"ფესტივალის გახსნაზე დასწრება თავისუფალია და ყველას შეუძლია გვესტუმროს" - კვირის პალიტრა

"ფესტივალის გახსნაზე დასწრება თავისუფალია და ყველას შეუძლია გვესტუმროს"

17 ივლისამდე "სპორტის დედოფლის" "სატახტო ქალაქი" თბილისი იქნება. ხუთშაბათიდან ოთხი დღის განმავლობაში, დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელშიც 49 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, თბილისი კიდევ ერთ მასშტაბურ სპორტულ ფორუმს მასპინძლობს და თუ ამ გამოწვევასაც შარშანდელივით წარმატებით გაუმკლავდება, დიდი შანსია, ახალგაზრდულ ასაკს აღარ დაგვაჯერონ და ევროპის 2020 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც დავიმსახუროთ! "თბილისი-2016"-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი დღეს, "ახალი თბილისის" სტადიონზე გაიმართება და სიმბოლურ დროს - 20:16 საათზე დაიწყება. ამ თემაზე საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ალექსი ახვლედიანს ვესაუბრეთ:

- ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების უმეტესობას ნამუშევარი აქვს "თბილისი-2015"-ის სტაფში. შესაბამისად, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციამ იცის, ვისთან აქვს საქმე და შენიშვნები არ ჰქონია. ჩემპიონატის ყველა სტუმარი - სპორტული დელეგაციების 1324 წევრი, ასევე, ტექნიკური პერსონალი და დელეგატები უკვე თბილისში არიან. მთლიანობაში - 1500-მდე სტუმარი გვყავს, რაც ადასტურებს, რომ თბილისში გამართული ყველა ღონისძიება დიდ ინტერესს იწვევს.

- თუ "თბილისი-2015"-ის მსგავსად მასშტაბური არაა, წლევანდელი ტურნირის ოფიციალური გახსნა არანაკლებ საინტერესო მაინც ხომ იქნება?

- სტუმრებს კარგ სანახაობას ვპირდებით. იქნება ტრადიციული აღლუმი, შოუს ელემენტებით გაჯერებული მუსიკალური ნომრები და ა.შ. ტურნირის გახსნის ცერემონიალი 13 ივლისს, სიმბოლურ დროს - 20:16 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გვესტუმროს აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე მდებარე სტადიონზე. საშეჯიბრო პროგრამა 14 ივლისს, დილიდან დაიწყება. ტურნირის მონაწილეთა შორის 12 ქართველი ახალგაზრდაც არის. უნდა ვისარგებლოთ შინაური კედლებით და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მედალს, მათ შორის - ოქროსაც მოვიპოვებთ.

- 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლეთ, წელს - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს... ზრდასრულთა ტურნირებზე როდის გადავალთ?

- გაისად, თბილისში მძლეოსნობაში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, 2018 წელს - ევროპის ჩემპიონატი ტყორცნებში. ამ წლის ნოემბერში კი გაირკვევა უფროსებს შორის მძლეოსნობაში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქი. ბრძოლას თბილისი და პარიზი შემორჩნენ და იმედი გვაქვს, ამ მასშტაბის გამარჯვებასაც დავიმსახურებთ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური და ფინანსური თვალსაზრისითაც მაღალბიუჯეტიანი (20-25 მილიონი ევრო) ტურნირია. ასე რომ, არასწორია მოსაზრება, თითქოს სპორტი სახელმწიფოსთვის მხოლოდ დოტაციურია და არ შეიძლება, ფინანსურადაც მომგებიანი იყოს.

- ამ მასშტაბის ტურნირის მასპინძლის არჩევისას, საერთაშორისო ფედერაცია "ტრადიციულ", გამოცდილ ქვეყნებს ანიჭებს უპირატესობას, თუ ახალი ქალაქების "ათვისებას"?

- ევროპის მძლეოსნობის ფედერაციისთვის სარისკოა დიდი ტურნირების გამართვა რეგიონებში, სადაც გამოცდილება ნაკლებია. მაგრამ სახეობის პოპულარობის და გეოგრაფიის გაზრდის მიზნით, უპირატესობას მაინც ჩვენისთანა ქვეყნებს ანიჭებენ.

