიანისადმი მიწერილ წერილში ისიც წერია, რომ "...ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მიმართული იქნება მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიცირებული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისთვის..." - ეს იყო სუფთა ქართული პროექტი, რაც ხელშეკრულების თავი და თავი გახდა...

აქვე ვკითხულობთ, რომ: "პროექტით გათვალისწინებულია ქართველი მწვრთნელების გადამზადება და ახალი მწვრთნელებისთვის პერსპექტივების შექმნა, რათა მათ შეძლონ აიმაღლონ კვალიფიკაცია "სასკი ბასკონიის" სამწვრთნელ ჯგუფთან მუშაობის გზით..." - ესეც არ შეუსრულებიათ - არც ერთი მწვრთნელი არ წასულა ესპანეთში. არადა, იქ უნდა მომხდარიყო ინტეგრირებაც და ჩართვაც კლუბის საწვრთნელ სტრუქტურებში. ეგ კი არა, საგაზაფხულო კემპზე, სადაც ბავშვები ჰყავდათ, ერთი ქართველი მწვრთნელიც არ გაუყოლებიათ...

კიდევ ერთი, წერილში წერია, რომ ამ ხელშეკრულებით სკეფ-ს უფლება ეძლევა, საუკეთესო სპორტსმენების სხვადასხვა კლუბებში მივლინების შემთხვევაში, მიიღოს ანაზღაურება, რაც მისივე წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებასა და ქვეყანაში ახალი პროექტების დანერგვას შეუწყობს ხელს. აქ იგულისხმება, რომ უცხოელი ბავშვების შემთხვევაში 30%-ს მივიღებთ, ქართველი ბავშვების შემთხვევაში - 50%-ს. მაგრამ ესეც არასწორია, ამაზე ჩემი იქ ყოფნისას დეტალურად არ ყოფილა ლაპარაკი. ვისაც უნდა, არ გაიგებს, მაგრამ ეს ყბადაღებული თემა რომ მოვხსნათ, განვმარტავ: როდესაც მეც გახლდით ესპანეთში, "სასკი ბასკონიასთან" მოლაპარაკებებზე, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი, მერე ფედერაციის წარმომადგენლები წავიდნენ, გააფორმეს კონტრაქტის დამატება, მერე, 2016 წელს, თითქოსდა - დაზღვევაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონტრაქტმა განიცადა ცვლილებები. მასში წერია, რომ თუ 10 წლის შემდეგ, 2024 წლის 31 დეკემბერს სკეფ-ს ტრანსფერების თანხა არ ექნება მიღებული, ფედერაციას პროგრამით გადახდილ 1.500.000 ევროს უკან დაუბრუნებენ. ამის შემდეგ, სპორტის სამინისტროსგან ჯერ 720 ათასი ლარის გადარიცხვა ითხოვეს და 2015 წლის 20 თებერვალს ლევან ყიფიანისადმი მიწერილ წერილში დააფიქსირეს, რომ იმ თანხით არსებული კურსის მიხედვით შეიძინეს 289.738.40 ევრო, როგორც ჩანს, კურსის ცვლილების გამო, ფული დააკლდათ და 10.261.60 ევროს შესაძენად ითხოვეს 27.706.32 ლარის გამოყოფა. ამით 300.000 ევრო უნდა შეესრულებინათ. 2015 წლის 8 ივლისს კიდევ ერთი თანხაა გადარიცხული - 96.592 ევრო ანუ 260.800 ლარი. ხოლო ბასკონიიდან ჩამოსულების პირველი სეზონის კემპისთვის კი 2015 წელს ჯერ 37.200 ევრო ანუ 94.534 ლარი, შემდეგ - 9.900 ევრო ანუ 24.743 ლარია დახარჯული. ყოველ სეზონში 300.000 ევრო კი არ ჯდება ეს პროექტი, არამედ - 500.000 ევრო ანუ კონტრაქტის ფორმაში, რომელიც მე მაქვს, წერია, რომ პროექტი ხუთწლიანია (მაჩვენებს კონტრაქტს - ი.ხ.) და მასში ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში უნდა გადავიხადოთ 2 მილიონ-ნახევარი ლარი. ეს კონტრაქტი ფედერაციამაც გაავრცელა უკვე, მაგრამ მას აქვს უარესი გაგრძელება. ვიცოდი, რომ ყოველ სპორტულ სეზონში ანუ ყოველ 10 თვეში გადასახდელი იყო ნახევარი მილიონი ევრო, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია ფედერაციის გენერალური მდივნის, გიორგი ქართველიშვილის საგაზეთო ინტერვიუმ 22 მაისის გაზეთ "ლელოში", სადაც ამბობს: "2008 წელს მეგობრებთან ერთად ქართულ-ბასკური საზოგადოება დავაფუძნე და მჭიდრო კავშირი დავამყარე ბასკებთან. გავიცანით ბანკ "კუჩა ლაბორალის" დამფუძნებელი ხოსე კერახეტა, რომელსაც ამავე დროს საკალათბურთო კლუბი "ბასკონია" ეკუთვნის"... ეს ნათქვამი მაფიქრებინებს, რომ ამ კლუბთან ფედერაციის კონტრაქტი არის ძმაკაცურ-ძმაბიჭურად გაფორმებული. ასე არ ვიტყოდი, თუკი დღეს, როგორც თავიდან იყო ნათქვამი, ორ სეზონზე 10 ბავშვი და 3 მწვრთნელი გვეყოლებოდა ესპანეთში გაგზავნილი და აკადემიაგავლილი...

