კახელი სპორტსმენის ამერიკული წარმატება - კვირის პალიტრა

კახელი სპორტსმენის ამერიკული წარმატება

ოკეანის გადაღმა ბევრი ქართველი ცხოვრობს. მათ დღეს ემიგრანტები ჰქვიათ და სხვა ქვეყანაში საკუთარ ფესვებს შენარჩუნებას ცდილობენ. ორი წელი ხდება, რაც ამერიკული ოცნების ასახდენად ნიუ-იორკში ჩასულმა სპორტსმენმა, გიორგი ნათათრალიშვილმა, უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია და ბევრი გამარჯვება და ჯილდო მოიპოვა. ეს ყველაფერი კი დაუღალავი შრომისა და ვარჯიშის შედეგია. ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, მსოლფიო ჩემპიონატზე გამოსვლა და ოლიმპიადზე ასპარეზობა. ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველ სპორტმენს ,,კვირის პალიტრა" ესაუბრა.

ყველაფრი 13 წლის წინ, ცხრა წლის ასაკში მაშინ დაიწყო, როცა დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში დაბადებული ბიჭუნა, მშობლებმა მეზობელ სოფელში, არხილოსკალოში არსებულ ძიუდოს კლუბში შეიყვანეს.

გიორგი ნათათრალაშვილი:

- ჩემი პირველი მწვრთნელი კახა წიკლაური იყო, მისი დამსახურებაა ასე რომ შევიყვარე ძიუდო. მე და ჩემი თანაგუნდელები მალევე გავხდით რაიონისა და რეგიონალური ტრადიციული ტურნირების გამარჯვებულები. მერე ჩემი და ჩემი ძმის პროფესიული წინსვლისათვის ოჯახმა გადაწყვიტა რაიონიდან თბილისში გადმოსულიყო საცხოვრებლად. მარჯანიშვილზე ძიუდოს კლუბ ,,შევარდებში" ვვარჯიშობდით. მოგებული მაქვს კლუბის ღია პირველობაზე გამართული შეჯიბრებების ღია ჩემპიონატი ჭაბუკებში, ასევე 2008 წელს, თბილისის მერიის თასი. 2009 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში, ასევე საერთაშორისო და სარეიტინგო ტურნირების პრიზიორ-ჩემპიონი ვარ, ვჭიდაობდი ქართულს, ძიუდოს და სამბოსაც. 2012 წელს გავხდი გერმანიის და საბერძნეთის ევროპის თასის ტურნირების პრიზიორი. 2012 წელს კი საქართველოს ჩემპიონი გავხდი. იმავე წელს სამბოს მსოფლიო ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავე...

- ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა რატომ გადაწყვიტე?

- აქ, ჩემი სპორტული კარიერის გასაგრძელებლად ჩამოვედი. ბრუკლინში დეიდაჩემი ცხოვრობს და მისი წყალობით გავიგეთ რომ არსებობდა ,,ქართული ჭიდაობის კლუბი"- დავით ფრანგიშვილისა და ზეზვა ებელაშვილის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ჩამოვედი და დავიწყე ვარჯიში. რაც აქ ვარ, ვმონაწილეობ ყველა შეჯიბრში, რისი უფლებაც მაქვს. 6-ჯერ გავხდი სხვადასხვა ტურნირების ჩემპიონი. მიღწეული წარმატებების შემდეგ გასულ წელს, ფესტივალზე ,,ჩვენებურები ამერიკაში" დაგვაჯილდოვეს როგორც წარმატებული სპორტსმენები და კლუბი. სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ შეჯიბრზე ამერიკის ტიტულოვანმა სპორტსმენებმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კაილა ჰარისონმა და მსოფლიო პრიზიორმა ტრევის სტივენმა დამაჯილდოვეს.

- იმის გარდა, რომ ვარჯიშობ და უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიე, როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?

- ვსწავლობ კოლეჯში, თავისუფალ დროს ვმუშაობ განათების კომპანიაში. ჩვენს კლუბშიც ვეხმარები მწვრთნელებს პატარა სპორტსმენების ვარჯიშში. ამერიკა ის ქვეყანაა თუ არ დაგეზარება შრომა, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. მჯერა, რომ მართლა შეიძლება ოცნებების ახდენა. ჩემი დიდი სურვილი და მიზანია გამოვიდე მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე და საქართველოც ვასახელო და ამერიკაც. აქ ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი მენატრება.

თორნიკე ყაჯრიშვილი