- რამდენიმე კვირში დაიწყება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები, სადაც ქართველი მძლეოსნებიც იასპარეზებენ. რას ელით მათგან?

- საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დევიზია - უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე. 2012 წლამდე, ოლიმპიადაზე ერთ მძლეოსანზე მეტს ვერ ვგზავნიდით. ლონდონში ოთხმა ქართველმა მძლეოსანმა იასპარეზა, რიოში ხუთი იქნება და ვფიქრობ, წლევანდელი ოლიმპიადა ქართველი მძლეოსნებისთვის ყველაზე შედეგიანი იქნება! წლევანდელი ოლიმპიადა ისტორიულია, რადგან პირველად გვეყოლება მარათონელი, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და შედეგიან ოლიმპიადას ტოკიოში, 2020 წელს ველი - ახალგაზრდა თაობა და მათი შედეგები მაძლევს უფლებას, ვივარაუდო, რომ მძლეოსნობას მინიმუმ ათი წარმომადგენელი ეყოლება ოლიმპიადაზე და მხოლოდ მონაწილეობით არ დაკმაყოფილდებიან!

- გვერდს ვერ ავუვლით თემას, რომელიც, ბოლო თვეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ლაპარაკია მძლეოსნობის ახალი სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულების თანახმად, სტადიონის გამოყენებას მძლეოსნობის ფედერაციაც შეძლებს...

- შეიძლება, ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი მძლეოსნობის არენა სხვა სახეობას გადაეცეს?! საქართველოში არსებული სამოცზე მეტი სარბენი ბილიკიდან ერთიც აღარ იყო დარჩენილი. როგორც იქნა, "დინამოს" სტადიონზე აღვადგინეთ ბილიკი, სერტიფიცირებაც გავატარეთ, მაგრამ მალევე, სტადიონი კერძო კლუბს გადაეცა... ახლა, მძლეოსნობის ფედერაციის აშენებული ამ არენის გარეშეც უნდა დაგვტოვონ?! აშენება-დამშვენებაში დიდი გამოცდილება გვაქვს და თუ სხვა სახეობებს მშენებლები სჭირდებათ, ავუშენებთ, ოღონდ, მძლეოსნობის ერთი ბილიკი მაინც შეგვარჩინონ (იცინის).

- საკითხი უკვე გადაწყვეტილია?

- ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო და არ მგონია მოხდეს, ამიტომაც გაჭიანურდა... ორ წელიწადზე მეტხანს ვიბრძოლე, "დინამოზე" ბილიკის დასაგები თანხა რომ მეშოვნა. დავაგეთ და... სამ თვეში, სტადიონი სხვას გადასცეს. გახსნიდან რვა თვეში - ამას გვართმევენ. მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს სპორტის რამდენიმე სახეობის თანაცხოვრების მაგალითებიო. როცა რამდენიმე ბილიკია, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არ გამოვა! მძლეოსნობის სტადიონის მორწყვა დასხურებით ხდება და არც მაღალი დონის ბალახია აუცილებელი, საფეხბურთო საფარს კი მორწყვაც სხვაგვარი სჭირდება, ბალახიც და მოვლაც. ბირთვის, უროს, შუბის, ტყორცნის შედეგად, ორმოები ჩნდება და ბალახიც ფუჭდება. ბალახის მოსავლელი სპეციალური ტექნიკა ბილიკს აფუჭებს და ა.შ. გარდა ამისა, მძლეოსნობის ტურნირებიც მაის-ივნისში იმართება და ფეხბურთის მატჩებიც - როგორ წარმოგიდგენიათ, საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას, მძლეოსანმა იქვე რომ ტყორცნოს შუბი ან ურო?! სახელმწიფოს არც კომუნალური გადასახადების ფულს ვთხოვთ და არც ტექნიკური პერსონალის ხელფასს, ამას თავად მოვუვლით - მძლეოსნებს მძლეოსნობის სტადიონი დაგვიტოვონ. დაგვიტოვონ და გვაკონტროლონ!

რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)