საეჭვოდ მეჩვენა, რომ საგაზეთო ინტერვიუში 200.000 ევრო "გააქრეს". კონტრაქტით თანხა ასეა დიფერენცირებული: 300.000 ევრო უნდა მოხმარდეს მოთამაშეთა მომზადებას, 200.000 ევრო - ტექნიკურ თანამშრომლობას. ეს პატარა თანხა არ არის და ამიტომ გავაპროტესტე: თუ ვხარჯავთ მიზანმიმართულად თანხას, გავამყაროთ ინფორმაციით, რომ მართლაც წავიდნენ ეს ბავშვები-მეთქი. ჩემთვის ისიც მიუღებელია, რომ ქართველი ბავშვი უცხოელებთან არათანაბარ პირობებში არიან: კლუბი უცხოელისგან იღებს 70%-ს, საქართველოს აძლევს 30%-ს, ხოლო ქართველი ბავშვისგან იღებს 50%-ს და საქართველოსაც აძლევს - 50-%-ს. უკვე წამგებიან პოზიციაში ვართ იმიტომ, რომ უცხოელი, ვინც გაზარდა ის ბავშვი, დაინტერესებული იქნება გაყიდოს მოთამაშე, რომლისგანაც 70%-ს მოელის.

ხელში ჩამივარდა წერილი, სადაც მიხეილ გაბრიჩიძე წერს დღევანდელ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, ჩვენი ხელშეკრულებით გრანტი მიიღო ესპანეთის კლუბის 9 უცხოელმა მოთამაშემ (გვარები ჩამოთვლილია), რომელიც ხვალ-ზეგ უნდა გაიყიდოს და საიდანაც ფედერაცია 30%-იან შემოსავალს ელოდებაო.

ფედერაციას სკაუტინგის უფლება არ აქვს, მან არ უნდა შეარჩიოს ბავშვები, არ უნდა წაიყვანოს. ამისთვის არსებობენ აგენტები. გარდა ამისა, ფედერაციის ხელმძღვანელობამ ახლანდელ სპორტის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ 6 NBA-ის და 14 ACB–ის მოთამაშე და ა.შ. და ასე თუ გაგრძელდა, 3 წელიწადში 4 მილიონს მოგებას მივიღებთ, გვეყოლება 2 NBA-ის მოთამაშე და 10 ევროლიგის მოთამაშეო. ეს იცით, როგორი ტყუილია? სულ საქართველოში 3 ათასი მოთამაშე გვყავს და ასეთი შედეგის საკალათბურთო რესურსი არც გაგვაჩნია.

- საქართველოში მოწყობილი პირველი კემპიდან ესპანელებს არავინ წაუყვანიათ?

- შარშან 10-12 კაცი ჩამოვიდა, წაიყვანეს 16 ბავშვი და მალევე ყველა უკან დააბრუნეს. 3 ბავშვი კი - ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე ფედერაციამ საკუთარ თავზე მიიწერა, ჩვენი გრანტით წავიდნენო და თითოეული 30 ათას ევროდ შეაფასა. გიორგი ქართველიშვილმა ეს ფედერაციის გამგეობის სხდომაზეც თქვა. არადა, ლუკა "ბასკონიამდე" კანარებზე თამაშობდა, მე გავაცანი ესპანელებს, მამამისი თარჯიმანთან ერთად ესაუბრა და მოელაპარაკა მათ. მე საუბარს არ დავსწრებივარ. ეს ბავშვი საკუთარმა მამამ დააფინანსა - არსებობს ესპანეთიდან გამოგზავნილი ინვოისი, რომ ამ ბავშვის მომზადება ჯდებოდა 17.000 ევრო და ამას ემატებოდა იქ ცხოვრების, კვების და ა.შ. ხარჯები. მამამისის გადარიცხული თანხის საბუთიც გვაქვს და თავადაც განაცხადა; ნიკა ჩასული იყო 2 თვით და ისეთი საშინელი პირობები დახვდა, ესპანეთის ხსენებაც აღარ უნდა, ასევე ძალიან მალე დაბრუნდა უკან გიორგიც. გამოდის, რომ ჩვენ, ქართველებმა გადავიხადეთ ასეთი თანხა და ამ თანხით არავინ მომზადებულა!

მაშინ რაში დაიხარჯა ამდენი ფული, ქართველი მოზარდებიდან რატომ არავინ დაიტოვეს ესპანელებმა, რატომ არ წაიყვანეს მწვრთნელები? - დავინტერესდით, ამ ბრალდებებსა და ეჭვებს რა არგუმენტებს შეაგებებდა სკეფ-ის პრეზიდენტი ბატონი მიხეილ გაბრიჩიძე.

მიხეილ გაბრიჩიძე:

- ძალიან არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. ჯერ ერთი, სხვა სკოლებში ფული უნდა გადაგვეხადა, "სასკი ბასკონიამ" კი ძალიან კარგი პირობა შემოგვთავაზა თანამონაწილეობს სახით. ჩვენ ერთ მოთამაშეშიც არ ვიხდით ფულს. ხარჯი მაშინ გვექნებოდა, თუკი თავად მოვამზადებდით, შევარჩევდით და გავუშვებდით "სასკი ბასკონიას" სკოლაში ბავშვებს, რადგან გადახდილი თანხა უკან არ დაგვიბრუნდებოდა. თანაც, ან დაიტოვებდნენ, ან- არა. ამიტომ ასეთი სქემა შევიმუშავეთ: გავაფორმეთ "სასკი ბასკონიასთან" 5-წლიანი კონტრაქტი, მათ კი 30%-იანი თანამონაწილეობა შემოგვთავაზეს ანუ ჩვენ მათ ყოველწლიურად ვურიცხავთ 300.000 ევროს, ხოლო 5 წლის გასვლის შემდეგ მოთამაშეები კონტრაქტს დებენ "სასკი ბასკონიასთან", შესაბამისად, სკოლას მათგან საუკეთესოების ტრანსფერის უფლებაც აქვს და იქიდან შემოსავლის მიღებისაც. ჩვენ გვეუბნებიან, ამ ოპერირების შემდეგ (აქ ქართველი ბავშვიც იქნება და უცხოელიც), უკვე შემოსავალიც უნდა მივიღოთ. თუკი ტრანსფერებიდან გადარიცხული თანხიდან ფული არ დაგვიბრუნდა, კლუბი "სასკი ბასკონია" იღებს ვალდებულებას, ეს თანხა დაფაროს. ამას ამყარებს ოფიციალური დოკუმენტი - ფინანსური გარანტია, რომელიც ერთვის კონტრაქტს. შემოსული თანხები კი გაუნაწილდება საქართველოს კლუბებს, სადაც ეს ბავშვები აღიზარდნენ...

რაც შეეხება კითხვებს, რაც პირველმა სეზონმა გააჩინა. რატომ არ დაიტოვეს ბავშვები ესპანეთში? ესე იგი, ჩვენი კლუბები არ მუშაობენ წესიერად. ესპანეთში წაყვანილი 16 ქართველი ბავშვიდან სკაუტებმა მხოლოდ 4 შეარჩიეს. რეალურად კი დარჩა ორი - გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე, ორი კი გამოუშვეს, რადგან პატარები იყვნენ და ფსიქოლოგებმა თქვეს, ადაპტაციის პრობლემა აქვთო. რაც შეეხება ლუკა ბულაშვილის თემას, ის აქაურ კემპზეც არ ყოფილა, კახა შენგელიამ დააკავშირა "სასკი ბასკონიასთან", ჩვენთვის არც მოუმართავს და ჩვენ როგორ დავაფინანსებდით? საკუთარი ხელშეკრულებითა და ფინანსებით წავიდა. სხვათა შორის, "ბასკონიამ" ამ ამბებზე საპასუხო წერილიც დაწერა. ინტერნეტშიც დევს ეს წერილი.

- თქვენ ხომ დაასახელეთ ბულაშვილი გრანტით გაგზავნილ ბავშვებს შორის?

- არა, მაგას როგორ ვიკადრებდით, როგორ დავასახელებდით! არ ყოფილა და... უბრალოდ, რომ იკითხეს, რამდენი ქართველი ბავშვია "ბასკონიაშიო", ითქვა სამი, და ასეც იყო, მაგრამ ჩვენი გრანტით მხოლოდ ორი წავიდა. მათგან უკვე იქ მყოფ დარბაიძეს გრძელვადიანი ვიზის პრობლემა შეექმნა, არ ვიცი, რა მიზეზით, ამიტომ უკან დაბრუნდა, მაგრამ, დაახლოებით, თვე-ნახევარში კვლავ გაემგზავრა. ალბათ საერთოდაც ვერ აიღებდა ამ ვიზას, "ბასკონიას" ხელი რომ არ შეეწყო...

- კვლავ თანხებს დავუბრუნდეთ. 300.000 ევრო გასაგებია, მაგრამ რას მოხმარდა მის შემდეგ გადარიცხული 96.592 ევრო?

- ეს მოხმარდა 160-კაციან კემპს საქართველოში, 16-კაციან კემპს ესპანეთში, კვლევას - 3-ტომიან ანგარიშს, რას წარმოადგენს ეს 160 ადამიანი, რა შეუძლია, როგორ გაიზრდება და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ გაჩვენებთ, რადგან კონფედენციალური ინფორმაციაა, სუპერლიგის სრულფასოვან შესწავლას, თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და სხვ. რაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელებისა და საქართველოში კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს... როგორც გითხარით, ის 300.000 ევრო ხარჯი არ არის, მაგრამ ეს თანხა ნამდვილად ხარჯია. ეს არის ხელშეკრულების მეორე ნაწილი - ტექნიკური თანამშრომლობა: თუკი ესპანელების მომსახურება დაგვჭირდება, შესაბამისი თანხა უნდა გადავიხადოთ. 200.000 ევრო არის მაქსიმალური თანხა, რომელსაც არ უნდა გადავაჭარბოთ. აქედან დაიხარჯება იმის მიხედვით, რასაც მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, ამიტომ ეს შეიძლება იყოს 20.000-იც, 90.000-იც და ნულიც. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები 2 მილიონ-ნახევარს ასახელებენ, ამდენი ნამდვილად არ გამოვა. ვფიქრობ, წელს უფრო ნაკლები ხარჯი გვექნება, რადგან აქაურ კემპში 60 ბავშვი მონაწილეობდა. რომ გვადანაშაულებენ, რატომ გავაცხადეთ, 20 ბავშვი გაემგზავრება ყოველწლიურად-თქო, მივხვდით, რომ იმ 200.000 ევროში ანუ უკვე მართლაც ხარჯში შევიდოდა მათი იქ გაგზავნა, ამიტომ თავად ესპანელებმა გვირჩიეს, ფუჭი ხარჯი გექნებათო. მით უფრო, რომ თუნდაც 160 ბავშვიდან, სამწუხაროდ, ნახევარზე მეტს ელემენტარული ტექნიკის პრობლემა ჰქონდა.

- რამდენი მწვრთნელი გაგზავნეთ?

- პირველ სეზონზე ერთიც არ გაიგზავნა, რადგან უცხო ენა არც ერთმა არ იცოდა და რომ შევთავაზეთ, შეგვიძლია წინასწარ უცხო ენაშიც მოგამზადოთ-თქო, უარი გვითხრეს. ჩვენ ხომ ვერ დავაძალებდით?

- აქაურ კემპებშიც ხომ არ გაგიგზავნიათ ქართველი მწვრთნელები, აქ მონაწილეობაზეც უარი თქვეს?

- აქ როგორ არ მონაწილეობდნენ! შარშან იყვნენ: თემურ კანკია, ალექსი ჯაფარიძე, მამუკა ტურაშვილი, არჩილ ჟღენტი, ირაკლი მაისურაძე, ირაკლი ტომარაძე. წელს კანკია და ჯაფარიძე კვლავ მოვიდნენ, ასევე, იყვნენ ჯაბა ბაქრაძე და დიმიტრი ჯაკობოვი. მაგრამ ეს მწვრთნელები ესპანეთში არ წავიდოდნენ, რადგან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელები არიან. თუმცა წელს, მგონი, ირაკლი მაისურაძესა და კიდევ ერთ მწვრთნელს უნდა წასვლა ესპანეთში და წავლენ კიდეც.

- 9 უცხოელი მოთამაშე, რომელთა გვარები სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, როგორღა დაფინანსდა ქართული გრანტით? ვინ არის ეს ხალხი?

- კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არავის ვაფინანსებთ, ჩვენ ვართ ამ სკოლის 30-პროცენტიანი წილით თანამონაწილეები. როგორც ჩვენთან აქვს "სასკი ბასკონიას" ხელშეკრულება გაფორმებული, ასევე აქვს სხვა ქვეყნებთან და ესპანელ სკაუტებს ისინიც ჩაჰყავთ თავისთან. ამ მოთამაშეების ტრანსფერით როგორც ესპანური კლუბი იღებს წილს, ასევე ვიღებთ ჩვენც, მხოლოდ ქართველი მოთამაშეებიდან - 50% ესპანელებისაა, 50% - ჩვენი, ხოლო მათივე ჩაყვანილი უცხოელებიდან 70% არის ესპანელების, 30% - ჩვენი. ეს ყველაფერი სკეფ-ისა და "სასკო ბასკონიის" ხელშეკრულებაში წერია!

ოფიციალური დოკუმენტების დეტალურად შესწავლა ჩვენი პუბლიკაციის პრეროგატივა ვერაფრით იქნება, ამიტომ ვიმედოვნებთ, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ორივე მხარის არგუმენტებით და საბოლოოდ დაადგენენ სიმართლეს, რათა კონკრეტული პირების, გულშემატკივრებისა თუ საზოგადოების ყველა კითხვას უპასუხონ.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)